სექსუალური შევიწროება

ჯარიმა 300-დან 1000 ლარამდე, სექსუალური შევიწროების განმარტება - რა შეიძლება ჩაიწეროს კანონში

რამდენიმე თვეში პარლამენტი სავარაუდოდ, სექსუალური შევიწროების შესახებ საკანონდებლო ცვლილებებს განიხილავს. გენდერულმა საბჭომ ინიციატივა უკვე მოამზადა, რომელიც ჯერჯერობით საჯარო არ არის, თუმცა რამდენიმე დეტალი ცნობილია.

არსებული ინფორმაციით, ცვლილება შევა რამდენიმე კანონში, მათ შორის: შრომის კოდექსში, საჯარო სამსახურის შესახებ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და ომბუდსმენის შესახებ კანონში.

ახალი ინიციატივით, განისაზღვრება სექსუალური შევიწროების დეფინიცია, გაიზრდება სახალხო დამცველის მანდატი, შემოვა ჯარიმა და ა.შ.

ცვლილებების მომზადებაში გენდერულ საბჭოს USAID-ის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ექსპერტი, იურისტი ნინო ჩიხლაძე დაეხმარა. ის ტაბულასთან განმარტავს ძირითადად რა შეიცვლება კანონმდებლობაში. მისი თქმით, ინიციატივის მიხედვით, სექსუალური შევიწროება რეგულირდება როგორც საჯარო სივრცეში, ისე დასაქმების ადგილზე.

  • სექსუალური შევიწროება საჯარო სივრცეში (ტრანსპორტი, ქუჩა, ბაღი, სკვერი და ა.შ.) - აღსრულების მექანიზმი შინაგან საქმეთა სამინისტროა. ანუ, თუ შევიწროება მოხდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ქუჩაში, სკვერში, ბაღში და ა.შ., მსხვერპლმა უნდა გამოიძახოს პოლიცია, რომელიც გამოსცემს ოქმს. სწორედ ამის საფუძველზე სასამართლო იმსჯელებს ჩათვალოს ადამიანი დამრღვევად თუ არა. გარდა ამისა, შესაძლოა იყვნენ თვითმხილველები, რომლების ჩვენებაც მნიშვნელოვანი იქნება. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა სექსუალური შევიწროების ფაქტი, გათვალისწინებულია ჯარიმა. ჯარიმის ოდენობა შეიძლება იყოს 300-დან 1000 ლარის ჩათვლით, ეს დამოკიდებულია ფაქტის განმეორებაზე და დამამძიმებელ გარემოებებზე, რომელიც შეიძლება იყოს სექსუალურ შევიწროება წინასწარი შეცნობით ორსულის ან არასრულწლოვნის მიმართ.
  • სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილზე - აღსრულების მექანიზმი სახალხო დამცველის ინსტიტუტია. ეს გულისხმობს იმას, რომ თუ კერძო ან საჯარო სექტორში მოხდება სექსუალური შევიწროების ფაქტი, მსხვერპლს შეუძლია მიმართოს სახალხო დამცველს, რომელიც შეისწავლის საქმეს და დადებს დასკვნას. თუ მხარე არ შეასრულებს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს, მსხვერპლს შეეძლება ეს სასამართლოში მოითხოვოს. აქამდე ასეთი შესაძლებლობა მხოლოდ საჯარო უწყებებში დასაქმებულ ადამიანებს ჰქონდათ, ახლა კი ემატება კერძო სექტორიც. გარდა ამისა, კვლავ შესაძლებელია მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, რაზეც დავა ასევე სასამართლოში, სამოქალაქო წესით წარიმართება.

გარდა ამისა, სავარაუდოდ, შეიცვლება ხანდაზმულობის ვადაც. თუ დღეის მდგომარეობით მსხვერპლს სექსუალური შევიწროებიდან სამი თვის განმავლობაში შეუძლია მიმართოს სასამართლოს, ეს ვადა გაიზრდება და იქნება ერთი წელი. უფლებადამცველები ამბობენ, რომ ეს მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რადგან მომხდარის გააზრებას და სასამართლოში წასვლის გადაწყვეტილების მიღებას ხშირად დიდი დრო სჭირდება.

კანონში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ისაუბრეს დღეს, "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" სამუშაო შეხვედრაზე საქართველოში სექსუალური შევიწროების სამართალწარმოებისა და რეგულირების შესახებ. ღონისძიებას უფლებადამცველები, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, სახალხო დამცველისა და შსს-ს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სახალხო დამცველის მოადგილე, ეკატერინე სხილაძე ამბობს, რომ აპარატი სექსუალური შევიწროების საქმეებს ამ ეტაპზე დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის საფუძველზე სწავლობს, თუმცა ზუსტი დეფინიციის არ არსებობა გამოწვევებს ქმნის. მისი განმარტებით, დაგეგმილი ცვლილებებით პირს, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ, ომბუდსმენთან თანამშრომლობის ვალდებულება ექნება. აქამდე ეს ვალდებულება მხოლოდ საჯარო უწყებებში დასაქმებულ ადამიანებს ჰქონდათ, ახლა ექნებათ კერძო სექტორში დასაქმებულებსაც. ასევე, სახალხო დამცველს შეეძლება მოითხოვოს ინფორმაცია მისი რეკომენდაციების შესრულების შესახებ.

"ჩვენ ვხელმძღვანელობთ ევროკავშირის დირექტივებით, ასევე, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონს განვმარტავთ იმგვარად, რომ ის მოიცავს ასევე სექსუალურ შევიწროებას, თუმცა საზოგადოების ცნობიერება, დამოკიდებულება, თუნდაც ჩვენი საქმის წარმოების ფარგლებში, მნიშვნელოვნად დამოკიდებულია იმაზე, საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს თუ არა ამა თუ იმ საკითხს. ეს არის ნომერ პირველი გამოწვევა - კანონმდებლობას გააჩნია პრევენციული ეფექტიც და ვფიქრობთ, რომ ცნობიერების გაზრდის პროცესშიც ძალიან დიდ როლს ითამაშებს კანონმდებლობის არსებობა", - ამბობს ეკა სხილაძე ტაბულასთან.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ კანონმდებლობის არარსებობის პირობებში მსხვერპლების დაცვის პროცესში ბევრ სირთულეს აწყდებიან. ორგანიზაცია ამ ეტაპზე რამდენიმე ქალს იცავს.

ნონა ქურდოვანიძის თქმით, ამ ტიპის გამოწვევებს შორისაა განმარტების არარსებობა, ხანდაზმულობის მცირე ვადა და ა.შ. დღეს წარმოდგენილ ინიციატივას ის ზოგადად დადებითად აფასებს, თუმცა ამბობს, რომ დეტალურად არ იცნობს.

"იყო საუბარი იმაზეც, რომ აღსრულების მექანიზმი იყოს უფრო ძლიერი, რათა ამას ჰქონდეს პრევენციის ფუნქცია და ადამიანმა, რომელიც ახორციელებს ან მიზნად ისახავს განახორციელოს სექსუალური შევიწროება, იცოდეს, რომ ამისთვის მას პასუხი მოეთხოვება", - აღნიშნავს ის.

იმ სირთულეებზე, რომლების გავლაც სექსუალური შევიწროების მტკიცების პროცესში უწევთ, საუბრობს "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" იურისტი ანა აბაშიძეც.

"ჩვენ გვიწევს მოსამართლეს ავუხსნათ რა არის სექსუალური შევიწროება, რადგან ეს არსად წერია. წერია დისკრიმინაცია, რომელიც სექსუალური შევიწროების დეფინიციას არ მოიცავს და ძალიან რთულია ამ ზოგად რეგულაციაში შევიწროება დაინახო. გარდა ამისა, სექსუალური შევიწროების დროს გამოიყენება განსხვავებული მტკიცების სტანდარტი. ბევრი რამ დამოკიდებულია მოსამართლის გამოცდილებაზე და სურვილზე, წაიკითხოს დამატებით არასავალდებულო ლიტერატურა და სხვა ქვეყნების გამოცდილება, რომელსაც თუ მოახერხებს, რომ ჩვენი კანონმდებლობის ფარგლებში ჩასვას, შეიძლება კარგი შედეგი მივიღოთ. მაგრამ არც მოსამართლის ასეთი რისკის წინაშე დაყენებაა მიზანშეწონილი ჩვენს სისტემაში, არც ადვოკატების და რაც მთავარია, არც მსხვერპლის, რომელმაც გამოსცადა ეს და ვერ ამტკიცებს, რადგან აბსოლუტურად გამოუცდელია მთელი სისტემა", - ამბობს ის.

ანა აბაშიძე აღნიშნავს, რომ პარლამენტის მხრიდან ღიაობას ხედავს და იმედოვნებს, რომ სანამ ინიციატივა კანონის სახეს მიიღებს, სპეციალისტებთან კონსულტაციები კვლავ გაიმართება.

პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი ამბობს, რომ ცვლილებების ინიცირება, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლოს მოხდება, ხოლო საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტი მათ განიხილავს. ცქიტიშვილი აღნიშნავს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია კანონმდებლობაში სექსუალური შევიწროების განმარტების ჩაწერა.

ტაბულას კითხვას, არის თუ არა მზად პარლამენტი ამ ცვლილებებისთვის, დეპუტატი პასუხობს, რომ გენდერული საბჭო, რომელიც მრავალპარტიულია, ინიციატივას ეთანხმება.

"მოგეხსენებათ, გენდერული საბჭო მრავალპარტიულია და ვფიქრობ, პარტიული ნიშნით გაყოფა ამ საკითხზე ნაკლებად იქნება. ეს საერთო საკითხია, რომელზეც სხვადასხვა პარტიის ერთიანი მიდგომა უნდა არსებობდეს. წინასწარ ძნელია თქმა, როგორი იქნება საპარლამენტო განხილვების პროცესი და როგორი დისკუსიები წარიმართება, მაგრამ ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ კანონის მიღების მზაობა არის ერთის მხრივ გენდერულ საბჭოში, მიმდინარეობს ინტენსიური კონსულტაციები სამოქალაქო სექტორთანაც. ასევე, იყო კონსულტაციები იმ ორგანიზაციებთან, რომლებმაც უნდა აღასრულონ ეს ცვლილებები - ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახალხო დამცველი. ორივეს ჰქონდა გარკვეული კომენტარები, შენიშვნები, რომელიც ამ პაკეტში თავმოყრილია. შეიძლება ითქვას, რომ ჩართული ინსტიტუტების მზაობა არის ძალიან მაღალი. საპარლამენტო განხილვები ალბათ ძალიან მრავალფეროვანი იქნება, ველოდები ყველანაირ კომენტარს, მაგრამ საბოლოო ჯამში იმედი მაქვს, რომ პარლამენტი ცვლილებებს მხარს დაუჭერს", - ამბობს ცქიტიშვილი.

მისივე ინფორმაციით, დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, კერძო სექტორში სექსუალური შევიწროებისთვის კანონმდებლობა ფინანსურ სანქციებს არ დააწესებს, თუმცა დამსაქმებელს ექნება ვალდებულება, რომ უზრუნველყოს არადისკრიმინაციული გარემო. დიმიტრი ცქიტიშვილი ამბობს, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები კომპანიებთანაც ექნებათ.

"სახელმწიფო ყველა შემთხვევაში ვერ ჩაერევა. კერძო სექტორი დახურული სივრცეა, მსხვერპლიც ყოველთვის არ გაძლევს საშუალებას, რომ მიხვიდე. ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიას ჰქონდეს ძალიან სწორად განსაზღვრული მექანიზმები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა დაიცვას თავისი პერსონალი სექსუალური შევიწროებისგან. თუ გასაჯაროვდა, მაშინ შეიძლება სახელმწიფო ჩაერიოს, მაგრამ ძალიან ბევრი შემთხვევაა, როცა გასაჯაროების გარეშე რჩება, ამიტომ კომპანიებმა ძალისხმევა უნდა გაწიონ, რომ აღმოფხვრან შევიწროება დასაქმების ადგილზე", - აღნიშნავს დეპუტატი.

შეხვედრას ესწრებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ხელმღვანელი ლონდა თოლორაიაც, რომელმაც თქვა, რომ უწყება კანონის შემუშავებაში ძალიან აქტიურად არის ჩართული და სრულად ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ სექსუალური შევიწროების საკანონმდებლო რეგულაცია აუცილებელია. 

"ჩვენ უნდა გავატაროთ შესაბამისი ღონისძიებები, რათა ამ გამოწვევას შევხვდეთ მომზადებულები. კერძოდ, აუცილებელია რესურსების მობილიზება, პოლიციელთა გადამზადება და უკვე ვმუშაობთ ტრენინგ მოდულზე, რომელიც ითვალისწინებს პოლიციის იმ თანამშრომლების გადამზადებას, რომლებიც ამ მიმართულებით იმუშავებენ. თავისთავად ცხადია, ამ კანონს ექნება თავისი გამოწვევები და საჭირო იქნება ცნობიერების ამაღლება როგორც სისტემის შიგნით, ასევე სისტემის გარეთ. სამინისტრო, ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს", - ამბობს ლონდა თოლორაია ტაბულასთან.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე საქართველოს კანონმდებლობაში სექსუალური შევიწროების დეფინიცია არ არსებობს. ასეთი საქმეების განხილვა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონით ხდება, რომელიც სქესის ნიშნით დისკრიმინაციას მოიცავს. გარდა ამისა, სახალხო დამცველი ხელმძღვანელობს საერთაშორისო ნორმებით.

ცნობისთვის, სექსუალური შევიწროება არის სექსუალური ხასიათის არასასურველი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან ფიზიკური ქმედება, რომელიც ადამიანს შეურაცხყოფს, ამცირებს, აშინებს ან ღირსებას ულახავს.

სექსუალური შევიწროება შეიძლება ხდებოდეს სამსახურში ან სამსახურს გარეთ, მაგალითად - ქუჩაში, ტრანსპორტში და ა.შ. სამუშაო ადგილას სექსუალურ შევიწროებას ორი ფორმა აქვს:

  • მომსახურება მომსახურების სანაცვლოდ (Quid Pro Quo), რაც სექსუალური ხასიათის მოთხოვნას გულისხმობს;
  • მტრული სამუშაო გარემო, რაც სამსახურში დამაშინებელი, შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას გულისხმობს.

სექსუალური შევიწროების მაგალითი ძალიან ბევრია და მათი ამომწურავად ჩამოთვლა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ტაბულა ეყრდნობა სახალხო დამცველის მითითებებს, რომლის მიხედვით, სექსუალური შევიწროება შეიძლება იყოს ფიზიკური, სიტყვიერი (ვერბალური) და არასიტყვიერი.

ფიზიკური ქცევა:

  • არასასურველი ფიზიკური კონტაქტი, რომელიც მოიცავს მოფერებას, ჩახუტებას, ხელის გადასმას, ჩქმეტას ან/და სხვა შეუფერებელ შეხებას;
  • ფიზიკური ძალადობა, მათ შორის სექსუალური ძალადობა;
  • სამსახურთან დაკავშირებული მუქარა ან წახალისება სექსუალური ქცევის სანაცვლოდ.

სიტყვიერი (ვერბალური) ქცევა:

  • კომენტარები გარეგნობის, ასაკის, პირადი ცხოვრების და ა.შ. შესახებ;
  • სექსუალური კომენტარები, ამბები, ხუმრობები;
  • განმეორებადი და არასასურველი დაპატიჟება პაემანზე;
  • შეურაცხყოფა სქესის, გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე;
  • ქედმაღლური და პატერნალისტური შენიშვნები/დამოკიდებულება.

არასიტყვიერი ქცევა:

  • აშკარა სექსუალურად გამოხატული მასალის ჩვენება;
  • სექსუალური ხასიათის მიუღებელი ჟესტიკულაცია;
  • სტვენა.

საქართველოში სექსუალური შევიწროების შესახებ კანონზე აქტიური საუბარი დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო. ის ქალთა მოძრაობამ მოითხოვა. რამდენიმე თვის შემდეგ, ცნობილი გახდა კონკრეტული საქმეების შესახებაც, მათ შორის იყო არასამთავრობო ორგანიზაცია სიდა-ს ყოფილი ხელმძღვანელის, ზვიად დევდარიანის მიმართ ბრალდებები, რომლების ნაწილი რამდენიმე კვირის წინ სახალხო დამცველმა დაადასტურა. ასევე, ცნობილი გახდა საჯარო რეესტრის ყოფილი თავმჯდომარის მხრიდან თანამშრომლის სექსუალური შევიწროების შესახებაც, რომელიც ასევე დაადასტურა სახალხო დამცველმა. ზვიად დევდარიანმა და პაპუნა უგრეხელიძემ თანამდებობები სწორედ ამ თემების გახმაურების შემდეგ დატოვეს. ორივე მათგანმა ჩათვალა, რომ მათი პატივი და ღირსება შეილახა და სასამართლოს მიმართეს. საქმეებზე გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. გარდა ამისა, ორი წლის წინ ტელეკომპანია იმედის ყოფილმა თანამშრომელმა თათია სამხარაძემ სექსუალური შევიწროებისთვის შალვა რამიშვილს სასამართლოში უჩივლა და დავა მოიგო. მისი თქმით, სექსუალური შევიწროება მისი იმჟამინდელი უფროსის მხრიდან სისტემური ხასიათის იყო. სამხარაძე ამბობს, რომ ის იძულებული გახდა, სამსახურიდან წამოსულიყო. საქმე ამჟამად სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს.

წაიკითხეთ ამ თემაზე:

კომენტარები