NATO-საქართველო

ერთობლივი წვრთნების ჩასატარებლად საქართველოში NATO-ს ხომალდები შემოვიდნენ

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში NATO-ს ხომალდები შემოვიდნენ. NATO-ს მუდმივმოქმედ მეორე საზღვაო შენაერთს (SNMG2) ფოთის პორტში სასაზღვრო პოლიციის უფროსი, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, პოლონეთის ელჩი საქართველოში, ადგილობრივი თვითმმართველობისა და NATO-ს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლები დახვდნენ.

მეორე საზღვაო შენაერთის შემადგენლობაში შედის: საფლაგმანო ხომალდი HNLMS Evertsen (ნიდერლანდების სამეფო), TCG Yildirim (თურქეთის რესპუბლიკა), BGS DRAZKI (ბულგარეთი) და ROS Regele Ferdinand (რუმინეთი). NATO-ს მუდმივმოქმედ მეორე საზღვაო შენაერთს კომოდორი ბაუდევაინ ბუთსი ხელმძღვანელობს.

შსს-ს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, კომოდორი საქართველოს სანაპირო დაცვის ხელმძღვანელს შეხვდება. ასევე, გაიმართება სამუშაო შეხვედრები, კულტურული და სპორტული ღონისძიებები.



ფოტო: შსს



NATO-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ხომალდები და საქართველოს სანაპირო დაცვის ორი ხომალდი - "დიოსკურია" და "ოჩამჩირე“ ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ. სწავლების მიზანია საქართველოს და NATO-ს საზღვაო ძალების ურთიერთქმედებისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლება.

"ნატოს ხომალდების საპორტო ვიზიტი საქართველოში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხარდაჭერის ნათელი მაგალითია" - აცხადებს შსს.

NATO-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) ხომალდები 
საქართველოს ტერიტორიულ წყლებს 4 აპრილს დატოვებენ.

კომენტარები