საბანკო რეგულაციები

პრემიერი რეგულაციებზე: მცირე კორექტირება შეიძლება იყოს, მაგრამ სულისკვეთება არ შეიცვლება

facebook.com/pg/bakhtadzemamuka

"თუ სტატისტიკამ დაადასტურა, რომ მცირედი კორექტირებები არის შესატანი, ბუნებრივია, მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ სულისკვეთება და ვექტორი არ შეიცვლება" - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ საბანკო რეგულაციების შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. ბახტაძეს ჰკითხეს, თუ ჰქონდათ გათვლილი ის, რომ საბანკო განვადებების შეზღუდვის შემდეგ, ტექნიკის მაღაზიები და სამშენებლო კომპანიები შიდა განვადებებს შემოიღებდნენ.

"ბუნებრივია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემაზე, იქ თითოეული რისკი იყო გაანალიზებული, მე მესმის, რომ ბიზნესი პროაქტიურია, ამას მხოლოდ მივესალმები, ბიზნესი არ ითმენს და ასევე არ ითმენს ის, რომ საქართველოს აქვს უნიკალური შედეგები მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების თვალსაზრისით. საქართველო სიღარიბეს დაძლევს მხოლოდ იმ შეთხვევაში თუ შევძლებთ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას იმ ტემპებით, რა ტემპებითაც ვახორციელებთ, საქართველოს ისტორიაში პირველად შარშან იყო, როცა მესამე კვარტალში გვქონდა პროფიციტი. 

სამშენებლო სექტორს აქვს ძალიან დიდი წვლილი ჩვენს მშპ-ში და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ სექტორს ჰქონდეს განვითარების ძალიან ძლიერი საფუძვლები და არ გვქონდეს ისეთი რეგულაციები, რომელიც ხარვეზებს გამოიწვევს. 

მე მივესალმები, რომ რამდენიმე ბანკმა მიიღი გადაწყვეტილება და ლარში მნიშვნელოვნად შეამცირა ეფექტური საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზე. ეს არის სწორი გზა, რომელიც არ შექმნის რისკებს" - თქვა პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

რაც შეეხება ტექნიკის მაღაზიების შიდა განვადებებს, მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ მან არ იცის, ეწინააღმდეგება თუ არა ეს კანონმდებლობას.

"მივესალმები ყველაფერს, რაც მოქცელია საკანონმდებლო ჩარჩოში და იზიარებს სულსიკვეთებას, რომ არსებობდეს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა. წინასწარ გაკოტრებისთვის განწირული სესხები არ უნდა გაიცემოდეს, ამან სადამდე მიგვიყვანა, ვნახეთ, 600 000-მდე მოქალაქე იყო შავ სიაში, ეს საქართველოში აღარ დაბრუნდება" - განაცხადა პრემიერმა.

2019 წლის იანვრიდან, ახალი საბანკო რეგულაციების ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველოს სასესხო ბაზარი მნიშვნელოვნად გარდაიქმნა. ახალი რეგულაციების მიხედვით, ბანკებს ევალებათ მსესხებლის გადახდისუნარიანობის უფრო მკაცრად შემოწმება, ვიდრე მანამდე. თითოეულ მოქალაქეს მისი ყოველთვიური ხელფასის მიხედვით დაწესებული აქვს მაქსიმალური ლიმიტი თუ რა მოცულობის სესხი შეიძლება აიღოს მან. 

1) თვეში 1000 ლარამდე შემოსავლის პირობებში, სესხის გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს 35%-ს, ანუ 350 ლარს.

2) თვეში 1000-2000 ლარამდე - 45%-ს, 900 ლარს

3) თვეში 2000-4000 ლარამდე - 55%-ს, 2200 ლარს

4) თვეში 4000 ლარზე მეტი, მოქალაქეს შეუძლია აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც, 60%-ია. 

საფინანსო ორგანიზაციას ასევე არ შეუძლია გასცეს ისეთი სესხი, რომლის ყოველთვიური გადასახადის გადახდის შემდეგ, მოქალაქეს შემოსავლიდან საარსებო მინიმუმზე ნაკლები რჩება. 

სესხების გაცემაზე რეგულაციებმა ბიზნესი მნიშვნელოვნად დააზარალა. წაიკითხეთ ვრცლად.

კომენტარები