თიბისი ბანკის საქმე

"ეს არის ორკესტრირებული თავდასხმა, სურთ ჩამოგვაშორონ საქმეს" - რ2 ხაზარაძის წერილს ავრცელებს

რუსთავი 2

რუსთავი 2 მამუკა ხაზარაძის წერილს ავრცელებს, რომელიც, ტელეკომპანიის ინფორმაციით, თიბისი ბანკის დამფუძნებელმა თანამშრომლებს გაუგზავნა.

დოკუმენტის მიხედვით, ხაზარაძე თანამშრომლებს წერს, რომ უპრეცედენტო შემოტევებისა და წნეხის ქვეშ იმყოფებიან და ამის მიზანია ჩამოაშორონ საკუთარ საქმეს.

"ჩვენ ბიზნესისტორიის 29 წლის განმავლობაში ვიმყოფებით უპრეცედენტო შემოტევებისა და წნეხის ქვეშ სახელმწიფო უწყებების მხრიდან. ეს არის ორკესტრირებული თავდასხმა, რომლის მიზანია, ჩამოგვაშორონ მე და ბადრი ჩვენ საკუთარ საქმეს, რომელსაც 27 წელი შევწირეთ თქვენთან ერთად. ასევე, ჩვენ და ბანკს დაგვაბრალონ ყველაზე საშინელი დანაშაული, ფულის გათეთრება და შემდეგ დაეპატრონონ ბანკს.

ამას ვერ დავუშვებთ!

ჩვენი გუნდი არის წარმატების მაგალითი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.
ჩვენ ერთად შევქმენით უნიკალური კულტურის, ურთიერთობებისა და ტრადიციების მქონე პროფესიონალთა გუნდი, დღეს ამ გუნდის გახლეჩვა და დაშლა უნდათ.

ამას ვერ დავუშვებთ!

დღეს, როგორც არასდროს, ერთად დგომა არის გადარჩენის ერთადერთი შანსი, ბრძოლა არ იქნება ხანმოკლე. სჭირდება გამძლეობა და სიმამაცე.

ღმერთი იყოს ჩვენი შემწე ამ უთანასწორო და უსამართლო ომში.

ჩვენ ვიბრძოლებთ!

ჩვენ გავიმარჯვებთ!" - წერია რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ წერილში.

ტელეკომპანიაში ამბობენ, რომ წერილის ნამდვილობა რამდენიმე წყაროსთან გადაამოწმეს.

ტაბულა დაუკავშირდა თიბისი ბანკის პრესსამსახურის წარმომადგენლებს, სადაც ინფორმაციას ამოწმებენ. ტაბულა მათ პასუხს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

განახლება: თიბისი ბანკში შიდა ქსელით წერილის გავრცელებას ადასტურებენ.

აღსანიშნავია, რომ აქამდე მამუკა ხაზარაძეს თიბისი ბანკის საქმეზე საუბრისას ხელისუფლების მხრიდან თავდასხმა ღიად არ უხსენებია. გუშინ, 18 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე მან თქვა, რომ ელოდება მართლმსაჯულებას და ბანკი მზადაა დიალოგისთვის. ანაკლიის პორტზე საუბრისას კი ხაზარაძემ აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო მათ გვერდში უდგას, ერთ-ერთი სტრუქტურა კი გამოძიებას იწყებს, რაც შემაშფოთებელია. 

პროკურატურა თიბისი ბანკში მიმდინარე წლის 9 იანვარს შევიდა. გამოძიება მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 2008 წელს ფულის გათეთრებას ედავება.

კომენტარები