ვალების განულება

ხაზარაძე ვალების განულებაზე: 120 მლნ-იანი პორტფელი 3 მლნ-ად ჩამოგვაწერინეს

0 კომენტარი
ფოტო: forbes.ge

თიბისი ბანკის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის თქმით, სესხების 120-მილიონიანი პორტფელის განულებისთვის მათ 3 მილიონი მიიღეს. ხაზარაძემ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ვალების განულების სამთავრობო პროგრამაზე ისაუბრა და TBC ბანკის 2008 წლის 17-მილიონიან ტრანზაქციასთან პარალელი გაავლო.

"ჩვენ მივმართეთ ოფიციალური წერილით ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და ვუთხარით - თქვენ რომ გვეუბნებით, რომ ჩვენი 120 მლნ-იანი პორტფელი ამ 1.5 მლრდ-ში უნდა ჩამოვწეროთ, 3 წლის მერე სებ-ის ახალი პრეზიდენტი რომ მოვა, ხომ შეიძლება მანაც უკანა რიცხვით თქვას ან ჩემმა აქციონერმა ნიუ-იორკში თქვას - რატომ ჩამოწერეთ 120 მლნ 3 მილიონად? ვინ იყო ის, ვისაც დაუთმეთ? ჩვენ სულ სხვა გათვლები გვქონდა, ჩვენ არ ვთვლით, რომ ეს 120 მლნ გასანულებელი იყო. კითხვა მაქვს, თუ თქვენ 2008 წლის 17 მლნ-ზე გაქვთ პრეტენზია, 5 წლის მერე ხომ შეიძლება ახალმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა თქვას, რომ არასწორი იყო 120 მილიონის ჩამოწერა? სებ-ისგან წერილი მივიღეთ, რომ ეს ჩვენი საკითხი არ არისო. ლოგიკა სად არის?" - იკითხა ხაზარაძემ.

თიბისი ბანკის დამფუძნებლის თქმით, 1.5 მლრდ-იან ვალში, რომელიც ე.წ შავ სიაში მყოფ მოქალაქეებს ჩამოეწერათ, ბანკების წილი 20 % იყო.

"მთელი პროპაგანდა იყო, რომ საბანკო სექტორმა გამოიწვია ჭარბვალიანობა, რამდენიმე სატელევიზიო ინტერვიუ არსებობდა, მთელი პროპაგანდა მიდიოდა, რომ ხალხი შეჭმულია, საბანკო სექტორი, საბანკო სექტორი...

როგორ გგონიათ, მილიარდ ხუთას მილიონში რამდენი პროცენტია საბანკო სექტორის ნაწილი? 20%, აქედან ჩვენი არის 6%. ვინ არიან დანარჩენები? ეს არიან ის დაურეგულირებელი მიკროსაფინანსო ინსტიტუტები, რომლებსაც ეროვნულმა ბანკმა მისცა საშუალება, 300-400-500%-იანი სესხების პასპორტით და ამ დროს პოლიტიკური ქოლგა მიდიოდა, რომ ეს არიან ბანკები. ადამიანი, რომელიც ფულს იღებს, მისთვის ყველა ბანკია. ეს იყო ძალიან დიდი დანაშაული, საბოლო ჯამში, მთელ მოსახლეობას შეაძულეს ბანკები, ეს გამართული სექტორი. გავერკვიოთ, ვაშენებთ ჯანსაღ ურთიერთობებს თუ იმას, რომ რაც აშენებულია, ის დავანგრიოთ?

ჩვენ რომ არ ჩავრთულიყავით, ბანკები, ის ჭარბვალიანობა გაიზრდებოდა 2.5 მლრდ-მდე. პირდაპირ გეუბნებით, ჩვენ იძულებულები ვიყავით, რომ იმ 300%-იან სესხებს დაპირისპირებოდა 40%-იანი სესხები" - თქვა მამუკა ხაზარაძემ, რომელიც საფინანსო საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე წარსდგა. მან დეტალურად ისაუბრა 2007-2008 წლების ტრანზაქციებზე, რომელსაც პროკურატურა 10-11 წლის შემდეგ იძიებს. ასევე, თქვა, რომ გიორგი გახარიამ მას და მის პარტნიორს, ბადრი ჯაფარიძეს მუქარის შემცველი წერილი მისწერა.

საქართველოს მთავრობამ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, 19 ნოემბერს განაცხადა, რომ ე.წ შავ სიაში მყოფ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს დავალიანებები გაუნულდებოდათ. ფინანსთა მინისტრის განმარტებით, შავ სიაში მყოფი დაახლოებით 700 000 ადამიანიდან 600 000 შეირჩა შემდეგი კრიტერიუმებით - ვისაც ერთ წელზე მეტად ხანდაზმული ვალი აქვს, 2000 ლარამდე. მინისტრის თქმითვე, დაახლოებით მილიარდნახევარ ლარს, რაც საჭიროა ვალების განულებისათვის, ფონდი ქართუ დაფარავდა.

აღსანიშნავია, რომ ე.წ ვალების ჩამოწერის პროგრამა ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ "ხმების ყიდვად" შეაფასა.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

არის თუ არა ისლამი ძალადობის რელიგია?

კომენტარები