იუსტიციის უმაღლესი საბჭო

ჯანეზაშვილი: საბჭოდან წავალ, თუ ჩინჩალაძე და მისი "კლანი" მოსამართლის სტატუსს დათმობენ

კომერსანტი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ქართული ოცნების დეპუტატის, პარლამენტის ვიცესპიკერის, თამარ ჩუგოშვილის, მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც პარლამენტს შესთავაზა, იუსტიციის საბჭოდან პარლამენტს საკუთარი კვოტით დანიშნული 5 წევრი გამოეწვია, რომელთა შორის ნაზი ჯანეზაშვილიც არის. 

ჯანეზაშვილის თქმით, მისთვის შეურაცხყმყოფელი იქნება, თუკი მისი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს პარლამენტი კენჭს უყრის. მისივე თქმით, ეს იქნება პარლამენტისთვის გამოუსწორებელი შეცდომა. 

"ნამდვილად, გულწრფელად მჯერა, რომ სასამართლო სისტემა ამ ქვეყანას გადაარჩენს და ჩვენ აუცილებლად უნდა შევქმნათ კარგი სასამართლო სისტემა, მაგრამ იმ კლანის ხელში და იმ ადამიანების ხელში, რომელიც მართავს სისტემას, ეს არის შეუძლებელი. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ჩემი უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ პარლამენტის მიერ საკითხის კენჭისყრაზე გატანა იქნება ჩემთვის შეურაცხმყოფელი და მე ვფიქრობ, რომ პარლამენტისთვის ეს იქნება გამოუსწორებელი შეცდომა, რადგან მე მიმაჩნია, რომ ჩემი საქმიანობის განხორციელებისას ვხელმძღვანელობდი ძალიან დიდი პასუხისმგებლობით და იმ პრინციპებით, რომლებიც საჭიროა დემოკრატიულ ფასეულობებზე დამყარებული სასამართლო სისტემის შექმნისთვის,"- ამბობს ჯანეზაშვილი. 

მანვე აღნიშნა, რომ თუკი მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები მოსამართლის თანამდებობიდან გადადგებიან, ის თავის მხრივ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დატოვებს. 

"ამიტომ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლის თანამდებობიდან გადადგებიან მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები მოსამართლის თანამდებობიდან გადადგებიან, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მხოლოდ მოსამართლეობის თანამდებობას ვგულისხმობ და არა საბჭოს წევრობას, იმავე დღეს, მე დავწერ განცხადებას ჩემი გადადგომის შესახებ და წარვუდგენ პარლამენტს. თუ ეს ადამიანები გადადგებიან თანამდებობიდან და შეიჩერებენ მოსამართლის სტატუსს, რადგან გამოსავალი არის იმაში, რომ წავიდეს კლანი სისტემიდან, გამოსავალი არ არის იმაში, რომ ღირსეული ადამიანები წავიდნენ სისტემიდან. გამოსავალი არის იმაში, რომ იყოს ინდივიდუალური მიდგომა და აუცილებელია, რომ კლანმა დატოვოს სისტემა და მხოლოდ ამ შემთხვევაში, მე ჩემით დავწერ განცხადებას და წავალ სასამართლოდან,"- თქვა ჯანეზაშვილმა. 

ჩუგოშვილმა გუშინ პარლამენტს შესთავაზა, რომ თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭო საკუთარი გადაწყვეტილებით მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესს არ შეაჩერებს, პარლამენტმა საბჭოდან საკუთარი კვოტით დანიშნული ხუთივე წევრი გამოიწვიოს, რადგან მისი განმარტებით, ამ შემთხვევაში უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა უვადოდ განწესებაზე გადაწყვეტილებას ვეღარ მიიღებს.

კომენტარები