შსს

შსს: ხელთუბანში მომხდარი ავარიის საქმეზე ერთი პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, 1969 წელს დაბადებული ზ.კ. დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული 2018 წლის 6 ივლისს, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნის გზაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც მან ვერ უზრუნველყო სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების წესის დაცვა და 1999 წელს დაბადებულ თ.მ.-ს შეეჯახა. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

"საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, გამოიკითხა 140-მდე პირი, ამოღებულია შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერები და ჩატარდა კომპლექსური ექსპერტიზები",- აცხადებენ შსს-ში 

გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე (რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), საქართველოს სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.

ცნობისთვის, გასული წლის სექტემბერში, გორის სოფელ ხელთუბანთან 6 ივლისს დაღუპული 18 წლის თორნიკე მერებაშვილის ოჯახის წევრებმა აქცია გამართეს და მერებაშვილის საქმის სრულფასოვანი გამოძიება მოითხოვეს.

გარდაცვლილის ოჯახის ამტკიცებდა, რომ ბიჭებს შორის კამათი სისხლიან ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და თორნიკე მერებაშვილს სასიკვდილო ჭრილობები სწორედ ამ დროს მიაყენეს. 

მერებაშვილის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყეს. შსს-ში ამბობდნენ, რომ საქმეს მოგვიანებით სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლიც დაემატა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. უწყებაში ამბობდნენ, რომ პირველადი დათვალიერებით, გარდაცვლილს არც ცივი და არც ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული დაზიანებები არ ეტყობოდა.

კომენტარები