იეჰოვას მოწმეთა დევნა

რუსეთში იეჰოვას მოწმეს "ექსტრემიზმის ბრალდებით" 6 წლით პატიმრობა შეუფარდეს

RFE/RL

რუსეთში, ორიოლის ოლქში იეჰოვას მოწმეთა უხუცესი დენის კრისტენსენი ბრალდებულად ცნეს და 6 წლით პატიმრობა შეუფარდეს. ქალაქ ორიოლის სასამართლომ ის "ექსტრემისტულ ქმედებებში" ცნო ბრალდებულად. 

მანამ, სანამ სასამართლო გადაწყვეტილებას გამოიტანდა, კრისტენსენმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ იმედოვნებდა, რომ რუსეთი განიხილავდა მის უფლებას რელიგიური თავისუფლების ჭრილში. 

ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ კრისტენსენი "რელიგიური ლიდერია და თავისი ავტორიტეტით ამუშავებდა ორგანიზაციას (ორიოლის იეჰოვას მოწმეები), მიუხედავად იმისა, რომ ეს აკრძალულია".

იეჰოვას მოწმეთა ევროპის ასოციაციის წარმომადგენელი იაროსლავ სივულსკი სასამართლოს გადაწყვეტილებას სამწუხაროს უწოდებს და კრისტენსენს უცოდველ კაცად მოიხსენიებს, რომელსაც არანაირი ნამდვილი დანაშაული არ ჩაუდენია. 

"სამწუხაროა, რომ ბიბლიის კითხვა, ქადაგება და მორალურად ცხოვრება რუსეთში კვლავაც კრიმინალური დანაშაულია,"- ამბობს სივულსკი გუშინ, 6 თებერვალს გაკეთებულ საჯარო განცხადებაში. 

ორიოლის სასამართლომ იეჰოვას მოწმეების წევრობა 2016 წელს აკრძალა, ერთი წლით ადრე, სანამ რუსეთის უზენაესი სასამართლო რელიგიურ ორგანიზაციას ექსტრემისტულ ორგანიზაციად ცნობდა. ეროვნულ დონეზე აკრძალვის შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით, 80 შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც რელიგიური ჯგუფის წევრების მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. 2018 წლის დეკემბერში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, ამ აკრძალვის შესახებ ჰკითხეს, რასაც მან ნონსენსი უწოდა და ხალხს დაპირდა, რომ ამ საკითხზე იმსჯელებდა. 

დენის კრისტენსენი რუსეთში 1999 წელს ჩავიდა და მურმანსკში დასახლდა, სადაც თავის მომავალი მეუღლე გაიცნო, რომელიც იეჰოვას მოწმე იყო. ისინი 2002 წელს დაქორწინდნენ და 4 წლის შემდეგ ორიოლში გადავიდნენ საცხოვრებლად. ის პოლიციამ 2017 წლის მაისში დააკავა, რის შედეგადაც პირველი იეჰოვას მოწმე გახდა, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დააკავეს. 

კომენტარები