თავდაცვის სამინისტრო

წვევამდელის შესაძლო ცემის ფაქტზე სამხედრო პოლიციამ გამოძიება დაიწყო

რუსთავი 2

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ კრწანისის სამხედრო ბაზაზე წვევამდელ ქ.კ-ზე განხორციელებული შესაძლო ძალადობისა და თანხის შესაძლო გამოძალვის ფაქტზე სამხედრო პოლიციაში გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 386-ე მუხლის 1 ნაწილით, რაც ურთიერთდაუქვემდებარებელ სამხედრო მოსამსახურეებს შორის დამოკიდებულების წესის დარღვევას გულისხმობს და 181-ე მუხლის 1 ნაწილით, რაც გამოძალვას გულისხმობს.

რუსთავი 2-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრწანისის სამხედრო ბაზაზე წვევამდელს სხვა სამხედროებმა ფულის გამოძალვის მიზნით სცემეს. 

არხის ცნობით, ნაცემ ახალგაზრდას კვლევები უტარდება. ის ცოტა ხნის წინ შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"ნაჟღენთი აქვს პრეორბიტალური, თვალბუდის არეში, ჩივილები მსუბუქი თავის ტკივილი და გულისრევის შეგრძნება. სავარაუდოდ, თავის ტვინის შერყევაც არ არის. კომპიუტერი გაუკეთდება, საბოლოო დიაგნოზი იქნება კვლევების შემდეგ", - ამბობს ექიმი რუსთავი 2-თან. 

თავდაცვის უწყება აცხადებს, რომ წინასწარი გამოკითხვის შედეგად, აღნიშნული ფაქტი არ დასტურდება. თუმცა, წვევამდელის მიერ გაცხადებული ძალადობის შესაძლო ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ყველა დამნაშავე პირი კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს.

უწყების ცნობით, სამხედრო პოლიციამ უკვე გამოკითხა ​წვევამდელის მიერ დასახელებული სერჟანტი კ.ე. დაცვის უზრუნველყოფის ასეულის მორიგე, რომელიც წვევამდელზე რაიმე სახის ძალადობას კატეგორიულად უარყოფს.

"აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. რაც შეეხება წვევამდელს, ის გარკვეული დროის განმავლობაში იმყოფებოდა მარნეულის სამედიცინო დაწესებულებაში, ამ დროისთვის კი მიმდინარეობს მისი გამოკითხვა. ოჯახის წინააღმდეგობის გამო წვევამდელის გამოკითხვის პროცესი ჭიანურდება", - აცხადებს თავდაცვის სამინისტრო. 

კომენტარები