სოციალური მუშაკების პროტესტი

სერგეენკო: გაფიცვით სოციალური მუშაკების დიდმა ნაწილმა თავისი არჩევანი გააკეთა

ტაბულა

ჯანდაცვის და სოციალური დაცვის მინისტრის თქმით, გაფიცვით სოციალური მუშაკების დიდმა ნაწილმა თავისი არჩევანი გააკეთა, სამინისტრო კი თავის არჩევანს აკეთებს და იძლევა გარანტიას, რომ სოციალური პროგრამების არც ერთი ნაწილი არ შეფერხდება და არ შეწყდება.

"ამ სამუშაოს უკვე ასრულებენ ჯანდაცვის სამინისტროს სხვა თანამშრომლები. სოციალური მუშაკების დიდმა ნაწილმა ამ გაფიცვით თავისი არჩევანი გააკეთა. ჩვენ მათ შევთავაზეთ რეალური სამოქმედო გეგმა, როგორ უნდა მოგვარდეს ის პრობლემები, რომელიც მათ აქვთ. ეს უკვე მათი გადასაწყვეტია. არჩევანი გაკეთებულია, ჩვენ ჩვენი არჩევანი გავაკეთეთ. ვართ იმის გარანტი, რომ სოციალური პროგრამების არც ერთი ნაწილი არ შეფერხდება და არ შეწყდება", - თქვა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან. 

სოციალური მუშაკები მინისტრის და სამინისტროს ამ პოზიციას შემაშფოთებელს უწოდებენ და ამბობენ, რომ შეუძლებელია, ჯანდაცვის სამინისტროს სხვა თანამშრომლებმა სოციალური მუშაკების ფუნქციები შეასრულონ. 

სოციალურმა მუშაკებმა პროტესტის უკიდურეს ზომას მას შემდეგ მიმართეს, რაც რამდენიმეკვირიანი მცდელობის მიუხედავად, სოციალური დაცვის სამინისტროსთან მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. სოც. მუშაკების თქმით, მათი 20-ზე მეტი მოთხოვნიდან უწყება მხოლოდ ერთის შესრულებაზე დათანხმდა, ისიც ნაწილობრივ, რაც მათთვის მიუღებელია. 

სოციალური მუშაკები ამბობენ, რომ მათთვის გასაგებია, რომ ყველა მოთხოვნა ერთბაშად ვერ მოგვარდება, ამიტომ შეარჩიეს 6 პუნქტი, რომელიც დაუყოვნებლივ გადაჭრას მოითხოვს, სხვა პუნქტებზე კი მთავრობისგან მზაობას და მოგვარებისთვის შემხვედრ ნაბიჯებს ითხოვენ. 

გლდანი-ნაძალადევის სერვის-ცენტრის ყოფილი სოციალური მუშაკი, აქტივისტი სოფო ხვთისიაშვილი ამ 6 პუნქტს განმარტავს: 

  • ყველა სერვის-ცენტრს დაემატოს ფსიქოლოგი და იურისტი, რათა ძალადობა განცდილ ბავშვს ფსიქოლოგის რიგში 1 წლით დგომა არ მოუწიოს. 
  • დაემატოს ტრანსპორტი, იმიტომ რომ სოციალური მუშაკები თავიანთი ჯიბიდან არ უნდა იხდიდნენ ტრანსპორტირების ფულს ან არ უწევდეთ 10 კილომეტრის ფეხით გავლა, მით უმეტეს, როცა გადაუდებელი შემთხვევაა. 
  • ისეთი საქმეების ჩამოშორება, რომელიც სოციალური მუშაკის პროფესიულ ვალდებულებებში არ შედის - საოქმო გადაწყვეტილებების გაკეთება, ვაუჩერების ბეჭდვა, ტექნიკური საქმე. 
  • ასევე, საპროცესო წარმომადგენლობის ჩამოშორება, რაც გულისხმობს იმას, რომ მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო კი არ იტყვის უარს, რომ არასრულწლოვნის საპროცესო წარმომადგენელი იყოს, არამედ ამ ადამიანებს, რომლებსაც მიმდინარე 100 და მეტი საქმე აქვთ, არ მოუწიოთ 10 საათი პოლიციის განყოფილებაში ჯდომა. 
  • კადრების დამატება - დღეს სააგენტო საუბრობს, რომ გამოცხადებული გვაქვს ვაკანსია და ემატება 50 კადრი. ეს არ არის საკმარისი - თითო სერვის-ცენტრზე 1 ადამიანის დამატება მდგომარეობას არ შეამსუბუქებს. 
  • ხელფასების გათანაბრება საჯარო სამსახურის სხვა უწყებების თანამშრომლებთან - სოციალურ მუშაკებს  680 ლარი აქვთ ხელფასი, თუმცა, სხვა უწყებებს ბევრად მეტი აქვთ. 

სოციალური მუშაკების მოთხოვნებსა და სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე ვრცლად წაიკითხეთ აქ

კომენტარები