ვანო ზარდიაშვილი

ზარდიაშვილი: არასდროს მინახავს რამიშვილი "ოცნებაში" შეხვედრაზე ან პიარის დაგეგმვის პროცესში

ტაბულა

საქართველოს პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან", ვანო ზარდიაშვილი ამბობს, რომ არასდროს უნახავს შალვა რამიშვილი "ქართულ ოცნებაში", პიარის დაგეგმვის პროცესში. 

ტაბულამ დეპუტატს ჰკითხა, რა აზრისაა იმაზე, რომ გამოძალვაში ნასამართლევი და სექსუალური შევიწროებაში მხილებული პირი მონაწილეობს იმ პარტიის პიარში, რომლის წევრიც თვითონაა. საქმე იმაშია, რომ ბიძინა ივანიშვილის თქმით, მის წინააღმდეგ რუსთავი 2-ის "სცენარებს" შალვა რამიშვილი და მისი POSTV სცემენ პასუხს, თუმცა გაცილებით ცოტა შედეგს იღებენ.

ვანო ზარდიაშვილის თქმით, პარტიის პიარს აბსოლუტურად სხვა ადამიანი წარმოადგენს. მან ტაბულას ჟურნალისტს ჰკითხა, იცის თუ არა ვინ არის პარლამენტის ან "ქართული ოცნების" პიარი. დეპუტატის განმარტებით, ამ კითხვის მიზანია, პასუხებში გვანახოს, რომ კითხვა არის აბსურდული.

"მე ვიცი, რომ ამ ადამიანს ჰქონდა სასამართლოში დავა და მან წააგო ორი პროცესი მომჩივან ადამიანთან. რას ჰქვია რა მოსაზრება მაქვს? პარლამენტის პიარს ხელმძღვანელობს აბსოლუტურად სხვა ადამიანი, პარტიის პიარს ხელმძღვანელობს აბსოლუტურად სხვა ადამიანი. მე შალვა რამიშვილი არ მინახავს არასდროს ქართული ოცნების შეხვედრაზე, არ მინახავს პიარის დაგეგმვის პროცესში. შეიძლება მე არ ვიყავი ჩართული და არ ვიცი. მე ვიცი ის, რომ პიარს პარლამენტში ახორციელებს სხვა ადამიანი, პარტიაში სხვა ადამიანი", - უთხრა ზარდიაშვილმა ტაბულას.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 9 აპრილს ტელეკომპანია იმედის ეთერში თქვა, რომ რუსთავი 2 სცენარებს წერს და "წადი და იმართლე მერე თავი, როგორც გინდა". ივანიშვილის თქმითვე, "მერე გამოდის პატარა შალვა რამიშვილი ან ვიღაც Postv-ში, ამას გასცემს პასუხს, იქ მაყურებლების რაოდენობა გაცილებით ცოტაა და შედეგს იღებენ".

შალვა რამიშვილი წლების განმავლობაში "ქართული ოცნების" მხარდამჭერია. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ის გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის პიარს ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა. 2014 წელს მან ადმინისტრაცია დატოვა და ტელეკომპანია იმედზე გადაცემა გააკეთა. სწორედ ამ გადაცემის თანამშრომელი იყო თათია სამხარაძე, რომელმაც რამიშვილს სექსუალური შევიწროებისთვის უჩივლა და დავა ყველა ინსტანციაში მოუგო. რამიშვილთან კონტრაქტი გაწყვიტა "იმედმა", რის შემდეგაც, მალევე, მან ინტერნეტ ტელევიზია POSTV გააკეთა, რომელიც პროსახელისუფლებო გამოცემაა.

აღსანიშნავია, რომ 2005 წელს შალვა რამიშვილი დეპუტატისთვის ფულის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. 4-წლიანი პატიმრობის შემდეგ, 2009 წელს მან საპატიმრო დატოვა.

კომენტარები