საქართველოს საპატრიარქო

მეუფე დანიელი: წილთხვდომილობა უპირობო გადარჩენას არ ნიშნავს, ეს განვითარების საშუალებაა

პალიტრა

ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე დანიელის თქმით, "ღვთისმშობლის წილთხვდომილობა ჩვენი უპირობო და უეჭველი გადარჩენის უზრუნველყოფა არ არის, ეს არის საშუალება იმისა, რომ ერმა შეინარჩუნოს თავისი დამოუკიდებლობა, თავისი ეროვნული თვითმყოფადობა და განვითარდეს". 

მეუფე დანიელი ღვთისმშობლილს წილთხვდომილობის დღედ 12 მაისის გამოცხადებას საპატრიარქოს სახელით გამოეხმაურა და თქვა, რომ გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა 27 დეკემბრის სხდომაზე მიიღო

"ღვთისმშობლის წილხვდომილობა არ არის უზრუნველყოფა ჩვენი უპირობო და უეჭველი გადარჩენისა, ეს არის საშუალება იმისა, რომ ერმა შეინარჩუნოს თავისი დამოუკიდებლობა, თავისი ეროვნული თვითმყოფადობა და განვითარდეს. სწორედ ამას ემსახურება ამ დღესასწაულის დაწესება, რომ ქართველმა ერმა ზუსტად გააცნობიეროს თუ რას ნიშნავს ღვთისმშობლის წილხვდომილობა, რომ ეს არის უპირველესად არა პრივილეგია, არამედ პასუხისმგებლობა და მხოლოდ ამ შემთხვევაში, როდესაც ერი გააცნობიერებს ამ პასუხისმგებლობას, ქვეყანა დასძლევს ყველა იმ ხილულ თუ უხილავ წინააღმდეგობას, რომელიც მის გზაზე წარმოიქმნება. სწორედ დღეს, როდესაც ჩვენ გამოვიარეთ უმძიმესი პერიოდი ათეისტური ძალადობისა, დღეს ჩვენს ერს სჭირდება თავისი სულიერი და ეროვნული ფასეულობების გაცნობიერება და არა მარტო გაცნობიერება, არამედ მასზე დაფუძნებული ცხოვრების წესის აღდგენა, ხოლო ეს შეიძლება მოხდეს ღვთისმშობლის შეწევნით, რამეთუ სწორედ მისი წყალობით ჩამოყალიბდა ჩვენს ქვეყანაში სულიერი და ეროვნული ფასეულობები, რომელმაც გადაარჩინა და დღემდე მოიყვანა ჩვენი ქვეყანა. ჩვენ გამოვთქვამთ დიდ იმედს, რომ ეს დღესასწაული შეასრულებს დიდ მისიას ქართველი ერის სულიერი გაჯანსაღების საქმეში, სამოქალაქო მშვიდობის და კონსოლიდაციის საქმეში და მისი შემდგომი აღორძინებისა და სახელმწიფოებრივი განვითარების საქმეში. ვევედროთ უფალს და ყოვლად წმინდა ღვთისმშობელს, რომ ჩვენმა ერმა შეძლოს თავისი სულიერი და ეროვნული ფასეულობების გარშემო გაერთიანებით წინსვლა, წარმატება და განვითარება, ამინ", - თქვა მეუფე დანიელმა.

საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ 4 აპრილს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე თქვა, რომ ~პარლამენტს მიმართავს ინიციატივით, 12 მაისი ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ დადგინდეს. 

კომენტარები