უზენაესი სასამართლო

ჯანეზაშვილი: დადასტურდა, გავლენიან მოსამართლეებს ერთმანეთთან არაფორმალური ურთიერთობა აქვთ

კომერსანტი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, ტაბულას მიერ გუშინ გავრცელებული ფოტოები, რომლებზეც გავლენიანი მოსამართლეები დეპუტატს ხვდებიან, კლანის არსებობას ადასტურებს.

"გუშინ ჩატარდა გასაუბრება გიორგი მიქაუტაძესთან (თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი), რომელსაც უნდა, რომ უვადოდ გადაინიშნოს. ამ გასაუბრებაზე კიდევ ერთხელ დაისვა შეკითხვა, რამე არაფორმალური ურთიერთობა ხო არ აქვს მას მიხეილ ჩინჩალაძესთან. მან თქვა, ჩვეულებრივი კოლეგიური, მეგობრული ურთიერთობა მაქვსო. ისეთ კონტექსტში საუბრობდა, როგორც ვთქვათ, სხვა მოსამართლეებთან ურთიერთობაზე.

მაგრამ ეს ჩემთვის დამაჯერებელი არ იყო, ვინაიდან ცხადია, რომ ისინი სისტემაში ძალიან დაახლოებული პირები არიან, რომლებიც ერთად მართავენ კლანს. ამ ფოტოებით დადასტურდა, რომ ის გასაუბრებაზე ყველაფერს არ ამბობდა. ეს ფოტოები ადასტურებს, რომ ამ ადამიანებს აქვთ ერთმანეთთან ურთიერთობა. როგორც ჩანს, შენობის შიგნით ურთიერთობის ეშინიათ და გამოდიან და ამ ფორმით ცდილობენ ერთმანეთს გაუზიარონ მოსაზრებები და გეგმები.

ყველაზე გავლენიანი პირები არიან მურუსიძე, ჩინჩალაძე, მიქაუტაძე და სწორედ ისინი იყვნენ ამ ფოტოზე. სისტემიდან კი გავიდა ცერცვაძე, მაგრამ ის ძალიან გამოცდილია და შესაძლოა რაღაც კავშირები კვლავ აქვს და სხვებს ეხმარებოდეს", - თქვა ნაზი ჯანეზაშვილმა ტაბულასთან.

ქართული ოცნების წევრი, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ვანო ზარდიაშვილი პარლამენტის ძველ შენობასთან სკვერში მოსამართლეებსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს გუშინ საღამოს შეხვდა.

ტაბულას წყაროს მიერ გადაღებულ ფოტოზე ზარდიაშვილთან ერთად უზენაესი სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლე ლევან მურუსიძე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები მიხეილ ჩინჩალაძე და გიორგი მიქაუტაძე (რომელიც ამავდროულად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის პოსტს იკავებს) და სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე ჩანან.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ზემოთ დასახელებულ მოსამართლეებს კლანურ მმართველობაში ადანაშაულებენ და სასამართლო სისტემაში მათ უვადოდ დანიშვნას ეწინააღმდეგებიან.

კომენტარები