ახალი ზელანდია

ახალი ზელანდიის პოლიცია მედიას სთხოვს არ გააზიარონ მეჩეთზე თავდამსხმელის გადაღებული ვიდეო

AP

ახალი ზელანდიის მთავრობა და პოლიცია მედიას და სოციალურ ქსელებს მოუწოდებს მეჩეთებში მომხდარი სწოლის ამსახველი ვიდეო, რომელიც ერთ-ერთმა თავდამსხმელმა გაავრცელა, თავიანთ პლატფორმებზე არ განათავსონ.

მეჩეთებში სროლის შედეგად 49 ადამიანი დაიღუპა. დაკავებულია 4 პირი.

ერთ-ერთმა თავდამსხმელმა Facebook-ზე Live ვიდეო ჩართო, რომელიც შემდეგ სხვადასხვა სოციალურ ქსელებში გავრცელდა და ზოგიერთმა მედიამაც გააშუქა.

"პოლიციას აქვს ინფორმაცია ამ ძალიან შემაწუხებელი კადრების შესახებ, რომლებიც ქრაისთჩერჩის ინციდენტს უკავშირდება და ონლაინ გავრცელდა. მოგიწოდებთ არ გააზიაროთ ის. ჩვენ ვმუშაობთ მის წასაშლელად." წერია ახალი ზელანდიის პოლიციის ტვიტერზე.

Facebook-ში ამბობენ, რომ პოლიციასთან თანამშრომლობენ და თავდამსხმელის ანგარიში წაშალეს.

პოლიციის თხოვნა გაიმეორა ქვეყნის პრემიერმინისტრმა ჯასინდა არდერნმაც.

"ჩვენ არ უნდა ვავრცელებდეთ და ვაწვდიდეთ ჟანგბადს ამ ტერორისტულ ქმედებას და იმ მესიჯს, რაც მის უკანაა. რაც შეგვიძლია რომ ვქნათ, თითოეულმა ჩვენგანმა, არის ის, რომ არ გავაზიაროთ და გავავრცელოთ სიძულვილის ეს მესიჯი. ჩვენ გვარწმუნებენ, რომ ის პლატფორმები, სადაც ვიდეო გავრცელდა, მას წაშლიან. ვთხოვ მოსახლეობას, ნუ გააზიარებთ მას." თქვა არდერნმა.

მიუხედავად მოწოდებისა ვიდეოს ნაწილი SKy News Australia-მ და The Ten Daily-მ გადასცა, News.com.au-მ კი ვიდეოდან ამოღებული კადრები სურათების სახით გაავრცელა. რამდენიმე მედიამ ვიდეოს მხოლოდ დასაწყისი გამოიყენა და გადაცემა იმ მომენტზე შეწყვიტა, როდესაც თავდამსხმელი მეჩეთში შედის.

გავრცელდა ასევე ერთერთი თავდამსხმელის მანიფესტი, რომელიც მან სროლამდე დაწერა.

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ბრიტანულ მედია კომპანიებს მოსთხოვა წაშალონ ვიდეო და მუსლიმების მიმართ სიძულვილის შემცველი მესიჯი.

კომენტარები