სექსუალური შევიწროება

ჯანდაცვის კომიტეტმა სექსუალური შევიწროების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

jogja.tribunnews.com

​ჯანდაცვის კომიტეტმა სექსუალური შევიწროების შესახებ პარლამენტის გენდერული საბჭოს კანონპროექტს მხარი ერთხმად დაუჭირა.

​ინიციატივის მიხედვით, ცვლილება შედის ოთხს კანონში - შრომის კოდექსში, სახალხო დამცველის შესახებ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსში.

კანონპროექტი, განსაზღვრავს სექსუალური შევიწროების დეფინიციას, რომლის თანახმადაც სექსუალურ შევიწროებად ჩაითვლება, საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს ღირსების შელახვას და ქმნის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ გარემოს. ცვლილებების მიხედვით "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს" ემატება 166 პრიმა მუხლი, რომელიც საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების ცნებას საჯარო სივრცეში განსაზღვრავს. აღნიშნული მუხლი ასევე ითვალისწინებს დამამძიმებელ გარემოებებსაც და დამრღვევის მიმართ განსაზღვრულია შესაბამისი სანქციები. ცვლილება ეხება იმ მუხლებსაც, რომლის საფუძველზეც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა შეადგინონ სექსუალური შევიწროების ჩამდენი პირის მიმართ შესაბამისი ოქმი, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება სანქციის დაკისრებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული იქნება სასამართლოს მიერ

სექსუალური შევიწროების განმარტება ემატება შრომის კოდექსსაც. ამასთან, შეიცვლება შრომის კოდექსის მეორე მუხლის მე-4 პუნქტი და დისკრიმინაციად, მათ შორის სექსუალურ შევიწროებად ჩაითვლება პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ შევიწროება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას და მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, ანდა პირისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით.

ასევე, წარმოდგენილი ცვლილებათა პაკეტით, სასამართლოსთვის სარჩელის მიმართვის ვადა 1 წლამდე იზრდება. კანონპროექტის ავტორები აღნიშნავენ, რომ სასამართლოში მიმართვის სამთვიანი ვადა ხანდაზმულობის სხვა ვადებთან შედარებით ძალიან მცირეა და საქმის მასალების მოსამზადებლად საკმარისი არ არის.

"ამასთანავე, მითითებული ვადის განმავლობაში სავარაუდო მსხვერპლმა უნდა მოიძიოს ფინანსური რესურსი ბაჟის გადასახდელად, მოიპოვოს საქმესთან დაკავშირებული მტკიცებულებები და მოამზადოს სარჩელი. ვადის გაზრდის შემთხვევაში დაზარალებულს ექნება შესაძლებლობა მიმართოს საქართველოს სახალხო დამცველს და მის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - სასამართლოს. დაზარალებულის მიერ საქართველოს სახალხო დამცველისთვის დროულად მიმართვის შემთხვევაში, სასამართლოსთვის დადგენილი ერთწლიანი ვადა საკმარისი იქნება, რომ საქართველოს სახალხო დამცველმა შეძლოს საქმის სრულყოფილი შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება. იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულებს არსებითად მცირე დრო ეძლევათ სასამართლოში სარჩელის წარსადგენად და საქართველოს სახალხო დამცველის მიერ საქმის განხილვისას არ ხდება ზიანის ანაზღაურება, უმეტეს შემთხვევაში, საქართველოს სახალხო დამცველისთვის მიმართვის პარალელურად მომჩივანი სარჩელით მიმართავს სასამართლოსაც, რაც იწვევს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ საქმის წარმოების შეჩერებას. 2016 წლის განმავლობაში საქართველოს სახალხო დამცველმა, საქმის სასამართლოს მიერ განხილვის გამო, 5 საქმეზე შეაჩერა საქმის წარმოება. აღნიშნულის შედეგად ბევრი დავა საქართველოს სახალხო დამცველის კომპეტენციის გარეთ რჩება, ვინაიდან, ადამიანური და დროის რესურსის სიმცირის გათვალისწინებით, იგი მოკლებულია შესაძლებლობას, ყოველ საქმეზე 3 თვის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება", - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

გარდა ამისა, წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, იზრდება სახალხო დამცველის მანდატი და ომბუდსმენი უფლებამოსილი იქნება მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს რეკომენდაციის შესრულება თუ იურიდიულმა პირმა და კერძო სამართლის სხვა სუბიექტებმა არ გაიზიარეს ან არ უპასუხეს მის რეკომენდაციას. ამასთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ექნებათ ვალდებულება 10 დღის ვადაში სახალხო დამცველს მიაწოდონ შემოწმებისათვის აუცილებელი ყველა ცნობა, დოკუმენტი და სხვა მასალა.

იმისთვის, რომ კანონპროექტი კანონად იქცეს და ძალაში შევიდეს, დეპუტატებმა ის კიდევ რამდენიმე კომიტეტზე უნდა განიხილონ. შემდეგ კი პროექტი პლენარულ სხდომაზე გავა, სადაც 76 დეპუტატის მხარდაჭერა უნდა მიიღოს.

ამავე თემაზე წაიკითხეთ:

კომენტარები