კრიმინალი

ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულის მეგობრები ამბობენ, რომ კაცი ფსიქიატრიულში არ მიიღეს

1tv.ge

რუსთავში, 13 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულის ახლობლები და მეზობლები ამბობენ, რომ მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, თუმცა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არ მიიღეს.

"შევხედეთ, რომ რაღაც არაადეკვატურად იქცეოდა ჩვენი მეგობარი და გადავწყვიტეთ წაგვეყვანა კლინიკაში. რუსთავის საავადმყოფოში გადასხმა გაუკეთეს და გვითხრეს ჩვენი პაციენტი არ არისო. თბილისში იყო წასაყვანი, ფსიქიატრიულში. მეზობლებმა, ძმაკაცებმა და მეგობრებმა გადავწყვიტეთ, რომ წაგვეყვანა თბილისში, ფსიქიატრიულში და იქ ძალიან ცუდი რაღაც მოხდა. ერთგან ადგილები არ ჰქონდათ, მეორეგან თანხა მოგვთხოვეს. ამან გამოიწვია ის, რომ დღეს პატარა ბავშვი უკვე დაღუპულია", - ამბობს ლაშა ჟორჟოლიანი, მკვლელობაში ბრალდებულის მეგობარი.

კიდევ ერთი მეგობარი კი ამბობს, რომ მიმართეს ნარკოლოგიურსაც, თუმცა იქ მამაკაცი არ დაიტოვეს და 3000 ათასი ლარი მოითხოვეს.

"ფსიქიატრიულში საერთოდ ადგილი არ არისო, წესიერად არც შეამოწმეს, შეიყვანეს და გამოელაპარაკნენ. მერე თავისი მეუღლე შეიყვანეს. გასაგებად აუხსნეს, რომ რაღაცებს ხედავს, რაღაცები ეჩვენება, რაღაცები ავიწყდება, ვიღაცას დასდევს... ადგილები არ არისო. მერე გვერდზე შევედით, ორივე ერთად არის, ნარკოლოგიურიც და ფსიქიატრიულიც. იქაც ვუთხარით, რომ შველა სჭირდება და იქ გვითხრეს 3000 ლარი არის გადასახდელიო. ჩვენ ვუთხარით, რომ ფულს ვიშოვით, ჩამოვიტანთ, პრობლემა არ არის, უბრალოდ ამას რა ვუყოთ? ვერ დავტოვებთო, ფული წინასწარ უნდა გადაიხადოთო. ადამიანმა თქვა, მე რა ვქნა, ასეთი კანონია, მე ვერაფერს ვიზამო", - ამბობს დავით ქებულაძე.

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში ამბობენ, რომ პაციენტი ნარკოლოგიურში მიიყვანეს, სადაც დარჩენა თვითონ არ ისურვა და ექიმებს იძულება რა შეეძლოთ. ისინი 3000 ლარის წინასწარ მოთხოვნასაც უარყოფენ.

"მეგობრები გამოხატავდნენ სურვილს მისი სტაციონარული მკურნალობისა ნარკოლოგიურ სტაციონარში. თვითონ მოქალაქე უარს აცხადებდა მკურნალობაზე, აღნიშნავდა, რომ არ საჭიროებდა არანაირ მკურნალობას და ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, ვინაიდან ექიმმა განსაზღვრა, რომ ეს არ იყო გადაუდებელი მდგომარეობა, რომელიც ხვდებოდა გადაუდებელი სტაციონარის რეჟიმში და ტავად პაციენტი უარს აცხადებდა სტაციონარულ მკურნალობაზე, ნარკოლოგიური მკურნალობა საქართველოს კანონმდებლობით არის მხოლოდ და მხოლოდ ნებაყოფლობითი. არა ნებაყოფლობითი მკურნალობა შეიძლება აღმოჩენილი იყოს ფსიქიატრიული სტაციონარის პირობებში. ამის თაობაზე მას მიეცა ინფორმაცია. მოქალაქემ უარი განაცხადა სტაციონარულ მკურნალობაზე. მის თანმხლებ მიეცა რეკომენდაცია, რომ ფსიქიატრიული სტაციონარისთვის, მაგრამ ფსიქიატრიული სტაციონარისთვის ამ მოქალაქეს არ მიუმართავს და დატოვა ტერიტორია", ამბობს ცენტის გენერალური დირექტორი, ლაშა კილაძე.

რუსთავში მკვლელობა დღეს დილით მოხდა. 13 წლის ბიჭი ცივი იარაღითაა მოკლული, ბრალდებული ბიძაა, რომელიც პოლიციამ დააკავა.

კომენტარები