ხაზარაძე: გახარიას მუქარის წერილს გავასაჯაროებ, როცა რაღაც საგამოძიებო ორგანო შეიქმნება

ტაბულა

თიბისი ბანკის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის თქმით, შს მინისტრის გიორგი გახარიას მუქარის წერილს მას შემდეგ გაასაჯაროებს, რაც საგამოძიებო კომისია შეიქმნება.

"მე ძალიან ცოტა იმედი მაქვს, რომ საერთოდ რაღაცა გაირკვევა ამ ქვეყანაში, ამიტომ გპირდებით მე, რომ ამას გავასაჯაროებ, მაგრამ გავასაჯაროებ მაშინ, როცა იქნება საგამოძიებო რაღაცა ორგანო შექმნილი, რომელიც ამაზე რეაგირების და გამოძიების საშუალებას მოგვცემს, რაკი ვთქვი ამ მაღალი ტრიბუნიდან, მე სერიოზული პასუხისმგებლობის მატარებელი ადამიანი ვარ და დარწმუნებული იყავით, რომ ამას გავასაჯაროებთ, არა ამ ფორმით, არა ჟურნალისტებთან და არა იმიტომ, რომ ორთქლი გამოვიდეს და მერე ეს თემა დამთავრდეს, რა" - თქვა ხაზარაძემ ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერის მამუკა მდინარაძის საპასუხოდ, რომელმაც თიბისი ბანკის დამფუძნებელს მოუწოდა, მუქარის წერილი გაასაჯაროვოს.

თიბისი ბანკის დამფუძნებელი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე წარსდგა. მან დეტალურად ისაუბრა 2007-2008 წლების ტრანზაქციებზე, რომელსაც პროკურატურა 10-11 წლის შემდეგ იძიებს. ასევე, თქვა, რომ გიორგი გახარიამ მას და მის პარტნიორს, ბადრი ჯაფარიძეს მუქარის შემცველი წერილი მისწერა და განხორციელდა კიბერ-შეტევა. პროკურატურაში ტაბულას უთხრეს, რომ მუქარაზე განცხადებების გამო, მამუკა ხაზარაძეს გამოკითხავენ.

ამასთან, ევროპული საქართველო TBC ბანკის საქმის შესასწავლად სპეციალური კომისიის შექმნას მოითხოვს.

კომენტარები