ევროპული საქართველოს ინიციატივა

ევროპული საქართველო რეპრესიების მსხვერპლთა სახლებთან მათი სახელების დაწერის იდეით გამოდის

ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია თბილისში რეპრესიების ისტორიის გაცოცხლების ინიციატივით გამოდის და თბილისის მერს კახა კალაძეს მიმართავს. სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა სახლების წინ, სპეციალურ ფილებზე მათი სახელების დაწერის იდეის შესახებ, მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ხოშტარიამ ბრიფინგი ჩეკას შენობის წინ გამართა. ეს რეპრესიების ისტორიის მატარებელი ერთადერთი შემორჩენილი შენობაა, რომლის პირველ სართულს და სარდაფს 1921-1934 წლებში წინასწარი დაკავების იზოლატორებად იყენებდნენ. ელენე ხოშტარიას განცხადებით, საქართველოში 1921-1954 წლებში დაახლოებით 19 000 ადამიანი დახვრიტეს. ამ ადამიანების და მოვლენების ისტორია პრაქტიკულად დაკარგულია, ასევე ინფორმაცია ამ ისტორიის მატარებელ ადგილებზე არათუ ტურისტებს, ადგილობრივ მცხოვრებლებსაც არ აქვთ.

"მინდა მივმართო თბილისის მერს, კახი კალაძეს , რომ ერთად ვიზრუნო იმაზე, რომ ქალაქში არ იყოს წაშლილი საბჭოთა ტერორის და საბჭოთა რეპრესიების ისტორია. ჩვენ ახლა ვდგავართ იმ შენობასთან, რომელიც გამოიყენებოდა წინასწარი დაკავების იზოლატორად, გაჰყავდათ ხალხი დასახვრეტად. ამ შენობაში არის შემორჩენილი კვალი, წარწერები კედლებზე და ამასთანავე ეს შენობა ინგრევა და აქ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ხელს ვერ ახლებენ აქაურობას იმიტომ რომ ისტორიული შენობა არის. აუცილებელია, რომ ეს ერთადერთი შემორჩენილი შენობის შესახებ მიღებულ იყოს შესაბამისი გადაწყვეტილება და შემოვინახოთ ის, როგორც საშინელი ისტორიის სიმბოლო და ადგილი," - ამბობს ხოშტარია.

ევროპული საქართველო ასევე გამოდის ინიციატივით, როგორ ევროპულ ქალაქებში საფეხმავლო ზონებში, სადაც ბევრი ტურისტი დადის ფილებზე, საფეხმავლო ბილიკებზე ამოტვიფრული იყოს დახვრეტილი ადამიანების სახელები და გვარები.

კომენტარები