დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

ვოლსკი ტაბულას ინფორმაციაზე: შეგიძლიათ თქვათ, რომ არც უარვყოფ და არც ვადასტურებ

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი არც უარყოფს და არც ადასტურებს, რომ ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის წევრებს ბიძინა ივანიშვილის სახელით მოსთხოვა, არ დაეჭირათ მხარი ეკა ბესელიას კანონპროექტისთვის მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის 2024 წლამდე გადატანის შესახებ.

"მე არამგონია, რომ ჩვენ შიდა ჩატში, სადაც მიმოწერა გვაქვს ერთმანეთთან, უნდა განვიხილოთ მედიასთან. შეგიძლიათ თქვათ, რომ არც უარვყოფ და არც ვადასტურებ. მე ვფიქრობ, რომ გუნდის შიგნით გვქონდა სერიოზული რესურსი იმისთვის, რათ პოზიციები შეგვეჯერებინა, იმიტომ, რომ არის საკმაოდ პოპულარული განცხადებები, ხშირ შემთხვევაში პოპულიზის უფრო მეტი ნიშნებით და არის მეორე პრაგმატული ვითარება, რომელიც შეიქმნებოდა, თუკი ამ კანონპროექტს დავუჭერდით მხარს. ეს ყველასთვის ნათელია და მოყვა თუ არა მესიჯი, ეს უკვე ჩვენი შიდა საქმეა და ცუდია, რომ ეს გარეთ გამოაქვთ", - ამბობს გია ვოლსკი.

ტაბულას ინფორმირებული წყაროს ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის დეპუტატებს ბიძინა ივანიშვილის სახელით მესიჯი გაუგზავნა. მასში წერია, რომ ეკა ბესელიას ინიცირებული კანონპროექტის მხარდაჭერა ქართული ოცნების და საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას ნიშნავდა.

"კონსტიტუციისა და პოლიტსაბჭოს პოზიციის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მხარდაჭერა, მით უმეტეს იმ პარტიასთან კონსენსუსით, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად ჩავაბარეთ წარსულს 2012 წელს, არის კონსტიტუციისა და პარტიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. შესაბამისად, კანონპროექტის მხარდაჭერა ნიშნავს გადაწყვეტილების მიღებას პარტიისა და საპარლამენტო უმრავლესობის რიგების დატოვების შესახებ" - წერია მესიჯში, რომელიც ტაბულას წყარომ მიაწოდა.

ბესელიას და ოცნების დეპუტატების ნაწილის კანონპროექტს მოსამართლეების შესახებ პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. 45 იყო მომხრე, 17 წინააღმდეგი. ამის გამო, ეკა ბესელიამ დღეს ქართული ოცნება და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა.

ეკა ბესელია და კიდევ 8 დეპუტატი ითხოვდა, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების უვადოდ გამწესება 2025 წლამდე გადადებულიყო. ამ პოზიციას საპარლამენტო უმრავლესობის 8 წევრი იზიარებდა: ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე, ოთარ ჩრდილელი, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, ალექსანდრე ერქვანია, ლევან კობერიძე, ასევე, ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" წევრი დავით ჭიჭინაძე.

გუშინდელ სხდომაზე ოცნების დეპუტატებმა ნუკრი ქანთარიამ და ზაზა პაპუაშვილმაც თქვეს, რომ კანონპროექტს მხარს დაუჭერდნენ.

კომენტარები