სექსუალური შევიწროება

რა არის სექსუალური შევიწროება და შეიძლება თუ არა მისი "დაბრალება"?

ბოლო დროს გახმაურებული ფაქტების შემდეგ, კიდევ ერთხელ გაჩნდა კითხვები - რა არის სექსუალური შევიწროება, რაში გამოიხატება ის, შეიძლება თუ არა ვინმეს "დააბრალონ" და ხდება თუ არა ფლირტი დასჯადი. ტაბულა სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და იურისტებს ესაუბრა. ყველაზე მთავარი, რაც სექსუალური შევიწროების შემთხვევებზე საუბრისას უნდა გვახსოვდეს, არის სიტყვა "არასასურველი".

სექსუალური შევიწროება არის სექსუალური ხასიათის არასასურველი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან ფიზიკური ქმედება, რომელიც ადამიანს შეურაცხყოფს, ამცირებს, აშინებს ან ღირსებას ულახავს.

სექსუალური შევიწროება შეიძლება ხდებოდეს სამსახურში ან სამსახურს გარეთ, მაგალითად - ქუჩაში, ტრანსპორტში და ა.შ. სამუშაო ადგილას სექსუალურ შევიწროებას ორი ფორმა აქვს:

  • მომსახურება მომსახურების სანაცვლოდ (Quid Pro Quo), რაც სექსუალური ხასიათის მოთხოვნას გულისხმობს;
  • მტრული სამუშაო გარემო, რაც სამსახურში დამაშინებელი, შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას გულისხმობს.

სექსუალური შევიწროების მაგალითი ძალიან ბევრია და მათი ამომწურავად ჩამოთვლა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ტაბულა ეყრდნობა სახალხო დამცველის მითითებებს, რომლის მიხედვით, სექსუალური შევიწროება შეიძლება იყოს ფიზიკური, სიტყვიერი (ვერბალური) და არასიტყვიერი.

ფიზიკური ქცევა:

  • არასასურველი ფიზიკური კონტაქტი, რომელიც მოიცავს მოფერებას, ჩახუტებას, ხელის გადასმას, ჩქმეტას ან/და სხვა შეუფერებელ შეხებას;
  • ფიზიკური ძალადობა, მათ შორის სექსუალური ძალადობა;
  • სამსახურთან დაკავშირებული მუქარა ან წახალისება სექსუალური ქცევის სანაცვლოდ.

სიტყვიერი (ვერბალური) ქცევა

  • კომენტარები გარეგნობის, ასაკის, პირადი ცხოვრების და ა.შ. შესახებ;
  • სექსუალური კომენტარები, ამბები, ხუმრობები;
  • განმეორებადი და არასასურველი დაპატიჟება პაემანზე;
  • შეურაცხყოფა სქესის, გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე;
  • ქედმაღლური და პატერნალისტური შენიშვნები/დამოკიდებულება.

არასიტყვიერი ქცევა:

  • აშკარა სექსუალურად გამოხატული მასალის ჩვენება;
  • სექსუალური ხასიათის მიუღებელი ჟესტიკულაცია;
  • სტვენა.

აღსანიშნავია, რომ სექსუალური შევიწროება შეიძლება იყოს როგორც ჰორიზონტალურ, ასევე დაქვემდებარებულ ურთიერთობებში.

იურისტი, "პარტიორობა ადამიანის უფლებებისთვის" წარმომადგენელი, ანა არგანაშვილი ამბობს, რომ სამსახურში სექსუალური შევიწროების მსხვერპლს შესაძლოა ყოველთვის არ ეყოს იმის ძალა, რომ აქტიურად შეეწინააღმდეგოს შემავიწროებელს. თუმცა მისი ნებისმიერი ფორმით გამოხატული უარი გასათვალისწინებელია და ამის შემდეგ აღნიშნული ქმედების გაგრძელება ჩაითვლება მისი ნების წინააღმდეგ განხორციელებული სექსუალური შინაარსის ქმედებად. სახალხო დამცველის განმარტებით, სექსუალური ხასიათის ქცევა არასასურველია, როცა პირი, რომელიც ამ ქმედებას ექვემდებარება, მას ასეთად მიიჩნევს.

"სექსუალურ შევიწროებას ხშირად ახასიათებს მსხვერპლის ნების დათრგუნვა, რა მას ხელს უშლის დაიცვას საკუთარი თავი", - ამბობს ანა არგანაშვილი.

როგორც მტკიცდება სექსუალური შევიწროება?

იმის გამო, რომ საქართველოს კანონმდებლობა სექსუალური შევიწროების დეფინიციას არ იცნობს, მისი დადგენა "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის" შესახებ კანონით ხდება.

სწორედ ამ კანონს იყენებს სახალხო დამცველის აპარატიც. უწყების თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი, ქეთი შუბაშვილი ტაბულასთან განმარტავს, რომ სექსუალური შევიწროების შესახებ განცხადების შესვლის შემდეგ ამოწმებენ იმ ინფორმაციას, ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რასაც განმცხადებელი ასახელებს.

"რა თქმა უნდა, მხოლოდ იმის თქმა, რომ ასეთ ქმედებას ადგილი ჰქონდა, საკმარისი არ არის და საჭიროა შესაბამისი მტკიცებულებები. ასეთი მტკიცებულება შეიძლება იყოს SMS მიმოწერა ან ინტერნეტში კომუნიკაცია, ასევე, მესამე პირები, რომლებიც შესაძლოა შესწრებიან ფაქტს ან განმცხადებელმა უთხრა ძალადობის შესახებ. ასევე, თუ არსებობს ვიდეო ან აუდიო ჩანაწერი, ძალიან კარგი იქნება და გვეხმარება საქმის შესწავლაში", - ამბობს ქეთი შუბაშვილი.

რაც შეეხება მტკიცებულებების შინარსობრივ მხარეს, თანასწორობის დეპარტამენტის უფროსის თქმით, პირველ რიგში, ფასდება გამონათქვამები და მიმოწერა, შემდეგ კი მათი ინტენსივობა. მესამე კომპონენტია, თუ როგორ აღიქვამს ამას მსხვერპლი.

"მაგალითად, თუ შინაარსი არის სექსუალური შევიწროების შემცველი და მსხვერპლი პასუხობს ოფიციალურად, ეს მისგან გარკვეულ თავშეკავებაზე შეიძლება მიუთითებდეს, განსაკუთრებით, თუ მისი ხელმძღვანელია. ასევე, მნიშვნელობა აქვს ამ ქმედებამდე არსებულ ურთიერთობას - მეგობრობდნენ თუ არა მანამდე, ჰქონდათ თუ არა რამე ურთიერთობა და ა.შ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ თუ ადამიანებს წარსულში ჰქონდათ პარტნიორული ურთიერთობა, ეს არ  გამორიცხავს შემდგომში სექსუალურ შევიწროებას, რადგან შეიძლება რაღაც დროს ეს გახდეს არასასურველი", - ამბობს შუბაშვილი.

მომდევნო ეტაპია მეორე მხარესთან გასაუბრება. სახალხო დამცველის აპარატი მას გააცნობს ყველა მტკიცებულებას და აძლევს საშულებას წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრება. იმ შემთხვევაში, თუ ის მტკიცებულებებს საეჭვოდ მიიჩნევს, ტარდება ექსპერტიზა.

"მხოლოდ ამ ყველა ეტაპის გავლის შემდეგ მივდივართ საბოლოო დასკვნამდე. სამართლებრივი დაცვის მექანიზმები, მათ შორის სახალხო დამცველის სასამართლო, სწორედ იმისთვის არსებობს, რომ ყველაფერი გამოიკვლიოს და ერთის მხრივ, არ დარჩეს მსხვერპლის უფლება დაუცველი და მეორეს მხრივ, არ მოხდეს ისე, რომ რომელიმე ადამიანი, რომელიმე მოპასუხე უსამართლოდ, უკანონოდ მივიჩნიოთ შემავიწროებლად", - აცხადებს შუბაშვილი.

ანა არგანაშვილი ამბობს, რომ სექსუალური შევიწროების "დაბრალება" მარტივი არ არის, საჭიროა მტკიცებულებები და ამის სამართლებრივი დადასტურება.

"დისკრიმინაციას ახასიათებს ერთი თავისებურება, რომ მას შემდეგ, რაც მსხვერპლი შექმნის დისკრიმინაციის დასაბუთებულ ვარაუდს, წარადგენს მტკიცებულებებს, შემდეგ მტკიცების ტვირთი გადადის დისკრიმინატორზე და მან უნდა გააქარწყლოს ეს ვარაუდი. ზოგადად, დისკრიმინაციის და შევიწროების გამოკვლევა რთული სამართლებრივი პროცესია და ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ ერთი მხარის განცხადებაზე. ეს ისევე დგინდება სამართლებრივად, როგორც სხვა საქმეების შემთხვევაში - ორივე მხარეს აქვს საკუთარი პოზიციების დაფიქსირების და მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა. ძალიან ხშირად, სწორედ შევიწროებული არის უარეს მდგომარეობაში, რადგან მტკიცებულებების მოპოვება მარტივი არ არის. ხშირად, არ არსებობს მოწმე ან დათრგუნულ, შეურაცხმყოფელ სიტუაციაში მყოფი ქალი ვერ ახერხებს მტკიცებულებების შენახვას. ამიტომ, თუ ვინმე უარეს მდგომარეობაშია, ეს შევიწროებულია", - აცხადებს არგანაშვილი.

ფლირტი და სექსუალური შევიწროება

ფლირტსა და სექსუალურ შევიწროებას შორის დიდი სხვაობაა და აქ ყველაზე მთავარი თანხმობის ნაწილია. ფლირტი არის ორმხრივი ნება, სექსუალური შევიწროება კი მსხვერპლისთვის არასასურველი, მიუღებელია.

"ხშირად არის დაბნეულობა და ადამიანები ერთმანეთში ურევენ ფლირტს, კომპლიმენტსა და შევიწროებას. თუ ეს არის ორმხრივი ნება, რა თქმა უნდა, შევიწროებასთან არ გვაქვს საქმე. მაგრამ თუ ქალი იტყვის გასაგებად, რომ ეს მიუღებელი ქცევაა და მიუხედავად ამისა, კვლავ გრძელდება, ეს უკვე გადაიზრდება შევიწროებაში", - ამბობს ანა არგანაშვილი.

ქეთი შუბაშვილის განმარტებით, შეიძლება ადამიანმა პირდაპირ უარი არ თქვას, მაგრამ ეს მისი დამოკიდებულებიდან გამომდინარეობდეს.

"აქ ყველაზე მთავარი ისაა, რომ სექსუალური შევიწროების დროს ეს მსხვერპლისთვის არის არასასურველი, მიუღებელი. არ არის აუცილებელი, რომ ერთმნიშვნელოვნად თქვას ამის მიუღებლობა. ხშირად მისი დამოკიდებულებიდანაც გამომდინარეობს - არ პასუხობს შეთავაზებებს, უარს ამბობს შეხვედრაზე და ა.შ. თუ ადამიანმა პირდაპირ თქვა, რომ არ სურს ურთიერთობა, ეს ძალიან ნათელი უარია. თუ პირველ შეთავაზებაზე უარი გაუგებარია, მეორე და მესამე შემთხვევაშიც რომ უარს ამბობს, გასაგები უნდა იყოს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია როგორი იქნება პირველი კონტაქტი, რამდენად აგრესიულად ხდება ეს სავარაუდო შემავიწროებლის მხრიდან და როგორი ურთიერთობა აქვთ მათ ერთმანეთთან. პირველივე კონტაქტის დროს სექსის შეთავაზება, შესაძლოა, აღქმული იყოს როგორც სექსუალური შევიწროება. ასევე, მნიშვნელოვანია, რისი შეთავაზება ხდება, რამდენად აგრესიულად ხდება ეს ყველაფერი, რამდენად ინტენსიურია, რამდენად ერთმნიშვნელოვანია მსხვერპლის უარი და ა.შ.", - ამბობს სახალხო დამცველის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი.

კანონმდებლობა

საქართველოს კანონმდებლობა სექსუალურ შევიწროებას ამ დრომდე არ ცნობს. ამიტომ, ამ კუთხით დავები საერთაშორისო კანონებით და "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონით მიმდინარეობს, სადაც იურისტები სქესის ნიშნით დისკრიმინაციის დამტკიცებას ცდილობენ.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ კანონმდებლობის შეცვლა აუცილებელია.

იგივე პოზიციას იზიარებს "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" იურისტი, ანა არგანაშვილი.

"რადგან არსებულ კანონმდებლობაში სექსუალური შევიწროების დეფინიცია არ გვაქვს, მხოლოდ დისკრიმინაციის კუთხით შეგვიძლია დავა. ამას ახლავს შემზღუდველი პირობები და ეს არის სამთვიანი ხანდაზმულობის ვადა. ანუ, მას შემდეგ, რაც ფაქტი მოხდება, მსხვერპლი გაიგებს ან უნდა გაეგო დისკრიმინაციის განხორციელების შესახებ, სასამართლოში სარჩელი უნდა შეიტანონ სამი თვის განმავლობაში. ეს არის ძალიან მცირე დრო და სწორედ ამიტომ არის გართულებული სასამართლოსადმი მიმართვა. მე ვიტყოდი, რომ ამის გამო მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა გარკვეულწილად იზღუდება. შევიწროება დისკრიმინაციის ზუსტად ისეთი ფორმაა, რომელსაც გაცილებით დიდი დრო სჭირდება, რათა მსხვერპლი გამოფხიზლდეს, ძალები მოიკრიბოს და დაიწყოს საკუთარი თავის დაცვა", - ამბობს არგანაშვილი.

მისივე განმარტებით, დაუშვებელია ადამიანის "დასჯა" იმის გამო, რომ მან იჩივლა და ამას "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონი არეგულირებს.

"დისკრიმინაციის საკითხზე ჩივილის გამო შურისძიება ცალკე არის გამოყოფილი და ამის გამო ცალკე წარმოება უნდა დაიწყოს. საერთაშორისო სტანდარტებში არაერთხელ არის ხაზგასმული, რომ მსხვერპლის დასჯა არ უნდა მოხდეს იმის გამო (თუნდაც ფეისბუქით), რომ საკუთარი უფლებების დაცვა სცადა", - ამბობს ანა არგანაშვილი.

აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის გარდა, სექსუალური შევიწროების კანონით აკრძალვას ითხოვს ქალთა მოძრაობა. საქართველოს პარლამენტს გასულ წლის შემოდგომაზე წარედგინა პეტიცია, რომლის მოთხოვნაა პარლამენტმა დაუყოვნებლივ მიიღოს საკანონმდებლო ცვლილებები შრომისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, რათა სექსუალური შევიწროება აიკრძალოს როგორც დასაქმების ადგილზე, ისე საჯარო სივრცეში.

ნახეთ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მომზადებული 2 ვიდეო სამსახურში სექსუალური შევიწროების შესახებ:

ასევე, წაიკითხეთ: რას ყვებიან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ქალები

კომენტარები