უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

მეუფე ზენონი მოსკოვის საპატრიარქოს მუქარას პასუხობს: ციხე შიგნიდან ტყდება

0 კომენტარი

დმანისისა და აგარაკ ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი, ზენონ იარაჯული მოსკოვის საპატრიარქოს მუქარას პასუხობს.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა ილარიონ ალფეევმა თქვა, რომ საქართველოს ეკლესიაში ესმით, რა შეიძლება დაემუქროთ უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების შემთხვევაში. მიტროპოლიტმა ილარიონმა კონსტანტინოპოლის ეკლესიის პოზიციის მხარდამჭერი "ახალგაზრდა მღვდელმთავრები" პატრიარქის ოპოზიციად მოიხსენია.

მეუფე ზენონი ეპარქიის ოფიციალურ გვერდზე წერს:

"10 წლის წინ, როდესაც პირველად ჩავედი ლონდონში, როგორც ეპარქიის მმართველი, ინგლისის ერთ-ერთმა ცნობილმა იერარქმა ლამბესის სასახლიდან მითხრა: ჩვენთან იყო რუსეთის ეკლესიის ერთ-ერთი იერარქი , რომელმაც გვითხრა, რომ თქვენ დაპირისპირებაში იმყოფებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან და რეკომენდაციას აძლევდა ჩემგან თავი შორს დაეჭირათ. ამის შესახებ ადრევე მოვახსენე უწმიდესს. 

მიძნელდებოდა ბოლომდე დაჯერება, მიუხედავად იმისა იერარქთან რომელმაც ეს მითხრა დღემდე შესანიშნავი მეგობრული ურთიერთობა მაქვს და დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენს ხელშეწყობაში უცხო და შორეულ მიწაზე, რათა რაც შეიძლება მშვიდად და წარმატებულად ეგრძნო თავი ქართულ ქრისტიანულ თემს. 

26 იანვარს, მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევის მიერ მიცემულმა ინტერვიუმ პირადად ჩემთვის კიდევ უფრო ნათელი გახადა ბევრი რამ, რომ აღაფერი ვთქვათ საქართველოს ეკლესიის მისამართით გაკეთებულ მუქარაზე. 

აქვე დავსძენ. ნათქვამია: ციხე შიგნიდან ტყდება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში შეუვალი ტრადიცია იყო მტრისა და მტრულად განწყობილთა წინაშე საკუთარი ძმების ღალატის, დასმენის და ცილისწამების ჩამდენთა მოკვეთა. როგორ უნდა ვთქვა რომ კურთხეულია ამის მოქმედი და არა წყეული, ვინც არ უნდა იყოს ის, რომელი სფეროს თუ სოციალური წრის წარმომადგენელი. 

საჯაროდ გამოვთქვი რა ჩემი პოზიცია, სადაც კანონიკური სამართლის მიხედვით კანონიკურად მივიჩნიე მსოფლიო საპატრიარქოს სინოდალური გადაწყვეტილება, უკრაინაში ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის დაარსების შესახებ ამ განცხადების ერთ-ერთ ადრესატად ლოგიკურია რომ მივიჩნიე საკუთარი თავი. ნებისმიერი მუქარის შემომთვლელის, შიდაარეულობის მოსურნე განმცხადებლის მისამართით მოვიხმობ წმიდა დავით წინასწარმეტყველის სიტყვებს: ესენი ეტლებითა და ესენი ჰუნებითა, ხოლო ჩუენ სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲთა ვხადოდით. იგინი შებრკოლდეს და დაეცნეს, ხოლო ჩუენ აღვდეგით და აღვემართენით. (ფსალ. 19:8,9)

და კიდევ, საქართველო რუსთაველის სამშობლოა:

"ვინ დამბადა, შეძლებაცა მანვე მომცა ძლევად მტერთად,
ვინ არს ძალი უხილავი შემწედ ყოვლთა მიწიერთად,
ვინ საზღვარსა დაუსაზღვრებს, ზის უკვდავი ღმერთი ღმერთად,
იგი გაჰხდის წამის-ყოფით ერთსა ასად, ასსა ერთად.

ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი;
მისგან გასწორდეს ყოველი, სუსტი და ძალ-გულოვანი;
ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი.
სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი!"

+ მთ. ეპ. ზენონი

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები