თამაზ ახობაძე

წულუკიანი: ახობაძე ითხოვდა, განაცდურზე  ერთი თეთრი მაინც დამიმატეთო, ვაჭრობდა თანხაზე

იუსტიციის სამინისტრო

"რით არის ცუდი, რომ იუსტიციის მინისტრმა სასამართლოში დავა წააგო?" - იკითხა თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, თამაზ ახობაძის საქმეზე დასმულ კითხვასთან დაკავშირებით. 

"რა გინდათ თქვენ, რომ მე მექვემდებარებოდეს სასამართლო? დიახ, დავა წავაგე. როდესაც დავა წავაგე, სასამართლომ სარეზოლუციო ნაწილში ჩაწერა, რომ ეს ადამიანი უნდა აღდგენილიყო ტოლფას თანამდებობაზე, დეფისი და კონკრეტული პოზიციის დასახელება. კონკრეტული პოზიცია უკვე იყო კონკრეტული პირის მიერ დაკავებული. ამ კონკრეტულმა პირმა იჩივლა და მოითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილობა და უზენაესმა სასამართლომ უთხრა, რომ შენს გათავისუფლებას არ გულისხმობს იმის აღდგენაო. აქ დაიწყო სამართლებრივი ჩიხი.

პარალელუად, ბატონ ახობაძეს ხვდებოდნენ აღსრილების ბიუროში, შეხვდა ჩემი მოადგილე, იცით, რას ითხოვდა?  აღდგენა არ მინდა, უბრალოდ, განაცდურზე  ერთი თეთრი მაინც დამიმატეთო და ვაჭრობდა რეალურად თანხაზე, თავიდან ვაჭრობდა - ერთი წლის განაცდური დამიმატეთო, მერე ჩამოვიდა ერთ თეთრზე, ეს მე მგონი საჯარო მოხელისთვის საკადრისი საქციელი არ არის.

ამასობაში ამ სიპ-ში გათავოსუფლდა ტოლფასი თანამდებობა და მისი თანხმობის გარეშე აღვადგინეთ. ამ ადამიანს ახლა უნდა რომ გავათავიფულოთ და ან რატომ მოდიოდა ან რატონ უნდა გავათავისუფლო, ვერ გავიგე და თქვენ მითხარით, თქვენი პარტიული აქტივია, გავათავისუფლო თუ არ გავათავისუფლო?" - მიმართა წულუკიანმა ოპოზიციას.

თამაზ ახობაძე და ანა სუბელიანი დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან 2014 წლის იანვარში გაათავისუფლეს. მიზეზად რეორგანიზაცია დასახელდა, თუმცა უწყების ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ სინამდვილეში ეს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება იყო. მათ სასამართლოსაც მიმართეს და დავა საქალაქო და სააპელაციო სასამართლოში მოიგეს, უზენაესმა სასამართლომ კი იუსტიციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო და უწყებას გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენა და განაცდურის სრულად ანაზღაურება დაევალა. 

იმ პოზიციაზე, რომელსაც თამაზ ახობაძე იკავებდა, სხვა პირი დანიშნეს, რომელმაც სააპელაციო სასამართლოს მიმართა და განაცხადა, რომ რადგან მის სამუშაო ადგილს ეხებოდა დავა, ის თავიდანვე ჩართული უნდა ყოფილიყო პროცესში და ამის გამო ითხოვდა სამივე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და დავის თავიდან დაწყებას. სააპელაციო სასამართლომ მას ეს მოთხოვნა დაუკმაყოფილა, თუმცა უზენაესმა სასამართლომ საქმის თავიდან განხილვა მიზანშეწონილად არ ჩათვალა. იუსტიციის სამინისტროდან გათავისუფლებულმა თამაზ ახობაძემ იუსტიციის სამინისტროს დავა უზენაეს სასამართლოში მეორედ 2018 წლის 23 ივლისს მოუგო. უზენაესის გადაწყვეტილებით, იუსტიციის სამინისტროს მეორედ დაევალა ახობაძის სამსახურში აღდგენა და მისთვის განაცდურის ანაზღაურება. 

იუსტიციის სამინისტრომ სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ 2019 წლის თებერვალში შეასრულა. იქამდე, თამაზ ახობაძემ პროტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართა, მათ შორის, შიმშილობას.

კომენტარები