ხელით შესახვევი თამბაქო

გაითვალისწინებს თუ არა ფინანსთა სამინისტრო ზოიძის ინიციატივას - უწყების პასუხი

თედო ჯორბენაძე / batumelebi.netgazeti.ge

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ, 1 მარტს მთავრობას მიმართა, რომ თამბაქოს გაძვირების შემდეგ, ფასი ხელით შესახვევ თუთუნზეც გაიზარდოს. ზოიძე თავის ინიციატივას იმით ხსნის, რომ თამბაქოს გაძვირების შემდეგ, მოქალაქეებმა დაბალფასიანი ალტერნატივის ძებნა დაიწყეს.

ტაბულა ამ საკითხთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს დაუკავშირდა და ჰკითხა, იზიარებენ თუ არა უმრავლესობის დეპუტატის მოსაზრებას და იგეგმება თუ არა შესახვევ თუთუნზე ფასის ზრდა.

ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი ლაშა ხუციშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ უწყებას ჯერჯერობით მსგავსი კანონპროექტი მომზადებული არ აქვს და, შესაბამისად, არც პარლამენტშია განსახილველად გატანილი. თუმცა, ხუციშვილი არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში მსგავსი ინიციატივის წარდგენა მოხდეს პარლამენტში. ფინანსთა სამინისტრო ამას ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებებით ხსნის, რომლის მიხედვითაც 2026 წლამდე საქართველოში ნებისმიერი ტიპის თამბაქოზე აქციზის განაკვეთი ხელშეკრულებით დადგენილ განაკვეთს უნდა გაუთანაბრდეს.

"ამ ნაწილში ჩვენ გვაქვს გარკვეული პერიოდი, რომლის ფარგლებშიც ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით, რათა თამბაქოზე აქციზის განაკვეთის დაახლოება ვალდებულებასთან ნელნელა მოხდეს. ეს დღეის მდგომარეობით 90 ევროა 1 000 ღერზე. ეს 2026 წლამდე უნდა მოხდეს და ამისთვის კიდევ 7 წელი გვაქვს," - ამბობს ხუციშვილი.

სამინისტროს წარმომადგენლის ცნობით, ის, რომ დღეს პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტი წარმოდგენილი არ არის, იმას არ ნიშნავს, რომ მომავალში არ მომზადდება და დადგენილი არ იქნება, თუმცა ის ზუსტ ვადებზე არ საუბრობს.

"დღეის მდგომარეობით შემიძლია, გითხრათ, რომ ასეთი პროექტი ჯერ არ არის და, შესაბამისად, წარდგენილიც არ  არის პარლამენტში, თუმცა გრაფიკზე, როგორ უნდა მივაღწიოთ იმ ვალდებულებამდე, რა ვალდებულებაც აქვს საქართველოს აღებული თამბაქოს აქციზის დაბეგვრასთან დაკავშირებით, ამაზე, რა თქმა უნდა, ვმუშაობთ," - გვეუბნება ხუციშვილი.

მისივე ცნობით, ასოცირების ხელშეკრულებით 2 კომპონენტია, რომელსაც თამბაქოს აქციზი უნდა აკმაყოფილებდეს. ერთი უშუალოდ ღერებზეა მიბმული, რაც იმას გულისხმობს, რომ აქციზის ფასი ღერების რაოდენობიდან გამომდინარეობს. თუმცა, ამავე დირექტივის ვალდებულებაა, რომ სიგარეტის ღირებულებაში აქციზის წილი იყოს არანაკლებ 60%-ისა. ანუ, ხსნის ხუციშვილი, თუ სიგარეტი 1 ლარი ღირს, ამ ფასში სავალდებულოა, რომ 60% მხოლოდ აქციზის წილი იყოს.

რაც შეეხება გასახვევ თამბაქოს, ხუციშვილის ცნობით, მასზე ევროდირექტივით 48%-ია გათვალისწინებული (ანუ ღირებულების 48%-ს აქციზის გადასახადი უნდა წარმოადგენდეს) ან მიმიმუმ, 60 ევრო 1 კილოგრამზე. 2020 წლიდან კი ან 50% უნდა ღირებულებაში აქციზის გადასახადი ან 60 ევრო 1 კილოგრამზე. საქართველოში დღეს აქციზის განაკვეთი გასახვევ თამბაქოზე არის 35 ლარი ერთ კილოგრამზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული შენიშვნა, რომლის მიხედვითაც, ყალიონით მოსაწევი თამბაქო იბეგრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დაფასოებულია პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არაუმეტეს 500 გრამისა.

ტაბულამ ლაშა ხუციშვილს ჰკითხა, ხომ არ ფიქრობს, რომ ამ საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული შენიშვნა (რომელიც გულისხმობს იმას, რომ
ყალიონით მოსაწევი თამბაქო მხოლოდ იმ შემთხვევაში იბეგრება, თუ იგი დაფასოებულია პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არაუმეტეს 500 გრამისა) ხომ არ წარმოადგენს ერთგვარ საკანონმდებლო ხვრელს, რომლითაც ამ ტიპის თამბაქოს გამსაღებლებს სარგებლობა შეუძლიათ.

ხუციშვილი ხვრელის არსებობას არ უარყოფს და აღნიშნავს, რომ გასახვევ თამბაქოზე ფასის ზრდის პარალელურად, საგადასახადო კოდექსში შესაბამისი ცვლილებაც განხორციელდება.

"ეს ძველი ნორმაა და ფაქტობრივად მიჯნავს საქონლის საცალო და საბითუმო რეალიზაციას, თუმცა ამ ნაწილში ჩვენ ვფიქრობთ, რომ ცვლილებები გასაკეთებელია და ახლო მომავალში ეს ნაწილი შესაძლებელია, რომ დაზუსტდეს. არ გამოვრიცხავთ საგადასახადო კოდექსში შესაბამისი ცვლილების ასახვას,“ - ამბობს ხუციშვილი.

ხუციშვილის განმარტებით, ის, რაც შესაბამის შეფუთვაში არ არის, ჩვეულებრივ იბეგრება, უბრალოდ, განსხვავებული აქზიცი აქვს, რომელიც წონის მიხედვით იანგარიშება, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ - 1 კილოზე 35 ლარის ოდენობით.

"შესაბამისად, იმ პირებს, რომლებიც რეალიზაციას ასეთი ფორმით ახდენენ, ასევე აქვთ იმის ვალდებულება, რომ მათ მიერ რეალიზებულ თამბაქოსთან მიმართებაში აქციზის გადასახადი გადაიხადონ. აქედან გამომდინარე, ის, რომ აქციზით ასეთი პროდუქტის რეალიზაცია არ იბეგრება, ნამდვილად არ არის ასე, თუმცა საგადასახადო ადმინისტრირებაში, რა თქმა უნდა, უფრო მარტივია, რომ დაიბეგროს მაშინ, როდესაც საქონელი შემოდის. დღევანდელი კანონმდებლობით კი, ეს იბეგრება საცალო რეალიზაციის დროს. ამ შენიშვნის კორექტირებაზე ვმუშაობთ,“- ამბობს ხუციშვილი.

კომენტარები