ქართველების დეპორტაცია რუსეთიდან

ECHR-მა 2006 წელს დეპორტირებულთა საქმეზე რუსეთს 19 მოქალაქისთვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა

რადიო თავისუფლება

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს 2006 წლის დეპორტაციის საქმეზე საქართველოს 19 მოქალაქისთვის კომპენსაციების გადახდა დააკისრა. 

სასამართლომ 2006 წელს რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების ინდივიდუალური სარჩელი დააკმაყოფილა - გადაწყვეტილება საქმეზე "ბერძენიშვილი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ" დღეს, 26 მარტს გამოქვეყნდა. გადაწყვეტილება 8 მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ მიიღო. 

გადაწყვეტილებაში წერია, რომ რუსეთმა საქართველოს 19 მოქალაქის წინააღმდეგ ერთი ან რამდენიმე მუხლი დაარღვია. 

რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებს 2 000-დან 15 000 ევრომდე უნდა გადაუხადოს. 

2016 წლის დეკემბერში კი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთში, 2006 წლის შემოდგომაზე, მოსარჩელე ქართველები დაუქვემდებარეს დაკავების, დაპატიმრებისა და ქვეყნიდან გაძევების პრაქტიკას, რითაც დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლი.

რუსეთიდან დეპორტირებული ქართველების საქმეზე ევროსასამართლომ გადაწყვეტილება 2019 წლის 31 იანვარსაც გამოიტანა და რუსეთის ფედერაციას საქართველოსთვის 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა, რომელიც 1500 დაზარალებულზე უნდა გადანაწილდეს. 

კომენტარები