დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

ენმ სასამართლოებზე ქართული ოცნების ნაწილის მიერ მომზადებულ კანონპროექტს მხარს დაუჭერს

საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" "ქართული ოცნების" დეპუტატების ნაწილის, მათ შორის, ეკა ბესელიას მიერ მომზადებულ კანონპროექტს მოსამართლეებთან დაკავშირებით, მხარს დაუჭერს. 

ამის შესახებ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ, ისაუბრა. 

"არ უნდა მივცეთ მოსამართლეთა კლანს სასამართლო სისტემის საბოლოოდ მონოპოლიზებისა თუ უზურპირების უფლება და ეს არის ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხი დღეს ქვეყნისათვის და ჩვენ, რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ჩვენი ინიციატივა და არის უმრავლესობის ერთი ნაწილის ინიციატივა, მხარს დავუჭერთ ამ კანონპროექტს,"- ამბობს გოცირიძე. 

ქართული ოცნების ნაწილის მიერ მომზადებული კანონპროექტი დღეს საპარლამენტო სესიაზე პირველი მოსმენით განიხილება. 

საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი ითხოვს რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების უვადოდ გამწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე, ანუ 2025 წლამდე გადაიდოს. ამ პოზიციას საპარლამენტო უმრავლესობის 8 წევრი იზიარებს: ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე, ოთარ ჩრდილელი, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, ალექსანდრე ერქვანია, ლევან კობერიძე და ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" წევრი დავით ჭიჭინაძე.

საკანონმდებლო ინიციატივა "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს. ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების უვადოდ გამწესება 2025 წლამდე უნდა შეჩერდეს. ინიციატორები აღნიშნავენ, რომ ამის შესაძლებლობას საქართველოს ახალი კონსტიტუცია იძლევა.

"ქართულ ოცნებაში" ბოლო პერიოდში არსებული დაპირისპირების შემდეგ, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილი უმრავლესობას დატოვებდნენ. გუშინ, 6 თებერვალს გამართული უმრავლესობის სხდომის შემდეგ ეკა ბესელიამ თქვა, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად რამდენიმე დღეს აიღებს, გედევან ფოფხაძე კი 5 თებერვალსაც არ გამორიცხავდა წასვლას და ამბობდა, რომ "აქ საუბარია არა უმრავლესობის დატოვებაზე, არამედ იმაზე, ვინ ვის დაასწრებს". ლევან გოგიჩაიშვილმა კი თქვა, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული აქვს, მაგრამ მაშინ გაახმოვანებს, როცა ამას საჭიროდ ჩათვლის

ქართულ ოცნებაში მომხდარი დაპირისპირების მიზეზი, უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების სია გახდა. სიის წარდგენის შემდეგ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა ეკა ბესელია და თქვა, რომ მისი ამ გადაწყვეტილებით სიის განხილვის პროცესი შეაჩერა. 

ბესელიას შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარედ გედევან ფოფხაძე დანიშნეს, თუმცა, რამდენიმე დღეში ქართულმა ოცნებამ ფოფხაძის კანდიდატურა გაიწვია და მიზეზად რეგლამენტის დარღვევა დაასახელა. გუშინ, 5 თებერვალს კი ამ პოსტზე პარლამენტმა უმრავლესობით ანრი ოხანაშვილი აირჩია. მოწინააღმდეგე მხარე ლევან გოგიჩაიშვილის კანდიდატურას განიხილავდა.

აღსანიშნავია, რომ 12 იანვარს, მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს შეხვდა, პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი მოსამართლეთა შესარჩევად პროცედურისა და კრიტერიუმებს შეიმუშავებს. სწორედ ამ კრიტერიუმების საფუძველზე განახლდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების სია.

21 იანვარს კი წარდგენილმა 10-ვე მოსამართლემ კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა და კანდიდატურა მოხსნა, "არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით". 

ბიძინა ივანიშვილმა, ასევე ირაკლი კობახიძემ და ქართული ოცნების სხვა წევრებმა კი "ამბოხებული დეპუტატები" გუნდურობის პრინციპის დარღვევაში დაადანაშაულეს, ვინაიდან მათ პარტიის შიგნით არსებული აზრთა სხვადასხვაობა "გარეთ გამოიტანეს".

აღსანიშნავია ისიც, რომ 5 თებერვალს ირაკლი კობახიძემ ტვ პირველის ეთერში მოსამართლეებზე საუბრისას თქვა, რომ "ადამიანები, რომლებიც მასობრივად ჩადიოდნენ ცუდ რაღაცებს, ახლა ჩადიან კარგ რაღაცებს, ამაშია საქმე".

კომენტარები