ფარული ჩანაწერები

"ეს არის ჩვეულობრივი პროვოკაცია, შეურაცმყოფელია" - მათიკაშვილი ჯაფარიძისგან ბოდიშს ითხოვს

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი

დეპუტატი დავით მათიკაშვილი, რომელმაც სამსახურის მეილზე ზურაბ ჯაფარიძისგან პორნოგრაფიული ვიდეოს ბმული მიიღო, "გირჩის" ლიდერისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.

მათიკაშვილის თქმით, ჯაფარიძის ფეისბუქ პოსტი, სადაც ის წერს, რომ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვიდეო ჩამოტვირთა და "ჩაუჯდა საყურებლად", დეზინფორმაციული შინაარსისაა.

ტაბულა მათიკაშვილის ფეისბუქ პოსტს სრულად გთავაზობთ. სტილი დაცულია.

"ბატონ ზურაბ ჯაფარიძეს "ხუმრობა" გამოუვიდა? არ ვიცი, თქვენ განსაჯეთ, მაგრამ მისი პროვოკაცია რომ ვერ შედგა ეგ ზუსტად ვიცი)) 

26 თებერვალს საღამოს, ჩემს ოფიციალურ ელ ფოსტაზე მართლაც მივიღე გაუგებარი შინაარსის მეილი ჩემთვის უცნობი ადრესატიდან, ვიდეო, რომელიც იყო მიბმული ამ მეილზე არ გავხსენი ერთი უბრალო მიზეზის გამო: მისი სათაური იყო "პარლამენტარის ჯგუფური სექსი")). დაუყოვნებლივ მივმართე პოლიციას და იმავე ღამეს ანუ 27 თებერვლის დილას, ჩემს მიერ გაკეთებული წერილობითი განცხადების შემდეგ, კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად, ადგილზევე (პარლამენტში) პროცესუალური მოქმედების ფარგლებში გაიხსნა ეს ვიდეო და პოლიციელები დავრწმუნდნენ რომ ვიდეოს პერსონაჟი - პარლამენტარი, სულაც არ ყოფილა საქართველოს პარლამენტის წევრი) ანუ ვიდეო არ შეიცავდა პირადი ხასიათის ინფორმაციას. მიუხედავად ამისა საპროცესო მოქმედება გაგრძელდა დღეს დილით ანუ ჩემს მიერ განცხადების დაწერიდან მეორე დღეს ჩემი ზეპირი გამოკითხვით, რაზედაც შედგა შესაბამისი ოქმი. 

ეს ხუმრობა არ არის ბატონო ზურაბ, ეს არის ჩვეულობრივი პროვოკაცია!!! და თუ თქვენ მართლა გსურდათ გაგეგოთ ამ მეილის გაგზავნის შედეგები, პარლამენტის შენობასთან ვიდეოს ჩაწერის და დეზინფორმაციის შემცველი პოსტების დადების ნაცვლად, რაც შეურაცმყოფელია მინიმუმ, ჯერ პოლიციისთვის მიგემართათ და გაგეგოთ ვინმემ განცხადებით იმავე ან მომდევნო დღეს ხომ არ მიმართა სამართალდამცავ უწყებას. სერიოზულად მინდა გკითხოთ, პარლამენტის შენობასთან რომ მობრძანდით, რას ელოდებოდით პოლიციის კორდონებს თუ ჰაერში გამოკიდებულ ვერტფრენებს?))) 

ამ პროვოკაციული აქციის მიზანი ჩემთვის გასაგებია და შეიძლება იმაშიც დაგეთანხმოთ, რომ მიდგომები დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ უნდა იყოს დიფერენცირებული, დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე, თუმცა ეს პოზიცია ისე უნდა დააფიქსიროთ რომ საბოლოოდ ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა არ გამოგივიდეთ!!

ბატონო ზურაბ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ თქვენი პოსტი დეზინფორმაციული შინაარსისაა, ალბათ არ უნდა გაგიჭირდეთ ამაში დარწმუნება, რადგან დღესაც შეგიძლიათ ეს ინფორმაცია გადაამოწმოთ. შესაბამისად, თქვენგან მოვითხოვ იმავე ფორმით და საშუალებით მოახდინოთ სწორი ინფორმაციის საზოგადოებისათვის მიწოდება და იმ უხერხულობისთვის მოიხადოთ ბოდიში, რაც გამოიწვია თქვენმა პროვოკაციულმა აქციამ. 

წინააღმდეგ შემთხვევაშ ვიტოვებ უფლებას გამოვიყენო ყველა სამართლებრივი საშუალება ჩემი დარღვეული უფლების აღსადგენად. 

იმედი მაქვს რომ სიმართლის დადგენის შემდეგ თქვენი ქცევაც ადექვატური იქნება!!!", - წერს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.

შეგახსენებთ, რომ "გირჩის" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს და სხვა დეპუტატებს პორნო ბმული გაუგზავნა სახელწოდებით "პოლიტიკოსის ჯგუფური სექსი". ჯაფარიძესთან მივიდა შეტყობინება, რომ დეპუტატმა აღნიშნული ვიდეო ჩამოტვირთა.

თავად დავით მათიკაშვილი კი ტაბულასთან ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მეილი გახსნა და სახელწოდება წაიკითხა, პოლიციას შეატყობინა. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის მტკიცებით, ვიდეო სწორედ შსს-ს წარმომადგენლებმა ჩამოტვირთეს და იქ "უცხოელი პორნოვარსკვლავის კადრები" აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ ზურაბ ჯაფარიძემ ვიდეოს გაგზავნის შესახებ წინასწარად გაავრცელა ინფორმაცია. მან ამის შესახებ ფეისბუქ ვიდეოში ისაუბრა და თქვა, რომ რამდენიმე დეპუტატს პორნო ლინკს უგზავნიდა, მათ შორის დავით მათიკაშვილს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებას 27 თებერვალს მიმართეს პარლამენტის წევრებმა და უთხრეს, რომ სამსახურის მეილზე სავარაუდოდ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო მიიღეს.

----

ცნობისთვის, შსს-მ 1 თებერვალს 19 წლის ანი აროშიძე და კიდევ 15 ახალგაზრდა დააკავა. 16 ბრალდებულიდან 2-ს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, დანარჩენი კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ანი აროშიძემ თავისი ისტორია 22 თებერვალს მოყვა. მისი თქმით, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი ნახა და ის 3 ახლო მეგობარს პირად შეტყობინებაში გადაუგზავნა, რისთვისაც ის საჯარო წერილში ბოდიშს უხდის დეპუტატს. 

სოციალურ ქსელში კამპანია #ანიკრიმინალიარარის დაიწყო. ანი აროშიძე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს. მას იურიდიულ დახმარებას პარტია "გირჩი" გაუწევს.

შსს-ის მიერ 16 ახალგაზრდის დაკავებას წინ უძღოდა უმრავლესობის ყოფილი დეპუტატის, დავით ჭიჭინაძის, განცხადება, რომელმაც თქვა, რომ ინტერნეტ სივრცეში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო ჩანაწერები ვრცელდებოდა. ფაქტზე შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო. რაც, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფას გულისხმობს.

ჭიჭინაძის ამ განცხადებამდე ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი ეკა ბესელია თავის გუნდს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატების 10-კაციანი სიის შესახებ დაუპირისპირდა, რისი კულმინაციაც 22 თებერვალს მის მიერ ქართული ოცნების უმრავლესობის დატოვება იყო.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები