ევროპული საქართველო შს მინისტრს ხაზარაძის განცხადების გამო პარლამენტში იბარებს

ტაბულა

ევროპული საქართველო შს მინისტრს ხაზარაძის განცხადების გამო პარლამენტში იბარებს. ამის შესახებ დავით ბაქრაძემ თქვა. პარტია ასევე ითხოვს თიბისი ბანკის საქმის საგამოძიებო კომისიის შექმნას. 

მამუკა ხაზარაძემ დღეს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე 2007-2008 წლების ტრანზაქციებზე დეტალურად ისაუბრა, ასევე თქვა, რომ გიორგი გახარიამ მას მუქარის შემცველი წერილი მისწერა და რომ თიბისი ბანკზე კიბერ შეტევა განხორციელდა. 

"მთავარი დასკვნა დღევანდელი მოსმენიდან არის ერთი - ჩემთვის მნიშვნელობა აღარ აქვს, რა გააკეთა მამუკა ხაზარაძემ 11 წლის წინ, იმ ფონზე, რასაც ხელისუფლება აკეთებს დღეს. დღეს ჩვენ მოვისმინეთ ინფორმაცია და ფაქტები, როგორც აშანტაჟებს შს მინისტრი ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის პრეზიდენტს წინასაარჩევნო თემებით. დღეს ჩვენ მოვისმინეთ ინფორმაცია და ბრალდება, როგორ მონაწილეობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, როგორც გამაკონტროლებელი და მაშანტაჟებელი საბანკო სისტემის. დღეს ჩვენ მოვისმინეთ ინფორმაცია, როგორ ხდება სისტემური ზეწოლა, წილების გადანაწილება და ყიდვა-გაყიდვა ბიზნესში პოლიტიკური თანამდებობის პირების მონაწილეობით. ბატონმა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ყველა ამ ფაქტთან დაკავშირებით მას გააჩნია დოკუმენტაცია, ამიტომ ჩვენი ვალია, როგორც პარლამენტის, შევქმნათ საგამოძიებო კომისია და ამ კომისიაზე განვიხილოთ დოკუმენტურად ყველა ბრალდება. იმიტომ რომ, რაც დღეს მოვისმინეთ, ეს აღარ არის არც თიბისი ბანკის საქმე, არც მამუკა ხაზარაძის საქმე, ეს არ არის არც 17 მილიონის საქმე. რაც დღეს მოვისმინეთ არის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების პირდაპირი ჩართულობა რეკეტში, დაყაჩაღებასა და საარჩევნო მოსყიდვაში.

ჩვენი მოთხოვნაა, შეიქმნას საგამოძიებო კომისია, სადაც ყველა მხარეს ექნება საშუალება და ვალდებულება, მობრძანდეს და დოკუმენტურად დაადასტუროს ან უარყოს დღეს გაჟღერებული ფაქტები და მეორე, უახლოეს მომავალში კომიტეტის სხდომაზე მობრძანდეს შინაგან საქმეთა მინისტრი და პასუხი გასცეს დღეს გაჟღერებულ ბრალდებებს", - თქვა დავით ბაქრაძემ. 

მამუკა ხაზარაძემ დღეს ასევე თქვა, რომ მუქარის წერილს მაშინ გაასაჯაროებს, როცა "რამე საგამოძიებო ორგანო შეიქმნება". 

კომენტარები