ვენესუელა

ლიმას ჯგუფის 11 ქვეყანა ვენესუელის სამხედრო ძალებს გუაიდოს მხარდაჭერისაკენ მოუწოდებს

0 კომენტარი
ხუან გუაიდო / ნიკოლას მადურო ფოტო: Sky

ლათინური ამერიკის ქვეყნები და კანადა ვენესუელის სამხედრო ძალებს ხუან გუაიდოს მხარდაჭერისაკენ მოუწოდებენ.

ლიმას ჯგუფის 14 წევრიდან 11 ხელს აწერს განცხადებას, რომელშიც ვენესუელაში ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის და ჰუმანიტარული დახმარების სასწრაფოდ ჩატანის აუცილებლობაა ხაზგასმული.

შეხვედრა კანადის დედაქალაქ ოტავაში გაიმართა. დოკუმენტს ხელს არგენტინა, ბრაზილია, კანადა, ჩილე, კოლუმბია, კოსტა რიკა, გვატემალა, ჰონდურასი, პანამა, პარაგვაი და პერუ აწერენ და ხელახლა ადასტურებენ ხუან გუაიდოს, როგორ გარდამავალი პრეზიდენტისადმი მხარდაჭერას.

ისინი სხვა ქვეყნებსაც მოუწოდებენ მადუროს რეჟიმისათვის სანქციების დაწესების და ანგარიშების გაყინვისაკენ.

დოკუმენტს არ შეუერთდა ლიმას ჯგუფის სამი წევრი: გაიანა, მექსიკა და სენტ ლუსია. ჯგუფი 2017 წელს შეიქმნა და მის მიზანს ვენესუელის კრიზისის მშვიდობიანი გადაჭრა წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ მადუროს რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ორი კვირის წინ დაიწყო და ქუჩაში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა. მას შემდეგ 40-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, ხოლო პოლიციამ 850-ზე მეტი დააკავა, მათ შორის 77 არასრულწლოვანი.

ხუან გუაიდო 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა ბრაზილიამ, კანადამ, არგენტინამ, კოლუმბიამ, საქართველომ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, გერმანიამ, ბრიტანეთმა, პორტუგალიამ, შვედეთმა, დანიამ, ავსტრიამ, ჰოლანდიამ და ასევე ევროპარლამენტმა ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ცნეს.

ნიკოლას მადუროს რეჟიმს მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, ირანი, სირია, კუბა, ბელარუსი, მექსიკა, ნიკარაგუა, სურინამი და ბოლივია უჭერენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები