სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო

ICC-მ ავღანეთში კაცობრიობის წინააღმდეგ და ომის დანაშაულების გამოძიების დაწყებაზე უარი თქვა

0 კომენტარი
ფოტო: ICC

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასწარი მოსმენის მეორე პალატამ უარი თქვა ავღანეთში კაცობრიობის წინააღმდეგ და ომის დანაშაულების გამოძიების დაწყებაზე.

მოსამართლეების გადაწყვეტილების მიხედვით ამჟამად ავღანეთში არსებული სიტუაციის გამოძიება სამართლის ინტერესებს არ ემსახურება.

2003 წლის პირველი მაისის შემდეგ ავღანეთში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის გამოძიების დაწყება პროკურორმა 2017 წლის 20 ნოემბერს მოითხოვა. გამოძიება ასევე შეისწავლიდა 2002 წლის პირველი ივლისიდან მომხდარ დანაშაულებს.

მოსამართლეება მიიჩნიეს, რომ პროკურორის მიერ წარდგენილი ინფორმაცია იძლევა იმის საფუძველს, რომ ავღანეთში მომხდარი დანაშაულები სასამართლოს იურისდიქციაში შედის და მომავალში შესაძლოა განიხილოს, თუმცა აღნიშნეს დრო რომელიც გავიდა წინასწარი გამოძიებიდან, რომელიც 2006 წელს დაიწყო და პოლიტიკური ცვლილებები, რაც მას შემდეგ ავღანეთში მოხდა. ასევე ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის ნაკლებობას, რაც გამოძიების ავტორიზაციის შემთხვევაში მას შეაფერხებს და ასევე პრიორიტეტებს, რაც სასამართლოს რესურსების განაწილებისას უნდა გაითვალისწინონ.

"პალატას სჯერა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველა რელევანტური მოთხოვნა კმაყოფილდება, როგორც იურისდიქციის, ასევე მტკიცებულების დასაშვებობის, ამჟამინდელი მდგომარეობა და სიტუაცია ავღანეთში იმგვარია, რომ წარმატებული გამოძიებას და სამართლის აღსრულებას მაქსიმალურად ზღუდავს. შესაბამისად არ არის მოსალოდნელი, რომ ამ გამოძიების გაგრძელება მოიტანს იმ შედეგებს, რაც მსხვერპლების მიერ არის ჩამოთვლილი, რომლებიც გამოძიებას უჭერენ მხარს. შესაბამისად, პალატამ დაასკვნა, რომ ამ ეტაპზე ავღანეთში არსებული სიტუაციის გამოძიება არ იქნება სამართლიანობის ინტერესებში და უარი უთხრა პროკურორს გამოძიების ავტორიზაციის მოთხოვნაზე." ნათქვამია სასამართლოს ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს, ფატუ ბენსუდას, რომელიც ავღანეთში ამერიკელი სამხედროების მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებებს იძიებდა, ქვეყანაში შესასვლელი ვიზა გაუუქმა

აშშ-მ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო(ICC) არაერთხელ გააფრთხილა შეეწყვიტა აღნიშნული გამოძიება. გასულ თვეს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თქვა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ სასამართლოს პროკურორებისა და მოსამართლეების მიმართ მკაცრ სანქციებს აამოქმედებდა. მაგალითად, ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა, ანგარიშების გაყინვა და სხვა.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა თქვა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო არ არის ლეგიტიმური ორგანო და აშშ საკუთარი მოქალაქეების დასაცავად ყველაფერს გააკეთებს. 

აღნიშნულ გადაწყვეტილებას ბენსუდას ოფისი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიუხედავად ამისა, ფატუ ბენსუდა მოვალებების შესრულებას კვლავ გააგრძელებს. 

აღსანიშნავია, რომ სწორედ ფატუ ბენსუდა იძიებს 2008 წლის, საქართველო-რუსეთის აგვისტოს ომში ჩადენილ შესაძლო დანაშაულებებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები