ფარული ვიდეოჩანაწერები

ბესელია: ეს არ არის ახალი ჩანაწერი - არ არსებობს არანაირი ძალა, რომელიც შემაშინებს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ქართული ოცნებიდან, ეკა ბესელია ეხმაურება ინფორმაციას მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერის გავრცელების შესახებ და ამბობს, რომ ეს არ არის ახალი ჩანაწერი და დევს სისხლის სამართლის საქმეში, რომელზეც უკვე 8 ადამიანია გასამართლებული.

დეპუტატი ამბობს, რომ გამოძიებას უნდა აცადოს კონკრეტული შედეგების დადება და წინმსწრებად რომ გააკეთოს დასკვნები, არ იქნება ობიექტური.

"ეს არ არის ახალი ჩანაწერი. ეს უკანონო ჩანაწერი, რომელიც ასახავს ჩემი ოჯახური საიდუმლოების და სივრცის უკანონო ჩანაწერს, შინაარსი აქ არაფერი არ არის ასახსნელი, უბრალოდ ფორმაა ამაზრზენი, დევს იმ სისხლის სამართლის საქმეში, მე ვთქვი ეს როგორც ფაქტი. ეს საქმე სააპელაციო სასამართლოში დასრულდა და ახლა არ ვიცი უზენაესში გაგრძელდება თუ არა, მაგრამ იქ დევს. მე ეს ვთქვი როგორც ფაქტი", - თქვა ბესელიამ.

ის ეხმაურება მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილის მოსაზრებას, რომ კადრების გავრცელება შესაძლოა თავად ეკა ბესელიასთვის იყოს ხელსაყრელი.

"გესმით სად ვართ? ამის გამხმოვანებული არის მოსამართლე, რომელსაც უნდოდა უვადოდ აგვერჩია უზენაეს სასამართლოში. ის ახმოვანებს ამ სათქმელს. ამის იქეთ მე მგონი არც კომენტარია საჭირო, არც ახსნა, ჩვენ რისთვის ვიბრძვით, რის შესაცვლელად ვიბრძვით. შეიძლება ეს ადამიანი მანტიის ქვეშ დატოვო და ვინმეს ბედი ანდო?" - ამბობს დეპუტატი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ის, რაც გვრიტიშვილმა ღიად თქვა, "იყო იმაზე უარესი, ვიდრე ლუსტრირებაა".

ჟურნალისტების კითხვას, აკეთებს თუ არა მინიშნებას ჩანაწერების სასამართლოდან გავრცელებაზე, ბესელია პასუხობს, რომ ავიწროებს სავარაუდო პირთა წრეს, ვის ინტერესებშიც შედიოდა ანგარიშსწორება და ვისი ხელწერაცაა.

"გისახელებთ ვისი შემოქმედებაცაა - ეს არის სააკაშვილის რეჟიმი, მათი ხელწერა იყო და მათ ჰქონდათ მცდელობა ამ გზით შანტაჟის, ვერ მიაღწიეს ვერაფერს და ვერც გამოიყენეს, მიხვდნენ რომ არ ჰქონდა აზრი. დღეს მე მათაც არ გამოვრიცხავ, მათთანაც ისეთივე შეურიგებელი პოზიცია მაქვს, როგორიც მქონდა და ეს პოზიცია არასოდეს შემეცვლება. ამ ჯგუფს დაემატა დღეს ვისთანაც მაქვს ეს ღია კონფლიქტი და მათ შორის, ვინც ამ ჯგუფს ლობირებს და ვინც ემეგობრება. ვერ გაიგებთ ჩემგან დღეს გვარებს, არ არის ეს სერიოზული ჩემგან", - უთხრა ბესელიამ ჟურნალისტებს.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი მას უფრო აძლიერებს. "თქვენ ეტყობა მე არ მიცნობთ" - მიმართავს ის ადამიანებს, რომლებიც მისი თქმით, ამ ყველაფრის უკან დგანან.

"გავიღიმე ამ ყველაფერზე და მინდა ვუთხრა იმათ ვინც დგას ამ ყველაფერის უკან - თქვენ ეტყობა მე არ მიცნობთ კარგად იმიტომ, რომ ასეთ მდაბიო, ასეთ საცოდავ მეთოდებს მიმართავენ ადამიანები, რომლებიც არიან უკვე უფრო დაბლა ვიდრე ჭაობი. ეს ყველაფერი, რაც ახლა ხდება, მე შინაგანად უფრო მამყარებს, უფრო მაძლიერებს და უფრო მეტად განმაწყობს, რომ ეს უბედურება დამთავრდეს ამ ქვეყანაში და ამაში ძალიან დიდ წვლილს შევიტან, რადგან ეს აქამდე ვერ მოვახერხეთ. მე ნამდვილად მიმაჩნია, რომ იმისთვის, რომ დავიცათ ჩვენი მოქალაქეები, ადამიანები ასეთი ტერორისგან, საჭიროა მე და იმ ადამიანებმა, ვინც საკუთრივ იწვნია და იცის რას ნიშნავს ამ მეთოდებით ბრძოლა, მივეხმაროთ სხვებს, რომ ავარიდოთ მსგავსი რამ ნებისმიერ სიტუაციაში. არ ვგულისხმობ მხოლოდ ქალს, ეს ნებისმიერი ადამიანისთვის არის დიდი გამოცდა. ჩემთვის ეს არის ახალი შინაგანი მდგომარეობა, რომელიც მე მხდის კიდევ უფრო შეუვალს.

ველოდი მართალი გითხრათ ამას, ვერ ვიტყვი რომ ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო და ვიღაც არ იკადრებდა ამას. ამისთვის მზად ვიყავი და მზად ვარ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ მათთვის, ვინც დგას ამ ყველაფრის უკან და მათთვისაც, ვინც ფიქრობს სხვა უკანონო და აკრძალული მეთოდების გამოყენებაზე - არ არსებობს არანაირი ძალა, რომელიც მე შემაშინებს, გამაჩერებს, შემაცვლევინებს პოზიციას. არ არსებობს, ვიდრე ცოცხალი ვარ. ეს იცის ყველამ, ვინც გამომცადა იმ რეჟიმის დროს, როცა უფრო მძიმე განსაცდელები გავიარე. ვერ შეძლო მაშინ სააკაშვილის რეჟიმმა ჩემი გაჩერება, ვერც ერთი საათი. ამას დღეს ვერავინ შეძლებს. ამიტომ, ვინც გადაწყვიტა ასეთი ფორმით ჩემთან ანგარიშსწორება, უკვე დამარცხებულია. დანარჩენზე, რომ ეს არ მოხდეს ხვალ და ზეგ სხვების მიმართ, ამაში ძალიან დიდ წვლილს შევიტან", - აღნიშნავს ბესელია.

28 იანვარს, დღის განმავლობაში პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ინტერნეტში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები გავრცელდა. საქმეზე დაიწყო გამოძიებაც.

30 იანვარს კი მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა, რომელიც ამავე დროს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია, თქვა, რომ შესაძლოა, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო ეკა ბესელიამ თავად გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს ათკაციანი სიის გამო მმართველ გუნდში დაპირისპირებაა. სიას ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი და რამდენიმე დეპუტატი ეწინააღმდეგებიან. ეკა ბესელიამ კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიც დატოვა. ვრცელდებოდა ინფორმაცია მისი უმრავლესობიდან გარიცხვის შესახებაც, თუმცა "ქართულ ოცნებაში" ჩატარებული ორდღიანი შეხვედრის შემდეგ ეს არ დადასტურდა.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლადო კახაძე

კომენტარები