სექსუალური შევიწროება

სექსუალური შევიწროება დისკრიმინაციის ფორმად ჩაითვლება

0 კომენტარი
ფოტო: www.dawn.com

საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა დისკრიმინაციის ყველა ფორმის შესახებ კანონში ცვლილებებს, რომლის მიხედვით სექსუალური შევიწროება დისკრიმინაციის ფორმად ჩაითვლება.

კანონში შევიწროება განმარტებულია როგორც პირის დევნა, იძულება ან მის მიმართ სექსუალური ხასიათის არასასურველი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას და მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას.

ამასთან, აკრძალულია ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს პირის იძულებას, წაქეზებას ან ხელშეწყობას, ასევე დავალების მიცემას მესამე პირის მიმართ დისკრიმინაციის განსახორციელებლად.

კანონის მე-7 მუხლში ასევე განმარტებულია, რომ დისკრიმინაცია არ არის განსაკუთრებული და დროებითი ღონისძიებები, რომლებიც შემუშავებულია ფაქტობრივი თანასწორობის წასახალისებლად ან მისაღწევად, განსაკუთრებით კი გენდერულ, ორსულობისა და დედობის საკითხებში, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ.

კანონი ვრცელდება როგორც შრომით, ასევე წინასახელშეკრულებო ურთიერთობებზე, მათ შორის შერჩევის კრიტერიუმებზე, პროფესიული წინსვლის შესაძლებლობაზე, კვალიფიკაციის ამაღლების ხელმისაწვდომობაზე, შრომის ანაზღაურების პირობებზე, ჯანდაცვისა და განათლების ხელმისაწვდომობაზე და ა.შ.

ამასთან, გენდერული თანასწორობის შესახებ კანონს ემატება მე-9 პრიმა მუხლი, რომელიც საქონლის ან მომსახურების ხელმიწვდომობისას გენდერულ თანასწორობას ითვალისწინებს.

იცვლება საჯარო სამსახურის შესახებ კანონიც და მითითებულია, რომ სამუშაო ადგილზე პირთა თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვის უზრუნველსაყოფად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, მიიღოს ზომები დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა თანაბარი მოპყრობის მიზნით, მათ შორის, ასახოს დისკრიმინაციის ამკრძალავი დებულებები საჯარო დაწესებულების შინაგანაწესში და სხვა დოკუმენტებში და უზრუნველყოს მათი შესრულება.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტი უახლოეს დღეებში სექსუალური შევიწროების შესახებ კანონმდებლობაზეც იმსჯელებს. ჯანდაცვის კომიტეტმა გუშინ, 18 თებერვალს გენდერული საბჭოს მიერ მომზადებულ კანონპროექტს მხარი ერთხმად დაუჭირა. ცვლილებები კანონში სექსუალური შევიწროების განმარტების ჩაწერას, სასამართლოსთვის მიმართვის ვადის გაზრდას და სახალხო დამცველის მანდატის გაზრდას ითვალისწინებს. კანონპროექტი არეგულირებს სექსუალურ შევიწროებას როგორც დასაქმების, ისე საჯარო ადგილას.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები