სიტყვის თავისუფლება

კობახიძე ცილისწამებაზე: თუ სწორ ბალანსს ვიპოვით, შეიძლება კანონპროექტის მომზადება

ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თუ სწორი ბალანსის პოვნა მოხერხდება, ცილისწამების შესახებ კანონპროექტის მომზადება შესაძლებელი იქნება. 

ირაკლი კობახიძისთვის ბილწსიტყვაობაც მიუღებელია. 

"საკითხი ძალიან რთული და კომპლექსურია. არის სერიოზული დილემა. საზოგადოებაში გვაქვს პრობლემა. ვხედავთ, რომ იგივე ბილწსიტყვაობა ყოველდღიურობა გახდა, რაც ქართულ საზოგადოებაში მიღებული არ იყო და ჩვენ კულტურასთან მაინცდამაინც თავსებადი არ იყო. თუმცა, თანდათანობით, ხელოვნურად, თუ არახელოვნურად ცდილობენ, ბილწსიტყვაობა საჯარო სივრცეში დაამკვიდრონ, რაც პირადად ჩემთვის და ძალიან ბევრი ადამიანისთვის მიუღებელია. გარდა ამისა, გვაქვს "ფეიკ ნიუსების", ანუ ყალბი, ცრუ ინფორმაციის პრობლემა და ეს პრობლემა თუნდაც, საგარეო საფრთხეებთან არის დაკავშირებული.

თუმცა, მეორე მხარეს დგას გამოხატვის თავისუფლება. ის არ უნდა შეიზღუდოს ჭარბი დოზით და არ უნდა დაირღვეს კონსტიტუციის პრინციპები.  

შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ დისკუსიისთვის, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებთან და ექსპერტებთან. თუ ჩვენ სწორი ბალანსის პოვნას მოვახერხებთ, ამ შემთხვევაში შესაძლებელია, კანონპროექტი მომზადდეს და ის მიღებული იყოს. მთავარია, ერთ მხარეს არ დაზარალდეს გამოხატვის თავისუფლება და მეორე მხარეს, ეს ობიექტური ინტერესები იყოს დაცული", - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ პირველი არხის ეთერში. 

ცილისწამების შესახებ კანონზე საუბარი რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. ამაზე სალომე ზურაბიშვილმა საახალწლო მილოცვისას ისაუბრა. მან თქვა, რომ "ყველა გამოცდას თან ახლავს ცხოვრებისეული გაკვეთილი. იმისათვის, რომ ხვალ ვინც ამ გზას დაადგება, აღარ შეეხოს შეურაცხყოფა, ცილისწამება, სიძულვილის ენა, უნდა ვიფიქროთ, როგორ დავიცვათ კანონით ერთდროულად სიტყვის თავისუფლებაც და ადამიანის ღირსებაც, ისე, როგორც ეს ხდება ბევრ ქვეყანაში. ასევე, უნდა ვიფიქროთ, როგორ დავიცვათ თავი ცრუ ინფორმაციებისა და დეზინფორმაციისაგან, რათა საზოგადოებამ დაიბრუნოს სიმშვიდე და საფრთხე არ შეექმნას დემოკრატიას".

ასევე, საშობაო ეპისტოლეში პატრიარქმა ილია მეორემ მიუთითა: 

არის დიდი მცდელობა სიტყვის თავისუფლების დამახინჯებული აღქმის გაბატონებისაც". ილია მეორის აზრით, სიტყვის თავისუფლება საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი უფლებათაგანია, "მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად ხდება რეალობის შეცვლა და სიტყვის თავისუფლებით ბოროტად სარგებლობა". პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში წერია, რომ "დღეს ადამიანები აღარ ერიდებიან სხვისი დამცირების მიზნით მათ უსაფუძვლოდ შეურაცხყოფას; სიცრუე და ბილწსიტყვაობა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. გახშირდა ტყუილის ყველაზე მძიმე ფორმაც, - გაცნობიერებული, შეგნებული სიცრუე, - ცილისწამება, რომელიც ზოგჯერ სიმართლის სახელით ვირტუოზულად ისე არის შებურვილი, რომ მსმენელს, თავდაპირველად მაინც, შეცდომაში შეიყვანს". 

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით კი, "სიტყვით ძალადობა, ცილისწამება, სიცრუე და ბილწსიტყვაობა ძალიან სერიოზული პრობლემაა". 

ამ განცხადებების გამო არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეშფოთება გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ გამოხატვის თავისუფლების სტანდარტის გაუარესება დემოკრატიას საფრთხეს შეუქმნის.

კომენტარები