ინდოეთი-პაკისტანი

ინდოეთმა ქაშმირში ცეცხლის შეწყვეტის ხაზთან საჰაერო თავდასხმა განახორციელა

AFP

ინდოეთმა ქაშმირში, 1971 წლის ომის ცეცხლის შეწყვეტის ხაზთან საჰაერო დარტყმები განახორიელა.

მათი თქმით სამიზნეს დაჯგუფება ჯაიშ-ე-მუჰამედის საწვრთნელი ბანაკი წარმოადგენდა.

პაკისტანის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ინდოეთის საბრძოლო თვითმფრინავებმა 7 კილომეტრი დაფარეს, რის შემდეგაც პაკისტანის საჰაერო ძალებმა ისინი უკან გააბრუნეს. მათი განცხადების მიხედვით თვითმფრინავებმა ასაფეთქებელი მასალა საკუთარ ტერიტორიაზე დაბრუნებამდე დაცალეს და ამას მსხვერპლი ან ზარალი არ მოჰყოლია.

პაკისტანის პრემიერმინისტრის, იმრან ხანის თქმით ეს პაკისტანის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის დარღვევაა და პაკისტანს შესაფერისი საპასუხო ქმედები და თავდაცვის უფლება აქვს.

შეგახსენებთ, რომ 15 თებერვალს ქაშმირში, ინდოეთის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე თვითმკვლელი ტერორისტი დანაღმული მანქანით ავტობუსს დაეჯახა, რომელშიც ინდოეთის სამხედროები იმყოფებოდნენ. დაიღუპა 44 სამხედრო.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა სწორედ ჯაიშ-ე-მუჰამედმა აიღო. ინდოეთმა პაკისტანს მოუწოდა ემოქმედა დაჯგუფების წინააღმდეგ და აღარ მიეცა მისთვის საკუთარ ტერიტორიაზე თავისუფლად მოქმედების საშუალება.

"მოვითხოვთ, რომ პაკისტანმა შეწყვიტოს ტერორისტების მხარდაჭერა და ტერორისტული ჯგუფების მოქმედება მის ტერიტორიაზე. ასევე, მოარღვიოს ის ინფრასტრუქტურა, რასაც ტერორისტები სხვა ქვეყნებზე თავდასხმის განსახორციელებლად იყენებენ." ნათქვამი იყო ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში.

ოფიციალური ისლამაბადი თავდასხმასთან რაიმე სახის კავშირს უარყოფს.

ჯაიშ-ე-მუჰამედი ქაშმირის ტერიტორიაზე მოქმედი ყველაზე მძლავრი დაჯგუფებაა. მათ 2001 წელს ინდოეთის პარლამენტზეც განახორციელეს თავდასხმა.

კომენტარები