ვენეციის კომისია

ოხანაშვილი: ვენეციის კომისიას ვთხოვეთ, 19 აპრილამდე წარმოადგინონ თავიანთი მოსაზრება

საპარლამენტო უმრავლესობა ვენეციის კომისიის დასკვნას, მოსამართლეთა კანონპროექტის შესახებ, 19 აპრილს ელოდება. ამის შესახებ დღეს კომისიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ისაუბრა. ოხანაშვილის თქმით, მეორე მოსმენის თარიღად დასახელებულია 19 აპრილი. „ამ თარიღით ვხელმძღვანელობთ. იმედი გვაქვს, ამ დრომდე მოესწრება კომისიის მხრიდან მათი მოსაზრებების წარმოდგენა."

ოხანაშვილი ამბობს, რომ ვენეციის კომისიას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ უმრავლესობის მიერ შემუშავებული კანონპროექტი დეტალურად გააცნეს და იმ ძირითად პრინციპებზე ისაუბრეს, რომელსაც კანონპროექტი ეფუძნება.

„ვისაუბრეთ იმ პრობლემატურ საკითხებზე, რაც შექმნილია უზენაეს სასამართლოში, სასამართლოს გადატვირთულობის თვალსაზრისით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა, როდესაც ასეულობით საქმეა და მათი განხილვა ყოვნდება იმის გამო, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა აუცილებელი რაოდენობა არ გვყავს. დავსვით საკითხი, რომ ეს არის სერიოზული გამოწვევა და ამისთვის აუცილებელია დროული რეაგირება, ამიტომ ჩვენ ვენეციის კომისიას ვთხოვეთ, რომ მეორე მოსმენამდე წარმოადგინონ თავიანთი მოსაზრება, რათა ვიმსჯელოთ ამ მოსაზრებებზე, გავითვალისწინოთ და კანონი მივიღოთ“, – თქვა ანრი ოხანაშვილმა.

ვენეციის კომისიის დელეგაცია საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, კომისიის წევრები შეხვედრებს საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სახალხო დამცველთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთა გამართავენ. შეხვდებიან პარლამენტში შემავალი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს.

მოსამართლეთა შესახებ უმრავლესობის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე დაუჭირა მხარი. 

კომენტარები