ევროპული საქართველო

ბინის გამქირავებლისთვის მიკრო მეწარმის სტატუსის მინიჭებას კომიტეტმა მხარი დაუჭირა

დღეს, 28 იანვარს ეკონომიკის საპარლამენტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა "ევროპული საქართველოს" კანონპროექტს, რომელიც ბინის გამქირავებლისთვის მიკრო მეწარმის სტატუსის მინიჭებას ისახავს მიზნად. 

კანონპროექტის მიხედვით, ბინის ყველა ის გამქირავებელი, რომლის წლიური შემოსავალიც ბინის გაქირავებიდან 30 000 ლარს არ აღემატება, 5%-იანი გადასახადიდან უნდა გათავისუფლდეს. 

"კანონპროექტის არგუმენტაცია ასეთია: ეს ადამიანები არ ეწევიან კომერციას. ისინი ინახავენ თავს ბინის გაქირავებით, მათ თავი გააქვთ ამ საყოველთაო გაჭირვებაში. შესაბამისად, მთავრობა რაც უფრო ნაკლებად შეეხება მათ ჯიბეს, მით უფრო მარტივად იცხოვრებს ეს ხალხი,"- ამბობს კანონპროექტის ავტორი, დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ჭიაბერაშვილის თქმით, საპარლამენტო უმცირესობაში ასევე მიიჩნევენ, რომ სემეკმა გაქირავებულ ბინებში კომუნალური ტარიფები სამომხმარებლო დონეზე უნდა დატოვოს და კომერციულზე არ გადაიყვანას. 

გასულ წელს "ევროპულმა საქართველომ" ბინის არასაცხოვრებელ ფართად გაქირავების 20%-იანი დაბეგვრის 5%-იან ზღვარზე ჩამოყვანა სცადა, თუმცა "ქართულმა ოცნებამ" ეს კანონპროექტი ჩააგდო. 

"დღეს უმრავლესობის ცალკეული წევრები თავადაც ამბობენ, რომ ეს ცვლილება აუცილებლად გასაკეთებელია,"- ამბობს ჭიაბერაშვილი.

კომენტარები