თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი ამბობს, რომ ერთ კვირაში გადაწყვეტს, დატოვებს თუ არა თანამდებობას

იუსტიციის სამინისტრო

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის თქმით, ერთი კვირის ვადაში გადაწყვეტს დატოვებს თუ არა თანამდებობას.

ის გუნდში უთანხმოების ზუსტ მიზეზს არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ სამსჯელოდ ერთი კვირა საკმარისია. ჟურნალისტების კითხვას, ვისთან აქვს დისკუსია, ის პასუხობს - "აღმასრულებელი ხელისუფლების ფარგლებში".

"იმ შიდა სამზარეულოს გარეთ გამოტანა, რომელიც იყო გუშინ ჩემი მხრიდან კომენტარის საგანი, არ არის საჭირო. ეს არ ეხება არც შეწყალების საკითხს, არც იუსტიციასთან სასჯელაღსრულების გაერთიანების საკითხს. ეს არის თემა, რომელზეც ჩვენ ვმსჯელობთ, გუშინაც საღამოს მქონდა ამ საკითხზე დისკუსია. ვთლი და იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი მალე დაიხურება და ვგეგმავ, რომ ქალბატონ პრეზიდენტს დელეგაციის წევრის სტატუსით გავუწიო დახმარება ერევანში მისი ოფიციალური ვიზიტის დროს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ დღეს ეს თემა უნდა დასრულდეს. ჩვენ გავაგრძელებთ დისკუსიას, ბევრი სასაუბრო პრინციპში აღარაფერი დარჩა. ერთი კვირა საკმარისი დროა იმაზე სამსჯელოდ, რომელი პოზიციაა სწორი. მაგრამ ეს არ არის ის თემები, რაც გუშინ გაჟღერდა. მე მესმის, რომ მედიის საქმეა კითხვები დასვას, მაგრამ...", - თქვა იუსტიციის მინისტრმა.

მისი თქმით, გუნდში მიმდინარე დისკუსიები აძლევს იმედის საფუძველს, რომ მისი პოზიცია გაზიარებული იქნება.

"ეს არის მინისტრის უფლებამოსილების თემა და სამინისტროს უფლებამოსილებების ფარგლებში გადასაჭრელი საკითხი, რომელზეც, როგორც გუშინ უკვე ვთქვი, იყო აზრთა სხვადასხვაობა. თუმცა დისკუსიები მაძლევს იმის საფუძველს, მქონდეს იმედი, რომ ჩემი პოზიცია გაზიარებული იქნება. თუმცა ვნახოთ როგორც განვითარდება დღეს მოვლენები", - ამბობს თეა წულუკიანი.

მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ თუ დღეს შეთანხმებას მიაღწევენ, "რა თქმა უნდა, შემდეგ გაგრძელდება ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი".

ჟურნალისტების კითხვას, როგორია ამ თემაზე ბიძინა ივანიშვილის პოზიცია, იუსტიციის მინისტრი პასუხობს:

"არ ვიცი, არ შემიწუხებია ამ თემაზე".

მიუხედავად ჟურნალისტების არაერთი კითხვისა, თეა წულუკიანმა "ქართულ ოცნებაში" უთანხმოების მიზეზი არ დაასახელა. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ საერთოდ არ ისაუბრებდა ამაზე ღიად, ინფორმაცია გარეთ რომ არ გამოსულიყო. იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ უთანხმოების მიზეზზე შეიძლება მაშინ ისაუბროს, როცა თეთრი თმა ექნება.

"როდესაც მექმნება თეთრი თმა, გავიზრდი თმებს და გავიკეთებ დიდ კოსას, თქვენ რა თქმა უნდა მაშინ ისევ ახალგაზრდები იქნებით, შეიძლება ამ თემაზე ვისაუბრო. მაგრამ არ ვთვლი საჭიროდ ამ თემაზე საუბარს, ანუ თემის დაკონკრეტებას. საერთოდ არ ვისაუბრებდი ღიად, რომ არ გამოსულიყო გარეთ აზრთა სხვადასხვაობის შესახებ ეს ამბავი. რაკი გამოვიდა და რაკი სიმართლეს შეესაბამებოდა, თავი ვალდებულად ჩავთვალე, რომ დამედასტურებინა ეს თქვენთვის. იმიტომ, რომ რაც არ უნდა კრიტიკულები იყოთ ხოლმე ჩემს მიმართ და ეს თქვენი ფუნქციაა, მინდა გჯეროდეთ იმის, რომ მე-7 წელი დაიწყო, რაც არც ერთი კომენტარის დროს მე თქვენთვის ტყუილი არ მითქვამს. რაკი იყო სიმართლე, დაგიდასტურეთ", - თქვა თეა წულუკიანმა.

კითხვას, იმ შემთხვევაში, თუ თანამდებობას დატოვებს, სად ხედავს თავის ადგილს, იუსტიციის მინისტრი პასუხობს, რომ მეუღლესთან და შვილთან. რაც შეეხება პოლიტიკურ ადგილს, თეა წულუკიანი ამბობს, რომ ყოველთვის იქნება "ქართული ოცნების" ამომრჩეველი.

"თუკი ჩემი პოზიცია არ იქნება გაზიარებული, მე ჩემს ადგილს ვხედავ მხოლოდ ერთადერთ გუნდში და მას ჰქვია კაკულიების გუნდი, ეს არის ჩემი მეუღლე და ჩემი შვილი. რაც შეეხება პოლიტიკურ ადგილს, ჩემი პოლიტიკური ადგილი არის და ყოველთვის იქნება "ქართულ ოცნებასთან", რა პოზიციაზეც არ უნდა ვიყო. თუ არც ერთ პოზიციაზე არ ვიქნები, ისევ ვიქნები "ქართული ოცნების" ამომრჩეველი და როგორც აქამდე ვიბრძოდი, მომავალშიც ვიბრძოლებ, იმისთვის, რომ "ქართული ოცნება" იყოს გამარჯვებული და არ დაბრუნდეს ის უბედურება, რომელსაც ჩვენ ერთად ვებრძოდით", - თქვა წულუკიანმა.

ამასთან, იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი ამ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში გადადგომასთან დაკავშირებით ინფორმაცია პირველად შეესაბამება სიმართლეს.

"მეშვიდე წელი დაიწყო, რაც მე ჩემს კოლეგა ბატონ დავით სერგეენკოსთან ერთად ვაგრძელებ ამ პოზიციაზე მუშაობას და მართალი ბრძანდებით, რომ კვარტალი ერთია და რამდენჯერმე ისმის მინიშნება იმაზე, რომ შეიძლება გადააყენონ, გაუშვან ან წავიდეს. მაგრამ ახლა არის პირველი შემთხვევა, როდესაც ეს შეეფერება სიმართლეს, როდესაც მე გამიჩნდა თავად სურვილი, რომ თუ ეს საჭიროა, ადგილი დავუთმო სხვას. ამ თემაზე არ ვისაუბრებდი, ეს ამბავი გარეთ რომ არ გამოსულიყო. მაგრამ რაკი თქვენამდე მოვიდა და მედია გამოხატავს ინტერესს და როცა ეს სიმართლეა, თავს ვალდებულად ვთვლიდი, რომ გულწრფელად მეპასუხა. დანარჩენი წინა სპეკულაციები თუ მოთხოვნები იყო რა თქმა უნდა რეალობისგან ძალიან შორს, ამიტომ ჩემი მხრიდან კომენტარის ღირსად არ ჩამითვლია საჭიროდ", - თქვა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 11 მარტს თეა წულუკიანმა პირველად თქვა, რომ თანამდებობის დატოვებას არ გამორიცხავს. მან ამის კონკრეტული მიზეზი არ დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ გაჩნდა საკითხი, რომელიც მისი სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში უნდა გადაწყდეს. მისივე თქმით, ამ თემაზე მიმდინარე დისკუსიაში მას მყარი პოზიცია გააჩნია, აღნიშნული თემა კი მნიშვნელოვანია და მასშტაბური ხასიათი აქვს.

"ამ თემაზე მიმდინარეობს დისკუსია და მე მაქვს ჩემი ძალიან მყარი პოზიცია, რომელიც არც რომელიმე ერთ რეფორმას, არც რომელიმე ერთ პროცედურას არ ეხება, თუნდაც ამჟამად პარლამენტში მიმდინარეს. ეს არის საკითხი, რომელიც არის ჩემს თვალში ყოველ შემთხვევაში, ძალიან მასშტაბური, მნიშვნელოვანი ჩემთვის და თუ ვნახე, რომ ეს პოზიცია არ იქნება გაზიარებული და იქნება, ასე ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ მე მგონია, რომ ეს არის ფასეული, ამ ფასეულობათა შორის წინააღმდეგობა იქნება, მე, რა თქმა უნდა, არ ვიფიქრებ არც ერთ წუთს და გვერდზე გავიწევი, რადგან თანამდებობა არ არის ფასეული", - თქვა წულუკიანმა.

კომენტარები