კაბელების საქმე

კობახიძე: "კაბელების საქმეში" ბოლომდე ჩავიხედე, მკაფიოდ გამოხატული დანაშაული იყო

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ე.წ კაბელების საქმეში "ბოლომდე ჩაიხედა". TV პირველის გადაცემა რეაქციაში კობახიძემ თქვა, რომ საქმეში მკაფიოდ გამოხატული დანაშაული იყო. მისივე თქმით, დაკავებულებს "კაპიკიც არ წაუღიათ".

"რაც შეეხება კაბელების საქმეს, იმ დროისთვის ვიყავი აღმასრულებელი მდივანი, პოლიტიკურად აწეული იყო ეს თემა, დავინტერესდი, ჩავიხედე ბოლომდე და იქ იყო დანაშაულის არათუ ნიშნები, მკაფიოდ გამოხატული დანაშაული იყო, საუბარი იყო მილიონების მითვისებაზე... შეგვიძლია, გავარჩიოთ დეტალურად. 2015 წელი იყო, იმ ადამიანებს კაპიკი არ წაუღიათ, მე რამდენადაც ვიცი" - თქვა კობახიძემ და აღნიშნა, რომ "იყო კონკრეტული ადამიანები". მისი თქმით, არასწორი იქნება თუ იტყვის, ვინ წაიღო მილიონები.

"მე ჩემი ანალიზიდან გამომდინარე, დავინახე იქ, რომ ფული იყო გაკეთებული, ვინ წაიღო, სასამართლომ უნდა დაადგინოს... არ უგია პასუხი, ალბათ, ასე გამოდის. დანაშაული იყო ჩადენილი, თუმცა, ბოლომდე, როგორც ჩანს, ვერ გაიხსნა საქმე, რაღაც დონეზე გაჩერდა" - ამბობს კობახიძე.

ადვოკატ ლევან სამუშიას თქმით, პარლამენტის თავმჯდომარემ პირდაპირ ეთერში აღიარა დანაშაული.

"მივმართავ საქართველოს მთავარ პროკურორს, დღესვე დაიწყოს გამოძიება. საქმეს ედო გრიფით საიდუმლო და არავის არ ჰქონდა საქმეში ჩახედვის უფლება, ისმის კითხვა - იმ დროისთვის პარტმუშაკმა ირაკლი კობახიძემ საიდან ჩაიხედა საქმეში, ვინ მისცა სისხლის სამართლის საქმე. ირაკლი კობახიძემ პირდაპირ განაცხადა საკუთარი გუნდის ჩადენილი დანაშაულის შესახებ" - განაცხადა სამუშიამ TV პირველის ეთერში.

2014 წლის 28 ოქტომბერს, იმჟამინდელ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას საზღვარგარეთ ყოფნისას, სამართალდამცველებმა სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონზე მეტი თანხის გაფლანგვისთვის თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელი დააკავეს. სწორედ ამის შემდგომ დაიწყო კოალიცია ქართული ოცნებიდან თავისუფალი დემოკრატების გამოყოფის პროცესი.

თავდაპირველად საქმეს გრიფი საიდუმლო ედო. ადვოკატებს საქმის მასალების გაცნობის საშუალება არ ჰქონდათ. ისინი დოკუმენტაციის გადაცემას ითხოვდნენ, პროკურატურა კი მათ მასალების უწყების შენობაში გაცნობას სთავაზობდა. მოგვიანებით, საქმის მასალების დიდ ნაწილს საიდუმლო გრიფი მოეხსნა და ის მასალების 7%-ზე დარჩა. 

ბრალდებულები საქალაქო სასამართლომ 2015 წლის 19 ივნისს თავისუფალი დემოკრატების დეპუტატების თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლა, თუმცა, 2016 წლის 16 მაისს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ხუთივე პირი დამნაშავედ ცნო და 7-7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

დაცვის მხარემ განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. მეორე ინსტანციის სასამართლომ გაფლანგვის მუხლი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით შეცვალა. ხუთივე მსჯავრდებული საქართველოს პრეზიდენტმა გათავისუფლებამდე ორი თვით ადრე შეიწყალა.

კომენტარები