ავტორბოლა

მრავალშვილიან დედებს შორის ავტორბოლა ჩაიშალა, რადგან მონაწილეობა სხვა ქალებსაც სურდათ

მთაწმინდის რაიონის გამგეობამ მრავალშვილიან დედებს შორის ავტორბოლის ჩასატარებლად გამოცხადებული ტენდერი შეწყვიტა. მთაწმინდის გამგებლის მოადგილემ მიხეილ გოგოლაძემ განმარტა, რომ "ტენდერის დასრულების ეტაპზე მოიმატა გამგეობაში შემოსულმა შეტყობინებებმა, სადაც ღონისძიებაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრებმა სხვა ქალბატონებმაც, რომლებიც არ არიან მრავალშვილიანები".

გამგებლის მოადგილემ სახელმწიფო შესყიდვების სატენდერო კომისიის წევრებს ტენდერის შეწყვეტის წინადადებით მიმართა, რაც დაკმაყოფილდა.

"დოკუმენტაციაში ამ ეტაპზე შეუძლებელია ცვლილებების შეტანა, ხოლო ტენდერის ფარგლებში არ ხერხდება მსურველთა უმრავლესობის მოთხოვნის იმ ხარისხით დაკმაყოფილება, რომელიც მისაღები იქნებოდა შესყიდვის მიზნებიდან გამომდინარე" - უთხრა გოგოლაძემ კომისიის წევრებს.

სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, ტენდერი შეწყეს. მთაწმინდის გამგებლის თქმით, მომზადდება კორექტირებული სატენდერო დოკუმენტაცია, "რომელშიც გათვალისწინებული იქნება ყველა ის გარემოება, რომელიც წარმოიშვა ტენდერის გამოცხადების შემდეგ".

მრავალშვილიან დედებს შორის ერთდღიანი ავტორბოლა დედის დღესთან დაკავშირებით, არაუგვიანეს 8 მარტს უნდა ჩატარებულიყო. ამისთვის მთაწმინდის რაიონის გამგეობა 14 000 ლარის დახარჯვას აპირებდა. სატენდერო დოკუმენტაციაში ეწერა, რომ მიზანი მოძრაობის უსაფრთხოების და უნარების ამაღლებაა.

კომენტარები