უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები 2019

ზელენსკი ამბობს, რომ დებატები 19 აპრილს შედგება, პოროშენკო კი თარიღად 14 აპრილს ასახელებს

0 კომენტარი
ფოტო: Главред

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის გამარჯვებულმა, ვოლდიმირ ზელენსკიმ, კიდევ ერთი ვიდეო მიმართვა ჩაწერა, სადაც ამბობს, რომ დებატები მასსა და მოქმედ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შორის სტადიონზე 19 აპრილს ჩატარდება. 

"19 აპრილს სტადიონ "ოლიმპისკზე" ჩემი და პოროშენკოს დებატები ჩატარდება. მე შევძლებ, რომ მას ნებისმიერი კითხვა დავუსვა,"- ამბობს ზელენსკი ვიდეო მიმართვაში. 

ზელენსკიმ ამომრჩეველს მოუწოდა, კომენტარებში დაუწერონ ის კითხვები, რომელზე პასუხებიც აინტერესებთ პოროშენკოსგან. 

ერთი დღით ადრე პოროშენკომ ტელეარხ "უკრაინის" ეთერში თქვა, რომ ზელენსკის სტადიონზე 14 აპრილს დაელოდება

"თუკი მან ეს აირჩია და სხვა ყველა ადგილას დებატების ჩატარებაზე უარს ამბობს, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ 14 აპრილს, მომდევნო კვირა დღეს, რესპუბლიკურ სტადიონზე, ზუსტად იქ, სადაც ბატონმა ზელენსკიმ მოითხოვა, დაველოდები მას დებატების ჩატარებისთვის. მე ვფიქრობ, რომ 19:00 ან 20:00 ოპტიმალური დრო იქნება. ვიწვევ ასევე მაყურებლებსაც, როგორც ბატონ ზელენსკის სურდა, ვიწვევ ყველა არხს იმისთვის, რომ დებატები ზუსტად ისე ჩატარდეს, როგორც ვოლოდიმირ ზელენსკის სურდა,"- თქვა პოროშენკომ. 

სტადიონ "ოლიმპიკზე" დებატების ჩატარების ინიციატორი ზელენსკი იყო. ამ იდეით ის 4 აპრილს გამოვიდა და მოქმედ პრეზიდენტს მოსაფიქრებლად 24 საათი მისცა. 

უკრაინის საარჩევნო კომისიამ კანდიდატებს შესთავაზა დამოუკიდებლად გადაიხადონ ღონისძიების საფასური, რადგანაც ის წინასაარჩევნო აგიტაციად შეიძლება, ჩაითვალოს. თუკი დებატები საზოგადოებრივი მაუწყებლის არხზე ჩატარდებოდა, კანონის მიხედვით, ის 19 აპრილს გაიმართებოდა. 

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 31 მარტს ჩატარდა. ცესკოს მონაცემებით, არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ვოლოდიმირ ზელენსკი და პეტრო პოროშენკო დაუპირისპირდებიან.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უკრაინაში 21 აპრილს ჩატარდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თავისუფლების ინსტიტუტის დოკუმენტური ფილმი "გავრილოვის ღამე", ნაწილი II - "დარბევა"

კომენტარები