2008 წლის აგვისტოს ომი

კილაძე: სააკაშვილმა აგვისტოს ომში არასწორი ნაბიჯები გადადგა

ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატმა სოფო კილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ სააკაშვილმა აგვიტოს ომში არასწორი ნაბიჯები გადადგა.

სოფო კილაძემ ეს ჟურნალისტების კითხვის პასუხად თქვა, რომელიც სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხებოდა იმის შესახებ, რომ სააკაშვილმა ცხინვალი დაბომბა.  

"მე მგონია, რომ თავიდანვე მოხდა ქალბატონი სალომეს სიტყვების არასწორი ინტერპრეტირება. ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, იმაზე, რომ ჩვენი სამშობლო არის ჩვენთვის ყველაზე პრიორიტეტული და ის, რომ ეს ტერიტორიები ოკუპირებული არის და ეს რუსეთის პირდაპირი პოლიტიკა იყო ამაზე ყველანი ვთანხმდებით და იქ სააკაშვილმა რა ნაბიჯები გადადგა, ესეც ძალიან კარგად იცის ჩვენმა საზოგადოებამ და მე მეგონი, ამაზე გამუდმებული აპელირება და ამაზე გამუდმებული მითითება და არასწორი ინტერპრეტირება ქალბატონი სალომეს სიტყვებისა უფრო ძაბავს სიტუაციას. ამიტომ ჯობს, რომ იმ ნაბიჯებზე შევთანხმდეთ და იმ ნაბიჯებზე ვიფიქროთ, რომელი ნაბიჯებიც ხელს შეუწყობს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას," - აღნიშნა ქართული ოცნების წევრმა.

ჟურნალისტებმა დეპუტატს ჰკითხეს, თუ პრეზიდენტის განცხადებას არასწორად ინტერპრეტირებდნენ, მაშინ რა იყო სალომე ზურაბიშვილის პოზიცია. 

სოფო კილაძე რუსეთს ოკუპანტად თვლის, თუმცა სააკაშვილის ნაბიჯებს არასწორად აფასებს  - "რუსეთი არის ოკუპანტი, ამაზე ყველა ვთანმხმდებით. სააკაშვილმა რომ არასწორი ნაბიჯები გადადგა. მე მგონი, ამაზეც საზოგადოების დიდი ნაწილი თანხმდება."

სალომე ზურაბიშვილმა TV პირველის გადაცემა რედაქციაში განაცხადა, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ჩვენი ტერიტორიები და მოსახლეობა დაბომბა". ასევე, მისი თქმით ეს "ჩვენი შიდა გასარჩევია" და ომი რუსეთმა დაიწყო.

სალომე ზურაბიშვილმა წინასაარჩევნოდ არაერთხელ თქვა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში დამნაშავე საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება იყო, რადგან "საკუთარი მოსახლეობა დაბომბა და პროვოკაციას აჰყვა". შემდეგ განცხადებებში ქართული ოცნების მხარდაჭერილმა კანდიდატმა დააზუსტა, რომ აგრესორი რუსეთი იყო, მაგრამ, "რუსული სცენარის განხორციელებაში წვლილი სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ შეიტანა". ასევე, ზურაბიშვილი საარჩევნო კამპანიის დროს ამბობდა, რომ "ომი დაიწყო საუკუნის წინ რუსეთმა, მაგრამ საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი [2008 წლის ომი] ამ საომარი ვითარების. ეს არის ცნობილი და ყველასთვის ოფიციალური ვერსია, რასაც ევროკავშირი ადასტურებდა, ჩვენ ამას არ გადავხედავთ".

საქართველომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოში (ICJ) ეთნიკური წმენდის და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გამო სარჩელი 2008 წელს შეიტანა. მომდევნო წლის პირველ დეკემბერს რუსეთის ფედერაციამ სასამართლოში შესაგებელი სარჩელი შეიტანა, სადაც საქართველო „გენოციდში“ დაადანაშაულა. სარჩელში რუსეთის ფედერაცია საქართველოს საზღვრების ცვლილების დაკანონებას მოითხოვს და მტკიცებულებად იყენებს ციტატას სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან "La tragédie géorgienne 2003-2008".

ამონარიდები რუსეთის სარჩელიდან და მათ მიერ გამოყენებულ ციტატები სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან ვრცლად იხილეთ აქ.

კომენტარები