სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი ახალქალაქში: დიდი სურვილი მაქვს, რომ გახდეთ საქართველოს სრულყოფილი მოქალაქეები

საქართველოს პრეზიდენტმა ახალქალაქში, სადაც ძირითადად ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ, გამოთქვა სურვილი მათ ქართული ენა იმ დონეზე მაინც ისწავლონ, რომ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პროცესში გამოცდის ჩაბარება შეძლონ.

სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ასევე თქვა, რომ ქართული ენა უნდა გახდეს ყველა ენა და პირადად მას აქვს პოპულარიზაციის პასუხისმგებლობა.

"მინდა ყველას მადლობა გითხრათ, ვინც აქ მობრძანდით. ვიცი, რომ ყველას არ გესმით ქართული, შეიძლება ნაწილობრივად გესმით. მნიშვნელოვანია, რომ მაინც მოხვედით და ამისთვის დიდი მადლობა.

მე ვიცი, რომ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ქართული ენა გახდეს ნამდვილად სახელმწიფო ენა, ყველასი ენა, როგორც მე ვარ ყველასი პრეზიდენტი, მე მაქვს პასუხისმგებლობა კონსტიტუციით მოწოდებული, რომ ენის გავრცელებაზე, პოპულარიზაციაზე, სწავლაზე ვიყო მე პირადად პასუხისმგებელი", - აღნიშნა სიტყვით გამოსვლის დროს პრეზიდენტმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ენა არის "მთავარი კარი" ურთიერთობების, კულტურის და სახელმწიფოს გაძლიერების.

"რატომ არის საჭირო, რომ სახელმწიფო ენა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი? იმიტომ, რომ ენა არის მთავარი კარი მე ვიტყოდი. კარი ურთიერთობების პირველ რიგში. თუ გვინდა, რომ ერთმანეთს ვესაუბროთ, გავუგოთ, პატივი ვცეთ, ეს ყველაფერი გადის ერთ ენის ცოდნაზე, რომელიც არის სახელმწიფო ენა. ასევე, ენა არის კარი კულტურის, ენა არის კარი სახელმწიფოს გაძლიერების. ამისთვის იბრძოდნენ 14 აპრილს, 78 წელს. იბრძოდნენ იმისთვის, რომ ენა, სახელმწიფო ენა ყოფილიყო დაცული და მათ რომ არ გაემარჯვებინათ, ალბათ მერე არ მოყვებოდა დამოუკიდებლობა და სახელმწიფოს აღდგენა, ეს ყველაფერი არის ერთად, ძალიან მჭიდროდ და არ შეიძლება ერთი მეორეს გარეშე", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

მან შეკრებილებს ასევე მიმართა, რომ დიდი სურვილი აქვს საქართველოს სრულყოფილი მოქალაქეები გახდნენ, ამიტომ არის შესაძლებელი ორმაგი მოქალაქეობის მიღება, მაგრამ საჭიროა ენის სწავლა იმ დონეზე მაინც, რომ შესაბამისი გამოცდა ჩააბარონ.

"მე მაქვს ძალიან დიდი სურვილი, რომ ყველა, ვინც აქ ბრძანდებით და თქვენი შვილები, გახდეთ სრულყოფილი საქართველოს მოქალაქეები. ამიტომ არის, რომ მე ძალიან ბევრი გავაკეთე იმისთვის, რომ ორმაგი მოქალაქეობა ყოფილიყო შესაძლებელი ყველასთვის და არა აკრძალული, როგორც იყო წინა კონსტიტუციით. ეს ცვლილება შემოვიდა კონსტიტუციაში და დღეს უკვე ყველას აქვს უფლება, რომ დაიბრუნოს, აღადგინოს საქართველოს მოქალაქეობა.

მაგრამ ამისთვის საჭირო არის რომ ორი მხარე იყოს და მეორე მხარემ ესე იგი თქვენც, ერთი ნაბიჯი გადადგათ, რაც ნიშნავს, რომ გინდათ მოქალაქეობა ამ ქვეყნის და ეს არის ამ ენის სწავლა იმ დონეზე მაინც, რომ ჩააბაროთ ის პატარა გამოცდა, რაც თან ახლავს სწორედ მოქალაქეობის აღდგენის პროცესს", - თქვა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა დასძინა, რომ ეს სიმბოლურია, თუმცა ამავე დროს, ძალიან ბევრს ნიშნავს.

"ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს უნდა თქვენ გახდეთ საქართველოს სრული მოქალაქეები, ყველა უფლებით და თქვენც გაქვთ ეს სურვილი. მაშინ არის სახელმწიფო ძლიერი, როცა ყველა თავისი მოქალაქეები, ყველას სურს, რომ იყოს სახელმწიფოს სრულყოფილი წევრი, გრძნობს თავს, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე. მაშინ არის და ვიქნებით და ვართ, საქართველო იქნება ძლიერი სახელმწიფო თავის ყველა მხარეში", - აღნიშნა მან.

გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ აუცილებელია ახალქალაქში ქართულენოვანი ბაგა-ბაღი აშენდეს. მან იმედი გამოთქვა, რომ მომავალ წელს ბაღი უკვე იქნება.

"მე, ჩვენ, სახელმწიფო არაფერს დავიშურებთ იმისთვის, რომ უფრო ხელმისაწვდომი იყოს სწორედ ქართული ენა. პირველ რიგში ბავშვებისთვის, სულ პატარა ბავშვებისთვის, ბაგა-ბაღიდან იწყება ენის შესწავლა იმ დონეზე, რომ მერე ყველაფერი ის ჰქონდს, ყველა პერსპექტივა, ყველა კარიერა, არაფერი ხელს არ უშლიდეს. ამიტომ მე დღეს აქიდან, ახალქალაქიდან უნდა ვთქვა ხმამაღლა - აუცილებელია, რომ ძალიან მოკლე მომავალში აქ გაიხსნას ქართულენოვანი ბაგა-ბაღი. მე ვიცი, რომ თქვენც გინდათ ესა და ჩვენც გვინდა. იმედი მაქვს, მომავალ წელს, როცა აქ ჩამოვალ, ეს აღარ იქნება სურვილი და იქნება უკვე განხორციელებული", - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები