ლევან მურუსიძე

უვადოდ გამწესების დროს ლევან მურუსიძეს 15-ქულიან საკითხში 20 ქულა დაუწერეს

იმედი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა ლევან მურუსიძეს სააპელაციო სასამართლოში უვადოდ გასამწესებლად გასაუბრების დროს 15-ქულიან კრიტერიუმში 20 ქულა დაუწერა.

ზეპირი კომუნიკაციის უნარში მაქსიმალური ქულა 15 იყო, თუმცა მურუსიძემ 20 მიიღო. ამასთან, შემფასებლის საერთო ქულა მურუსიძეს 100-დან 98 უწერია, თუმცა ქულათა ჯამი 103 გამოდის.

გამომდინარე იქედან, რომ შეფასება ფარულია, უცნობია ვის ეკუთვნის ის.

ინფორმაცია 2018 წელს ჩატარებული გასაუბრების შეფასებების შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამოითხოვა.

დოკუმენტის მიხედვით, მურუსიძე 14-დან 13-მა ადამიანმა შეაფასა და აქედან მხოლოდ ერთმა მიიჩნია, რომ ის კეთილსინდისიერების კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს. ერთის შეფასებით - აკმაყოფილებს, ხოლო 11 შემფასებელის აზრით, ლევან მურუსიძე კეთილსინდისიერების კრიტერიუმებს სრულად აკმაყოფილებს.

მურუსიძის შეფასებებში არის მაქსიმალური, 100 ქულაც. ხოლო მინიმალური ქულაა 78.

ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ 27 დეკემბერს დაინიშნა. მას საბჭოს 11-მა წევრმა მისცა ხმა. ლევან მურუსიძე მანამდეც სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე იყო, თუმცა, არა უვადოდ დანიშნული. წარსულში ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეც იყო, ასევე - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. მის სახელს უკავშირდება სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებისათვის სასჯელის შემსუბუქება.

კომენტარები