ავტორბოლა

მრავალშვილიან დედებს შორის ავტორბოლის ჩასატარებლად მთაწმინდის გამგეობა 14 000 ლარს დახარჯავს

timer.ge

მრავალშვილიან დედებს შორის ავტორბოლის ორგანიზებისთვის მთაწმინდის რაიონის გამგეობამ ტენდერი გამოაცხადა. ერთდღიანი ავტორბოლა დედის დღესთან დაკავშირებით არაუგვიანეს 8 მარტს ჩატარდება. ამისთვის მთაწმინდის რაიონის გამგეობა 14 000 ლარს დახარჯავს. სატენდერო დოკუმენტაციაში წერია, რომ მიზანი მოძრაობის უსაფრთხოების და უნარების ამაღლებაა.

"მთაწმინდის რაიონში მცხოვრები მრავალშვილიანი დედები შეიკრიბებიან თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც სტარტს აიღებს ესკორტი. ესკორტს წინ გაუძღვება 12-კაციანი ორკესტრი.

შეჯიბრი გულისხმობს არანაკლებ 1000 კვ.მეტრის ტრასის მინიმალურ დროში გავლას (ავტომანქანის ფლობის ოსტატობის ამაღლების მიზნით). მონაწილე პროფესიონალ მძღოლებს შეარჩევს მიმწოდებელი, ხოლო მონაწილე მრავალშვილიან დედებს შემსყიდველი. ეკიპაჟი უნდა შედგებოდეს ერთი პროფესიონალი და ერთი მოყვარული მძღოლისგან, რომელიც იქნება მთაწმინდის რაიონში მცხოვრები მრავალშვილიანი ქალბატონი" - ნათქვამია სატენდერო პირობებში.

ღონისძიების ჩატარებამდე, მიმწოდებელმა მთაწმინდის რაიონში მცხოვრებ 15 ქალს საკვალიფიკაციო ვარჯიშები უნდა ჩაუტაროს.

"ავტომობილების გამართულობას და ეკიპაჟის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი. მრავალშვილიან 15 ქალბატონს გადაეცემა საჩუქრები - პარფიუმერიის მაღაზიის ვაუჩერები. მოედანზე უნდა მოეწყოს სცენის იმიტირებული ადგილი დაჯილდოების ცერემონიალისთვის და მომღერლისთვის, რომელმაც ღონისძიების დასრულებისას უნდა შეასრულოს თემატური სიმღერა" - ითხოვს მთაწმინდის რაიონის გამგეობა.

წინადადებების მიღება დღეს დასრულდა. ტენდერში მონაწილეობის სურვილი ერთადერთმა პრეტედენტმა - საქართველოს ქალთა ავტოსპორტის ფედერაციამ გამოთქვა. 

კომენტარები