დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

"მინდა დავინახო სად დავშორდით ან სად ვერთდებით" - გოგიჩაიშვილი გადაწყვეტილებას არ ახმოვანებს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

დატოვებს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობას ლევან გოგიჩაიშვილი, უცნობია. მისი თქმით, კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული აქვს, მაგრამ მაშინ გაახმოვანებს, როცა ამას საჭიროდ ჩათვლის.

ქართულ ოცნებაში გამართული შეხვედრის შემდეგ გოგიჩაიშვილმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ არ ეთანხმება ფორმულას "ადრე ბევრი ცუდი აქვთ ადამიანებს გაკეთებული და ახლა კარგები გახდნენ". ასე დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას ეხმაურება, სადაც ირაკლი კობახიძემ მოსამართლეებზე საუბრისას თქვა, რომ "ადამიანები, რომლებიც მასობრივად ჩადიოდნენ ცუდ რაღაცებს, ახლა ჩადიან კარგ რაღაცებს, ამაშია საქმე".

"ყველაზე ფუნდამენტური საკითხი დღეს არის ის, თუ რა მომავალი ექნება სასამართლოს. ასევე, რა პოზიცია მექნება სასამართლოს მომავალთან დაკავშირებით მე. ჩვენ როცა ვთქვით პირველად, რომ ეს პროცესი იყო არასწორი, დღემდე ამ აზრზე ვრჩებით. უფრო მეტსაც გეტყვით - მე არ ვეთანხმები ფორმულას, რომ ადრე ბევრი ცუდი აქვთ ადამიანებს გაკეთებული და ახლა კარგები გახდნენ. ეს არის ჩემთვის მიუღებელი, ეს არის ფასეულობის საკითხი. მე მეორე მხარეს ვარ, სადაც ფიქრობენ, რომ თუ ადამიანმა ბევრი ცუდი გააკეთა, ამის გამო ის უნდა დაისაჯოს. მე ამის მომხრე ვარ.

რაც შეეხება პოლიტსაბჭოს განცხადებას, მე სხდომაზე შესვლის წინ განვაცხადე, რომ კატეგორიულად არ ვეთანხმები მას და ისიც ვთქვი, რომ განცხადება წინააღმდეგობაში მოდის ძალიან ბევრ ადამიანთან, რომელიც თვლის, რომ სასამართლოს მომავალი არ არიან ის ადამიანები, რომლებიც წარსულში ძალიან ბევრ ცუდ აკეთებდნენ. ეს საკითხები მე დავაფიქსირე, ამის თქმა შემიძლია ყველასთან. არ ვამბობ ისეთ რამეს, რომლის გამეორების თავი არ მაქვს", - თქვა გოგიჩაიშვილმა.

დეპუტატის თქმით, სურს ზუსტად დაინახოს სად დაშორდა ქართული ოცნების სხვა წარმომადგენლებს და სად აქვთ საერთო პოზიცია.

"მე მინდა დავინახო ზუსტად, სად დავშორდით ან სად ვერთდებით, ჯერჯერობით, გუშინდელი განცხადება არის [დასტური], რომ ვშორდებით. ეს არ არის ის დაკვეთა, რა დაკვეთითაც ქართული ოცნება დღეს ხელისუფლებაშია. მე ვერ გადავლახავ იმ მორალურ ზღვარს, სადაც ჩემსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის წაიშლება ზღვარი. ჩემთვის ისიც მიუღებელია კატეგორიულად, რომ ასი ათასობით ადამიანს უთხრა - თუ არ მოგწონს კონკრეტულად გვრიტიშვილი და ამას იტყვი, შენ ხარ ნაციონალური მოძრაობა. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, შეურაცხმყოფელი. მე შეურაცხყოფებს დიდი ხანია ვიტან, საჯარო სივრცეში ვარ და ვიცი რა ავიტანო, როგორ ავიტანო, სად როგორ უნდა მოვიქცე ან არ მოვიქცე, არავინ მაიძულებს ხოლმე ამ როლში ყოფნას, ეს ჩემი არჩევანია. მაგრამ იმ ადამიანებს, რომლებიც ღიად არ გამოხატავენ, რომ ყველას ესმოდეს მათი ხმა, ეუბნები, რომ იცი რა, რაც გიკეთეს ეს ნორმალური იყო და მოდი, კიდევ მივცეთ ამ კაი ბიჭებს შანსი, რომ იქნებ ცოტა შეიცვალონ, ეს შეურაცხმყოფელია. შეურაცხყოფას აყენებ პირველ რიგში შენს მხარდამჭერს, ვისთვისაც ეს მიუღებელია", - ამბობს გოგიჩაიშვილი.

ჟურნალისტების კითხვას, ტოვებს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობას, დეპუტატი ასე პასუხობს:

"ჩემ თავში გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, მაგრამ ამას გავახმოვანებ იმ დროს, როცა მე ჩავთვლი საჭიროდ".

ქართულ ოცნებაში მომხდარი დაპირისპირების მიზეზი, უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების სია გახდა. სიის წარდგენის შემდეგ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა ეკა ბესელია და თქვა, რომ მისი ამ გადაწყვეტილებით სიის განხილვის პროცესი შეაჩერა. 

ბესელიას შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარედ გედევან ფოფხაძე დანიშნეს, თუმცა, რამდენიმე დღეში ქართულმა ოცნებამ ფოფხაძის კანდიდატურა გაიწვია და მიზეზად რეგლამენტის დარღვევა დაასახელა. გუშინ, 5 თებერვალს კი ამ პოსტზე პარლამენტმა უმრავლესობით ანრი ოხანაშვილი აირჩია. მოწინააღმდეგე მხარე ლევან გოგიჩაიშვილის კანდიდატურას განიხილავდა.

აღსანიშნავია, რომ 12 იანვარს, მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს შეხვდა, პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი მოსამართლეთა შესარჩევად პროცედურისა და კრიტერიუმებს შეიმუშავებს. სწორედ ამ კრიტერიუმების საფუძველზე განახლდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების სია.

21 იანვარს კი წარდგენილმა 10-ვე მოსამართლემ კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა და კანდიდატურა მოხსნა, "არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით". 

ბიძინა ივანიშვილმა, ასევე ირაკლი კობახიძემ და ქართული ოცნების სხვა წევრებმა კი "ამბოხებული დეპუტატები" გუნდურობის პრინციპის დარღვევაში დაადანაშაულეს, ვინაიდან მათ პარტიის შიგნით არსებული აზრთა სხვადასხვაობა "გარეთ გამოიტანეს".

გუშინ, 5 თებერვალს კი ირაკლი კობახიძემ ტვ პირველის ეთერში მოსამართლეებზე საუბრისას თქვა, რომ "ადამიანები, რომლებიც მასობრივად ჩადიოდნენ ცუდ რაღაცებს, ახლა ჩადიან კარგ რაღაცებს, ამაშია საქმე".

არსებობდა მოლოდინი, რომ ქართულ ოცნებაში დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილი უმრავლესობას დატოვებდნენ. სხდომის შემდეგ ეკა ბესელიამ თქვა, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად რამდენიმე დღეს აიღებს, გედევან ფოფხაძე კი 5 თებერვალსა არ გამორიცხავდა წასვლას და ამბობდა, რომ "აქ საუბარია არა უმრავლესობის დატოვებაზე, არამედ იმაზე, ვინ ვის დაასწრებს". 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები