აშშ-საქართველოს ურთიერთობა

ტრამპთან ლიდერი ქალების შეხვედრას საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი ესწრებოდა

0 კომენტარი

თეთრ სახლში ქალთა გლობალური განვითარებისა და წარმატების ინიციატივის გახსნას საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნინო ზამბახიძეც ესწრებოდა.

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაზე მან პრეზიდენტ ტრამპს, მის შვილსა და მრჩეველს - ივანკა ტრამპს, ასევე დამსწრე საზოგადოებას უამბო, როგორ შეცვალა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის გრანტმა მისი ცხოვრება.

"უპირველეს ყოვლისა, მადლობას გიხდით ამ შესანიშნავი ინიციატივისთვის. ვისარგებლებ ამ შემთხვევით და ვეტყვი ამერიკელ გადასახადის გადამხდელებს, რომ ისინი ადამიანების ცხოვრებას მსოფლიოს გარშემო უკეთესობისკენ ცვლიან. მე ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის გრანტიორი ვარ. ერთ-ერთი მათგანი ვიყავი, ვინც ფიქრობდა, რომ საქართველოში ქალებს მომავალი არ ჰქონდათ. ჩემთვის გარდამტეხი მომენტი დადგა, როცა ათასწლეულის კორპორაციამ შესაძლებლობა მომცა გადამელახა ეს გამოწვევა. საქმიანობა ორი ძროხით დავიწყე და დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფერმერი ვარ. ახლა ჩემს საზოგადოებას ვეხმარები ფინანსებზე წვდომის, განათლებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფით. ბატონო პრეზიდენტო, თქვენი მეთაურობით ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობა წარმატებით ვითარდება, საქართველოს ყველა მოქალაქე ამას გრძნობს და მადლობა მინდა გადაგიხადოთ. პროექტები, რომლებსაც ამერიკის მთავრობა საქართველოში ახორციელებს, მასშტაბურია. ქალებს საქართველოში აქვთ მომავალი და მსოფლიოში ათასობით ნინოა, რომელსაც არ შეუძლია მოვიდეს და ეს პირადად გითხრათ. აშშ-ის პროექტების მონაწილეთა სახელით მსურს კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ", - თქვა ნინო ზამბახიძემ.

შეხვედრის სრულ ვიდეოს Fox News ავრცელებს.

ქალთა გლობალური განვითარებისა და წარმატების ინიციატივის შესახებ საპრეზიდენტო მემორანდუმს მოგვიანებით ტვიტერზე გამოეხმაურა პრეზიდენტი ტრამპიც.

ფერმერთა ასოციაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით თანახმად, ნინო ზამბახიძე 2008 წლიდან იყო აგრო კომპლექსი შპს "ჯორჯიან ბიზნეს ზონის" აღმასრულებელი დირექტორი, 2010 წელს კი მან "რეგიონული განვითარების ასოციაცია" დააფუძნა. ის ეროვნული ბიზნეს დაჯილდოების – "მერკური 2011-ის" მიერ "წლის ქალი მეწარმის" საპატიო წოდებით დაჯილდოვდა. ის არის პირველი ქალი ლიდერი, რომელსაც 2012 წლიდან დღემდე, ჰილარი კლინტონის პატრონაჟით მოქმედი ორგანიზაცია "მოახდინე ინვესტირება მომავალშის" ქვეყნის საპატიო კოორდინატორობა დაეკისრა. 2017 წელს ნინო ზამბახიძე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (World Economic Forum) წლის გლობალურ ახალგაზრდა ლიდერად დასახელდა. ნინო ბიზნესის ადმინისტრირებაში გრენობლის ბიზნესის უმაღლესი სკოლის მაგისტრია. ამავე მიმართულებით, ის არის კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო მაგისტრიც. 2016 წელს ნინო ზამბახიძე დასახელდა გრენობლის ეკონომიკური სკოლის მიერ წლის მეწარმედ.

2012 წლიდან ზამბახიძე საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარეა, რომელიც თავადვე დააფუძნა. ასოციაცია ისეთი დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებს უძღვება, როგორიცაა USAID, ევროკავშირი, საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) და სხვა.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ქრისტინე ბაგრატიონ-მუხრანელი

კომენტარები