რუსული ოკუპაცია

სუს: რუსეთისგან იყო ოკუპირებული ტერიტორიების ფარული ოპერაციისთვის გამოყენების მცდელობები

გურამ როგავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ განთავსებული რუსული სამხედრო ძალების მხრიდან სხვა არაკანონიერი ქმედებების გარდა, იყო ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიების ფარული ოპერაციების ჩასატარებლად გამოყენების მცდელობები.

"აღნიშნული რეგიონებიდან მომდინარეობდა პროვოკაციული და დესტრუქციული ხასიათის ქმედებების ინსპირირებისა და დესტაბილიზაციის კერების შექმნის საფრთხე", - წერია სუს-ის ანგარიშში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ასევე ამბობს, რომ გასულ წელს გამოიკვეთა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების გარკვეული ქმედებები საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლის მიმართულებით.

"უცხო ქვეყნებზე ორიენტირებული პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფების გამოყენებით მიმდინარეობდა სამოქალაქო საზოგადოებას, ხელისუფლებასა და პოლიტიკურ სპექტრს შორის ნდობისა და ურთიერთთანამშრომლობის შემცირების პროცესის ხელშეწყობა. მუდმივი დაპირისპირების პროვოცირების მცდელობის ფონზე საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებით ხდებოდა ჯანსაღი გეოპოლიტიკური ხედვის მიმართ ნეგატიური განწყობების შექმნა", - აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტის მიხედვითვე, 2018 წელს ასევე გამოიკვეთა საქართველოში არსებული ეკონომიკური ბერკეტების საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების საფრთხე.ანგარიშში აღნიშნულია, რომ უცხო ქვეყნების კომერციული ორგანიზაციები ცდილობდნენ, მათ ხელთ არსებული ეკონომიკური შესაძლებლობები ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური ვითარებით მანიპულირებისთვის გამოეყენებინათ.

სუს-ის 2018 წლის ანგარიშის კონტრდაზვერვის ნაწილის შესახებ ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები