თურქეთის არჩევნები 2019

თურქეთის არჩევნების შედეგები, მისი მიზეზები და გავლენა - ინტერვიუ ზურაბ ბატიაშვილთან

0 კომენტარი

31 მარტს თურქეთში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები ჩატარდა. 5 დიდ ქალაქში, მათ შორის, დედაქალაქ ანკარაში არჩევნები ოპოზიციური პარტიის კანდიდატებმა მოიგეს. მთელი ქვეყნის მასშტაბით რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტიამ 44.34% მიიღო, ხოლო ოპოზიციურმა "თურქეთის სახალხო რესპუბლიკის" პარტიამ  - 30.12%.

რამ განაპირობა ასეთი შედეგები? რას ნიშნავს ეს ერდოღანისთვის? რა გავლენა აქვს აქვს ამას რეგიონზე? - არჩევნების შედეგების და მისი გავლენის შესაფასებლად ტაბულა ზურაბ ბატიაშვილს - რონდელის ფონდის მკვლევარსა და პროფესორს დაუკავშირდა. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს:

რამ განაპირობა ერდოღანის პარტიის მარცხი თურქეთის დიდ ქალაქებში, მათ შორის დედაქალაქში?

ზ.ბ. : საქმე იმაშია, რომ თურქეთში ბოლოს დროს საგრძნობლად გაუარესდა ეკონომიკური მდგომარეობა: 20%-მდე გაიზარდა ინფლაცია, უმუშევრობის დონემ 13,5%-მდე აიწია, განსაკუთრებით მაღალია უმუშევრობის დონე ახალგაზრდებში, მოხდა თურქული ლირის დევალვაცია, გაიზარდა ფასები და ა.შ. ამ ყველაფერმა უარყოფითად იმოქმედა უპირველეს ყოვლისა დიდი ქალაქების მოსახლეობის განწყობებზე, რისი შედეგიც ვნახეთ 31 მარტის საღამოს, როდესაც დაიდო თურქეთის ადგილობრივი არჩევნების პირველადი შედეგები.

მართალია, 17 მილიონიან სტამბოლში მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობაში არ არის დიდი სხვაობა - ის სულ რაღაც 23 000 ხმაა, რაც 0,27%-ს შეადგენს, მაგრამ სტამბოლს განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვა გააჩნია, რადგან თურქული პოლიტიკის დაუწერელი კანონის მიხედვით, ვინც აკონტროლებს ამ ქალაქს, ის აკონტროლებს მთელ ქვეყანასაც. თავის დროზე, თავად პრეზიდენტმა ერდოღანმა საკუთარი პოლიტიკური კარიერაც სწორედ სტამბოლის მერობიდან დაიწყო.

თუმცა, მთელი ქვეყნის მასშტაბით მმართველმა "სამართლიანობისა და აღორძინების პარტიამ" მასთან ალიანსში მყოფ "ნაციონალისტური მოძრაობის პარტიასთან" ერთად ჯამში 51,6% მიიღო, რითაც გაიმარჯვა თურქეთის ქალაქების უმეტეს ნაწილში. ეს მაჩვენებელი ძალიან ახლოსაა გასული წლის 24 ივნისს თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებისას პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ მიღებული ხმების რაოდენობასთან (მაშინ ერდოღანმა მიიღო ხმების 52,6%).

ზოგადად, თურქეთის 31 მარტის ადგილობრივი არჩევნები არ იყო რიგითი არჩევნები. წინასაარჩევნო კამპანია ძალზედ პოლარიზებულ გარემოში მიმდინარეობდა, რადგან მხარეები მას მიიჩნევდნენ ერთგვარ ნდობის ვოტუმის თემას პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და მისი პარტიის 17 წლიანი მმართველობის მიმართ.

 

რამდენად გარდამტეხია ეს მოვლენა თურქეთისათვის და ნიშნავს თუ არა ერდოღანის მმართველობის დასასრულისაკენ სვლას?

ზ.ბ. : თურქეთი დიდი ქვეყანაა და იქ მიმდინარე ნებისმიერი პოლიტიკური მოვლენა მნიშვნელოვანია. ცხადია, რომ თურქეთის დიდმა ქალაქებმა გამოთქვეს თავიანთი უკმაყოფილება შექმნილი სიტუაციის მიმართ. თუმცა, არჩევნების ეს შედეგები არ ნიშნავს, რომ ავტომატურად ცვლილებები მოხდება უფრო მაღალ დონეზე. თურქეთში სულ რაღაც 9 თვის წინ ჩატარდა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. თუ რამე არაორდინალური არ მოხდა, შემდგომი არჩევნები წესით 4 წლის შემდეგ უნდა ჩატარდეს.

ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად შეძლებს თურქეთის ხელისუფლება გაუმკლავდეს ეკონომიკური სახის პრობლემებს. ეკონომიკური სიტუაციის გამოსწორების მიზნით თურქეთს მოუწევს სერიოზული რეფორმების გატარება, რადგან ამ არჩევნებმაც აჩვენა, რომ გეზის მიმცემი მომავალი პოლიტიკური პროცესებისადმი ეკონომიკა იქნება. მთავარი თემაა, რამდენად შეძლებენ იმ რეფორმების სწორად განსაზღვრას და შემდეგში ცხოვრებაში გატარებას, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკის გასაჯანსაღებლად.

 

რა გავლენა ექნება ამას თურქულ ეკონომიკაზე?

ზ.ბ. : როგორც ზევითაც ვთქვით, ამ არჩევნების შედეგებზე მთავარი გავლენა სწორედ ეკონომიკურმა სიტუაციას ჰქონდა. ეს იყო მკაფიო მესიჯი მოსახლეობისგან, რომ ისინი ელიან ეკონომიკური სახის პრობლემების მოგვარებას.

იქიდან გამომდინარე, რომ უახლოეს ხანში თურქეთში არ იგეგმება არჩევნების ჩატარება, ხელისუფლებას ეძლევა უფრო მეტი თავისუფლება აქტიური და ეფექტიანი რეფორმების გასატარებლად. ეს რეფორმები, როგორც ყველგან, საწყის ეტაპზე შესაძლოა აქაც მტკივნეული იყოს მოსახლეობის ერთი ნაწილისათვის, მაგრამ ეს რეფორმები აუცილებლად გასატარებელია გრძევლადიანად სიტუაციის გამოსწორების მიზნით.

 

რა გავლენა აქვს ამ პროცესებს საქართველოსა და ჩვენს რეგიონზე?

ზ.ბ. : გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოსთვის თურქეთი ნომერი პირველი სავაჭრო პარტნიორია, ასევე ათეულ ათასობით საქართველოს მოქალაქე მუშაობს ამ ქვეყანაში, იქ მიმდინარე პროცესები აისახება საქართველოზე და მთლიანად კავკასიის რეგიონზეც.

ყველას გვახსოვს, რომ წინა წლის აგვისტოს თვეში თურქული ლირის დევალვაცია უარყოფითად აისახა ქართულ ლარზეც, რასაც მარტივი ახსნა აქვს - იქ მომუშავე საქართველოს მოქალაქეები ხელფასს ლირებში იღებენ, მისი დევალვაციის შედეგად კი მათ ნაკლები უცხოური ვალუტის შეძენა და საქართველოში გამოგზავნა შეძლეს, რამაც საქართველოში ლარის გაუფასურება გამოიწვია.

თუ თურქეთმა ვერ შეძლო ეკონომიკური სირთულეების მოგვარება, ეს ყველა მიზეზგარეშე უაროფითად აისახება საქართველოს ეკონომიკაზეც.

პოლიტიკური თვალსაზრისით ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროდასავლური და დემოკრატიული თურქეთის მეზობლობა, რადგან უშუალო სამეზობლოში მხოლოდ თურქეთია ნატოს წევრი ქვეყანა და მის სტაბილურობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება მომავალში საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესში.

თუ ჰიპოტეთურად დავუშვებთ, რომ როდესღაც თურქეთი არ იქნება ნატოს წევრი, ეს ძალიან გაართულებს ჩვენს სიტუაციას, რადგან ბრიუსელში, როგორც წესი, არ უყვართ კონტექსტიდან ამოგლეჯილად ქვეყნების განხილვა და მსგავს საკითხებს რეგიონულ ჭრილში განიხილავენ.

 

რა მოლოდინებს აჩენს ამ არჩევნების შედეგი 2023 წელს დაგემილ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით?

ზ.ბ. : 2023 წლამდე დიდი დროა დარჩენილი და ძნელია გადაჭრით იმაზე საუბარი, თუ როგორ აისახება ეს არჩევნები 4 წლის შემდგომ დაგეგმილ არჩევნებზე. ტენდენცია ისეთია, რომ ქვეყნის ურბანული ნაწილი გამოთქვამს გარკვეული ცვლილებების სურვილს. რამდენად შეძლებს თურქეთის დღევანდელი ხელისუფლება უპასუხოს ამ მოთხოვნებს, დიდწილად განსაზღვრავს კიდეც შემდგომი არჩევნების ბედსაც.

 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნინი გოგიჩაიშვილი

კომენტარები