ხაზარაძე: გახარიას მუქარაზე დაკითხვის ოქმში ვთქვი და პროკურორებმა კითხვაც კი არ დამისვეს

მამუკა ხაზარაძე პარლამენტში
ტაბულა

თიბისი ბანკის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის თქმით, მან შს მინისტრის გიორგი გახარიას მუქარის წერილის შესახებ დაკითხვაზე განაცხადა, თუმცა, გამოძიება ამით არ დაინტერესებულა. ამით ხაზარაძემ ქართული ოცნების წევრებს მამუკა მდინარაძეს და ირაკლი მეზურნიშვილს უპასუხა. უმრავლესობის დეპუტატებმა თიბისი ბანკის დამფუძნებელს ჰკითხეს, რატომ არ განაცხადა მუქარის შესახებ პროკურატურაში.

"საოცრება ის არის, რომ მე ამის შესახებ მე ჩემი დაკითხვის ოქმში ვთქვი და ამის მერე საქმე არ აღიძრა. არც მოსამართლემ, არც სამმა პროკურორმა კითხვაც კი არ დამისვა. მე ვუთხარი, რომ ჩვენზე არის შემოტევა, მუქარა და ეს არის ჩაწერილი, მაგრამ არავინ - არათუ დაინტერესდა და არათუ საქმე აღძრა, პირიქით, 9 იანვარს გააკეთეს ის საშინელი განცხადება, რომელმაც 90 მილიონის ზარალი მიაყენა ჩვენს ინვესტორებს. ამიტომ, კითხვაზე - განვაცხადე თუ არა პროკურატურაში, გპასუხობთ, ზუსტად ისე განვაცხადე, როგორც ნებისმიერი კანონმორჩილი მოქალაქე გააკეთებდა. შეგიძლიათ, დაკითხვის ოქმიც ნახოთ. რატომ არ ასაჯაროებს პროკურატურა ჩემი დაკითხვის ოქმს თუ საიდუმლო გრიფი არ აქვს? რატომ არის ამოგდებულად ეს 17 მილიონის თემა და მთლიანი სურათი რატომ არ არის მიწოდებული საზოგადოებისთვის, რომელსაც უნდა, რომ გაერკვეს? აი, ეს არის მთელი არსი" - თქვა მამუკა ხაზარაძემ.

მას ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მოუწოდა, წერილი გაასაჯაროვოს.

"მე ძალიან ცოტა იმედი მაქვს, რომ საერთოდ რაღაცა გაირკვევა ამ ქვეყანაში, ამიტომ გპირდებით მე, რომ ამას გავასაჯაროებ, მაგრამ გავასაჯაროებ მაშინ, როცა იქნება საგამოძიებო რაღაცა ორგანო შექმნილი, რომელიც ამაზე რეაგირების და გამოძიების საშუალებას მოგვცემს, რაკი ვთქვი ამ მაღალი ტრიბუნიდან, მე სერიოზული პასუხისმგებლობის მატარებელი ადამიანი ვარ და დარწმუნებული იყავით, რომ ამას გავასაჯაროებთ, არა ამ ფორმით, არა ჟურნალისტებთან და არა იმიტომ, რომ ორთქლი გამოვიდეს და მერე ეს თემა დამთავრდეს, რა" - აღნინა ხაზარაძემ.

თიბისი ბანკის დამფუძნებელი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე წარსდგა. მან დეტალურად ისაუბრა 2007-2008 წლების ტრანზაქციებზე, რომელსაც პროკურატურა 10-11 წლის შემდეგ იძიებს. ასევე, თქვა, რომ გიორგი გახარიამ მას და მის პარტნიორს, ბადრი ჯაფარიძეს მუქარის შემცველი წერილი მისწერა, ასევე, განხორციელდა კიბერ-შეტევა.

პროკურატურაში ტაბულას უთხრეს, რომ მუქარაზე განცხადებების გამო, მამუკა ხაზარაძეს გამოკითხავენ.

კომენტარები