სექსუალური შევიწროება

თათია სამხარაძემ შალვა რამიშვილს სააპელაციო სასამართლოშიც მოუგო

0 კომენტარი
ფოტო: www.facebook.com/tamar.samkharadze

თათია სამხარაძემ, რომელმაც შალვა რამიშვილს სამსახურში სექსუალური შევიწროებისთვის უჩივლა, დავა სააპელაციო სასამართლოშიც მოიგო.

თათია სამხარაძის ინტერესებს სასამართლოში "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) იცავს. ორგანიზაციის იურისტი, ანა აბაშიძე ტაბულასთან განმარტავს, რომ რამიშვილი სააპელაციო სასამართლოში ითხოვდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას, რომლითაც სექსუალური შევიწროების ფაქტი დადგინდა. თუმცა, სააპელაციოს მოსამართლემ ის ძალაში დატოვა. ძალაში დარჩა მორალური ზიანის, 2 ათასი ლარის ანაზღაურების ვალდებულებაც - შალვა რამიშვილი მის გაუქმებასაც ითხოვდა.

იურისტის თქმით, რამიშვილი ამბობდა, რომ თათია სამხარაძის მიერ ფარულად ჩაწერილი აუდიო მასალა, სადაც სექსუალური შევიწროება დასტურდება, უკანონო იყო და სასამართლოს არ უნდა გემოეყენებინა. გარდა ამისა, ანა აბაშიძის ინფორმაციით, შალვა რამიშვილი ამბობდა, რომ სექსუალური ურთიერთობის არაერთხელ შეთავაზების მიუხედავად, თათია სამხარაძე მასთან, როგორც უფროსთან კომუნიკაციას აგრძელებდა. მისი მტკიცებით, ეს იმაზე მიუთითებდა, რომ ურთიერთობა სამხარაძისთვის არასასურველი არ იყო.

ანა აბაშიძე განმარტავს, რომ არსებობს ისეთი გადაცდომები და კანონდარღვევები ქალების წინააღმდეგ, როცა მტკიცებულებები პრაქტიკულად არ არსებობს. იურისტი მიიჩნევს, რომ თუ მსხვერპლმა მოახერხა ფარულად ჩაწერა, ეს უნდა იყოს გამონაკლისი და სასამართლოზე უნდა იყოს დასაშვები.

"სხვა შემთხვევაში, პრაქტიკულად ყველა მსხვერპლი დარჩება დაცვის გარეშე და კანონის მიღმა რეალურად. ჩვენ ვუმტკიცებდით სასამართლოს, რომ დიახ, ზოგადად ფარული ჩანაწერი რის უკანონო ჩანაწერი და უკანონო მტკიცებულება, მაგრამ არის კონკრეტული საქმეები, სადაც ის სასამართლომ დასაშვებ მტკიცებულებად უნდა ცნოს მსხვერპლის ინტერესებიდან გამომდინარე", - ამბობს ანა აბაშიძე.

რაც შეეხება შალვა რამიშვილის მტკიცებას, რომ რადგან თათია სამხარაძე მასთან კომუნიკაციას აგრძელებდა, მისი შეთავაზება არასასურველი ვერ იქნებოდა, იურისტი განმარტავს, რომ კომუნიკაციის შეწყვეტის შემთხვევაში სამხარაძე სამსახურს დაკარგავდა.

"როდესაც არის სუბორდინაციული დამოკიდებულება სამუშაო ადგილზე, ადამიანები იმთავითვე არ არიან თანაბარნი უფლებრივი თვალსაზრისით და იმისთვის, რომ ქალმა არ დაკარგოს სამსახური, მას გარკვეულ შემთხვევაში უწევს კომუნიკაცია - პრაქტიკულად, იძულებულია. თათია სამხარაძე თავისი ინიციატივით ვერ შეწყვეტდა ამ კომუნიკაციას, რადგან ამ შემთხვევაში სამსახურს დაკარგავდა. გარდა ამისა, ის ყოველთვის ცდილობდა ამის ცივილური გზით მოგვარებას, ურთიერთობების გაუმჯობესებას და ცხადია, კომუნიკაცია ჰქონდა. ეს მისთვის ძალიან რთული იყო და ხდებოდა ყოველდღიური ტრავმების მიზეზი", - ამბობს ანა აბაშიძე.

იურისტის განმარტებით, თათია სამხარაძის უფლებების დამცველები სასამართლოს უხსნიდნენ, რომ სექსუალური შევიწროების შემთხვევებში თანხმობასა და უართან დაკავშირებით არსებული ტრადიციული მიდგომა არ უნდა იყოს გამოყენებული.

"ტრადიციული მიდგომაა, რომ ამბობს "არას". სექსუალური შევიწროების დროს ეს არასწორია, რადგან დამსაქმებელი ითვალისწინებს მსხვერპლის მდგომარეობას, იმას, რომ მისი პროფესიული მომავალი მასზეა დამოკიდებული და თუ კლასიკური ფორმით გამოხატავს უარს, შესაძლოა სამსახური დაკარგოს. ამიტომ, სექსუალური შევიწროების საქმეებში უკვე საერთაშორისო სტანდარტიც არის, რომლის მიხედვით, სქესის ნიშნით ძალადობის საქმეებში სასურველია მიდგომა შეიცვალოს და ვთქვათ, რომ თუ არ ეთანხმება, ე.ი., უარზეა", - განმარტავს იურისტი.

ანა აბაშიძე საუბრობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მნიშვნელობაზეც. ის ხაზს უსვამს, რომ საქართველოს კანონმდებლობა სექსუალური შევიწროების დეფინიციას არ იცნობს, რის გამოც, ქალებს ფაქტობრივად საქმეების წარმატებით დასრულების მინიმალური შანსი აქვთ. PHR-ის იურისტის თქმით, რეგულაციების ნაკლებობის გამო, ძალიან დიდია რისკი, რომ სასამართლო გადაწყვეტილება ქალების მხარდამჭერი არ იქნება. ანა აბაშიძე აღნიშნავს, რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თათია სამხარაძის საქმეზე ბევრად იყო დამოკიდებული თუ როგორი იქნებოდა სასამართლო პრაქტიკა.

"ამ ქვეყანაში ქალთა უფლებების დასაცავად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადწყვეტილება - ქალი აქტივისტების მოტივაციის ამაღლებისთვის, რწმენისთვის, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, რომ გენდერული თანასწორობა ჩვენი ქვეყნის რეალური მომავალია და ამას მხარს უჭერს სასამართლო სისტემა, რაც არის სრულიად ჯანსაღი და რეალურად, ყველა ნორმალურ ქვეყანაში ასე დაიწყო ქალთა გაძლიერება. ჩვენ ამ პროცესს ვუყურებთ არა როგორც მხოლოდ თათია სამხარაძის პროცესს, არამედ, ფართო ჭრილში - თათია სამხარაძე არის ქალი აქტივისტი უკვე და მან ძალიან მნიშვნელოვან პრეცედენტებს ჩაუყარა საფუძველი. მიმდინარე დავებიცაა სასამართლოში სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით, რომელთა სასამართლო პროცესებში დღევანდელი გადაწყვეტილება იქნება მხოლოდ და მხოლოდ გამაძლიერებელი", - ამბობს ანა აბაშიძე ტაბულასთან.

იურისტი იმედოვნებს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების მიღების დროს მათ მსჯელობას გაიზიარებდა. მოსამართლის დეტალური მსჯელობა უფლებადამცველებს ჯერ არ უნახავთ, რადგან დასაბუთებული გადაწყვეტილება არ ჩაბარებიათ. ანა აბაშიძის ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლოში სხდომა დაახლოებით სამი კვირის წინ ჩატარდა, გადაწყვეტილება კი დღეს გამოაცხადეს.

PHR-ის ინფორმაციით, სექსუალურ შევიწროებაზე გადაწყვეტილება გამოიტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს პალატამ შემდეგი შემადგენლობით - მოსამართლე დიანა ბერეკაშვილი, მოსამართლე ქეთევან დუგლაძე, მოსამართლე ბესარიონ ტაბაღუა.

მიმართავს თუ არა რამიშვილი უზენაეს სასამართლოს და მიიღებს თუ არა სასამართლო სარჩელს, ამ ეტაპზე უცნობია. მას ამისთვის ერთი თვის ვადა აქვს. 

განახლება: შალვა რამიშვილმა ტაბულას უთხრა, რომ აპირებს მიმართოს უზენაეს სასამართლოს.

ტელეკომპანია იმედის ყოფილმა თანამშრომელმა, თათია სამხარაძემ სექსუალური შევიწროებისთვის შალვა რამიშვილს სასამართლოში დაახლოებით ორი წლის წინ უჩივლა და დავა მოიგო. მისი თქმით, სექსუალური შევიწროება მისი იმჟამინდელი უფროსის მხრიდან სისტემური ხასიათის იყო. სამხარაძე ამბობს, რომ ის იძულებული გახდა, სამსახურიდან წამოსულიყო. 

ამავე თემაზე:

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები