9 აპრილი

"ჩემი შვილი არ ახსენეს" - 9 აპრილს დაღუპული თამარ ჭოველიძის მამამ პრეზიდენტის მიღება დატოვა

სალომე ზურაბიშვილი

9 აპრილს დაღუპული 16 წლის თამარ ჭოველიძის მამამ, არკადი ჭოველიძემ ავლაბრის სახელმწიფო ცერემონიების სასახლე პროტესტის ნიშნად დატოვა.

მისი თქმით სალომე ზურაბიშვილს 9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპულთა ჩამოთვლისას მისი შვილი არ უხსენებია:

"ჩემი შვილი არ ახსენეს საერთოდ...ჯერ ერთი, დაგვიძახეს, სკამი არ იყო, რომ დავმჯდარიყავი. პუტჩისტები ჰყავდათ დამჯდარი იქ. მეორე კიდევ, ჩემი შვილი თუ არ იყო რაზე დამიძახეს მე, ვინ ვარ? მე არავინ არ ვარ. მე არც 9 აპრილს ვყოფილვარ, აქ არ ვიყავი საერთოდ და საერთოდ არავინ არ ვარ და ჩემი შვილი საერთოდ არ ახსენა." თქვა მან სასახლის დატოვებისას რუსთავი 2-თან.

სალომე ზურაბიშვილს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია. მან კომენტარი არც 9 აპრილის მემორიალთან მისვლის შემდეგ გააკეთა. ის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წლისთავს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

"9 აპრილის ტრაგედიამ თავისუფლება და დამოუკიდებლობა გვაპოვნინა. ერთდროულად გლოვის და სიხარულის დღეა. უსამართლობაზე, ძალადობაზე ერის და ეროვნული სულის გამარჯვების დღეა! #მადლობათავისუფლებისთვის" - დაწერა მან.

"დღევანდელი საქართველო მათ მონაპოვარზე დგას. არ შეიძლება, არ ახსოვდეს საზოგადოებას, არ შეიძლება, არ იცოდეს ახალგაზრდობამ იმ ადამიანების თავგანწირვის შესახებ, რომლებმაც მოგვიტანეს თავისუფლება. არ შეიძლება, საზოგადოება არ გამოხატავდეს პატივისცემას პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მიმართ, რომელიც იდგა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სათავეში. არ შეიძლება, საზოგადოება არ გამოხატავდეს პატივისცემას  აქ შეკრებილი უზენაესი საბჭოს წევრების მიმართ, რომლებსაც წვლილი მიუძღვით 28 წლის წინ დამოუკიდებლობის გამოცხადებაში." თქვა სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახის წევრებისა და საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერებისათვის გამართულ მიღებაზე.

განმარტება გააკეთა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ. მისი თქმით ეს ტექნიკური შეცდომა იყო, თამარ ჭოველიძის სახელი სიაში არ იყო გამორჩენილი და, როგორც ჩანს, პრეზიდენტი ტექსტის წაკითხვის დროს ერთი ხაზიდან მეორეზე გადავიდა. ჟვანიას თქმით, შესაძლოა სწორედ ამიტომ წაიკითხა პრეზიდენტის პრესსპიკერმა გვარები ხელმეორედ.

კომენტარები